საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 05.06.2025
საქმის ნომერი
2კ-1340აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100123008261492

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1340აპ-24 ქ. თბილისი

ს. კ.1340აპ-24 5 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. ს–ს, – პირადი ნომერი – ...., – ბრალად ედებოდა:

1.1. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი);

1.1.1. კ. ს–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 20 სექტემბერს დღის პირველ ნახევარში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, თავისი სახლის ეზოში კ. ს–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალი მეუღლის დაუკითხავად მეზობელთან არ უნდა გასულიყო, მარჯვენა მუშტის თავის არეში ორჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ა. ს–ას – მიმართ. კ. ს–ის ქმედებით ა. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი);

1.2.1. კ. ს–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 10 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, თავისი სახლის ეზოში კ. ს–მა, ალკოჰოლური სასმელის საყიდლად ფულის მიცემაზე უარის მიღების გამო, თმით თრევისა და ორივე ხელის მუშტის თავის არეში არაერთხელ დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ა. ს–ას – მიმართ. კ. ს–ის ქმედებით ა. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი);

1.3.1. კ. ს–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, თავისი სახლის ეზოში კ. ს–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალის მოვალეობა იყო მეუღლეს უსიტყვოდ დამორჩილებოდა, ეძახდა უსაქმურს და ცუდ დედას, მარჯვენა მუშტის თავის არეში სამჯერ დარტყმით, მკლავებში ხელის მოჭერისა და შენჯღრევის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ა. ს–ას – მიმართ. კ. ს–ის ქმედებით ა. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 თებერვლის განაჩენით კ. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი ფიზიკური ძალადობა) წარდგენილი დანაშაულები გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სისტემატური შეურაცხყოფა);

2.1. კ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.2. კ. ს–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2023 წლის 21 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა კ. ს–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ კ. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. კ–მ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:

4.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

4.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.2.1. კ. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი ფიზიკური ძალადობა) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სისტემატური შეურაცხყოფა);

4.2.2. კ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

4.2.3. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

4.3. მსჯავრდებულ კ. ს–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 21 ოქტომბრიდან და დაუყონებლივ განთავისუფლდა სხდომის დარბაზიდან;

4.4. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის და მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ კ. ს–ის მიმართ გამოცემული იქნა დამცავი ორდერი 9 თვით.

4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის დამცავი ორდერის თანახმად: ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის მე-12 მუხლის, მე-7 პუნქტის, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის და ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ კ. ს–ის მიმართ, 9 თვით გამოიცა დამცავი ორდერი, რომლის მოქმედების ვადაშიც: კ. ს–ს აეკრძალა დაზარალებულ ა. ს–ას საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და ყველა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც შესაძლებელია ა. ს–ა იმყოფებოდეს; მსჯავრდებულ კ. ს–ს აეკრძალა დაზარალებულ ა. ს–ასთან ნებისმიერი სახით, როგორც უშუალოდ, ისე მობილური, კომპიუტერული საშუალებების და სოციალური ქსელების გამოყენებით კომუნიკაცია.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. კასატორი ითხოვს კ. ს–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი ფიზიკური ძალადობა) გათვალისწინებული – კვალიფიკაციით და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ კ. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. შ–ემ.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 275-ე მუხლს; იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს კ. ს–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი ფიზიკური ძალადობა) გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენაში, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილისა (სისტემატური შეურაცხყოფა), ხოლო დაცვის მხარე შესაგებლით – ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და კ. ს–ი უნდა გამართლდეს შემდეგი გარემოებების გამო:

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის №505აპ-21 განაჩენი).

6. ამდენად, უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

7. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრულ მტკიცებით სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს კ. ს–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულების ჩადენას. კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს:

8. დაზარალებულმა ა. ს–ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას (ჩვენების მიცემის პროცესში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კ. ს–ის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის თაობაზე) გამორიცხა კ. ს–ის მიერ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა და, მათ შორის, განმარტა, რომ: 2023 წლის ოქტომბერში მომხდარი ფაქტი ზუსტად არ ახსოვს, იყო გაბრაზებული, აღელვებული და წავიდა პოლიციაში; კ. ს–ს ფიზიკურად არ უძალადია და არც სამჯერ დაურტყამს მუშტი მისთვის; დაზარალებულმა უარყო გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული გარემოებები სხვა ეპიზოდებთან მიმართებითაც; არ ახსოვს, რა მოყვა პოლიციაში და რა დაწერეს მისი სახელით პოლიციელებმა; დაზარალებულმა ივარაუდა, რომ მისი გამოკითხვის ოქმში აღნიშნული გარემოებები თარჯიმანმა არასწორად თარგმნა, ასევე, არ გამორიცხა, რომ გამომძიებელმა იცრუა; არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები. ა. ს–ამ დაადასტურა, რომ მან მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, თუმცა არ გადაუთარგმნიათ ოქმში რა ეწერა და რასაც ფოტოებზე უთითებს, გამომძიებელმა მიათითებინა. 2023 წლის 21 ოქტომბრის შემაკავებელ ორდერში რაც არის მითითებული მან უთხრა პოლიციას არასწორად; კ. ს–მა მისი საჩივრის საფუძველზე მოიხადა სასჯელი წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო და მას შემდეგ, რაც დატოვა პენიტენციური დაწესებულება, აღარ უძალადია.

9. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი).

9.1. ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, და უნდა შეფასდეს, რამდენად ქმნის აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებით სტანდარტს.

10. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

10.1 გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინების რეგისტრაციის N.. ბარათი (თემა: ცემა), რომლის თანახმადაც, 2023 წლის 21 ოქტომბერს გ–ს რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა გ–ს რაიონის სოფელ ნ–ში მცხოვრები მოქალაქე ა. ს–ა, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ტ. N1; ს.ფ. 2);

10.2. 2023 წლის 21 ოქტომბერის N.. შემაკავებელი ორდერის თანახმად, მსხვერპლ ა. ს–ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მოძალადე კ. ს–ს დაუწესდა შესაბამისი აკრძალვები 30 დღით. შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, სავარაუდო ძალადობა გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 21 ოქტომბერს ა. ს–ას ფიზიკური დაზიანება მიაყენა მეუღლემ კ. ს–მა, კერძოდ თავის არეში სამჯერ ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც ა. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ შეაგინა დედის მისამართით და მიმართა უცენზურო სიტყვებით, რითაც ა. ს–ამ, როგორც ქალმა თავი იგრძნო დამცირებულად. მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად: მოძალადე მსხვერპლს ემუქრება ჯანმრთელობის დაზიანებით; მოძალადე აკონტროლებს მსხვერპლის გადაადგილებას და სხვა პირებთან ურთიერთობას, რადგან არის ქალი და უნდა იყოს სახლში, მიხედოს სახლის საქმეს და მოიქცეს ისე, როგორც მეუღლე ეტყვის; მოძალადემ მსხვერპლს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ შეაგინა დედა და მიმართა უცენზურო სიტყვებით, ასევე დაამცირა, როგორც ქალი; მოძალადემ 21 ოქტომბერს ფიზიკური ძალადობა განახორციელა მსხვერპლზე, კერძოდ თავის არეში სამჯერ დაარტყა მუშტი; იგივე მსხვერპლის მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოცემული იქნა: 31.03.2021; 18.10.2021; 11.12.2022; 05.04.2023; 11.08.2023 (ტ. N1; ს.ფ. 16-25).

10.3. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 21 ოქტომბრის ოქმის თანახმად, თარჯიმან ა----- მ–ას მონაწილეობით ა. ს–ას ჯერ წაეკითხა 2023 წლის 21 აგვისტოს გამოკითხვის ოქმი (რომელიც ეხება 2023 წლის 21 ოქტომბერს მისი მეუღლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ოჯახური ძალადობის ფაქტს), შემდეგ კი ა. ს–ამ ფაქტებისა და მოვლენების სრულად აღდგენის მიზნით, მიუთითა გ–ს რაიონის სოფელ ნ–ში არსებული მისი საცხოვრებელი სახლი და კონკრეტულად ის ადგილები, სადაც მისი განმარტებით 2023 წლის 21 ოქტომბერს, 2023 წლის 20 სექტემბერსა და 2023 წლის 10 ოქტომბერს მეუღლემ კ. ს–მა ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ: საცხოვრებელი სახლის წინ ეზოში რამდენჯერმე დაარტყა შეკრული მუშტები თავში და მოქაჩა თმა. ა. ს–ას მითითებით, 2023 წლის 21 ოქტომბერს კ. ს–ის მიერ მუშტებით ცემის დროს, მას ძალიან ეტკინა თავი, რითაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი (ტ. N1; ს.ფ. 38-44).

10.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გ–ს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 30 ნოემბერის N11ა-1914-23 განჩინების საფუძველზე, სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ ამოღებული იქნა ა. ს–ას სამედიცინო ბარათი N.., რომლის თანახმად, 2023 წლის 21 ოქტომბერს ბრიგადა გამოიძახეს პოლიციის განყოფილებაში პიროვნების გასასინჯად, რომელიც აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და უჩივის თავის ტკივილს. გარეგნული დათვალიერებით პიროვნებას დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.

10.5. მოწმე ზ. ჩ–მ (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2023 წლის ოქტომბერში მან დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რადგან თავად მოქალაქემ – ა. ს–ამ მიმართა გ–ს რაიონულ სამმართველოს და განაცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცემა და ამასთან დაკავშირებით ითხოვა პოლიციის დახმარება. ა. ს–ამ მოწმის სახით გამოკითხვისას თავი შეუძლოდ იგრძნო, ასევე თავი სტკიოდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. გამოკითხვის შემდეგ, როდესაც დაზარალებულმა თავი უკეთ იგრძნო, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

10.6. მოწმე ა.- მ–ამ განმარტა, რომ მუშაობს ბიუროში თარჯიმნად, 2023 წლის 20 დეკემბერს განსახილველ საქმეზე ასრულებდა თარჯიმნის მოვალეობას გამომძიებელ ზ. ჩ–ს მიერ ა. ს–ას გამოკითხვისას; ჯერ გამომძიებელი სვამს კითხვებს, უთარგმნის, შემდეგ უკითხავს გამოკითხვის ოქმს და ხდება მოწმის მიერ ხელმოწერით დადასტურება; ახსოვს, რომ რამდენჯერმე კითხვაც დაუსვა, გასაგები თუ იყო ა. ს–ასთვის თარგმანი, რაზეც დაზარალებული დაეთანხმა; ა. ს–ას არავინ კარნახობდა, გამომძიებელი არაფერს უთითებდა; დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტში თარჯიმნის სტატუსით მონაწილეობა.

10.7. მოწმე ი. ნ–ის (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი) ჩვენების თანახმად, პაციენტი – ა. ს–ა – უჩიოდა თავის ტკივილს (15:42:27), რასაც უკავშირებდა მეუღლის მხრიდან ძალადობას (15:42:45), თუმცა გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდა (15:35:53; 15:40:02).

10.7.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2024 წლის 21 იანვრის N... დასკვნის თანახმად, ა. ს–ას 2023 წლის 22 ოქტომბერს ობიექტური შემოწმებით და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. დასკვნის თანახმად, ა. ს–ას შემოწმება ჩატარდა 2023 წლის 22 ოქტომბერს 12:36 საათზე, რა დროსაც შემოწმდა თავის, კისრის, სახისა და მტევნების მიდამოები და ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა.

11. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხული მოწმეების (მათ შორის, უბნის ინსპექტორის – ნ. მ–ის, გამომძიებელის – ზ. ჩ–ს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის – ი. ნ–ის) ჩვენებები არის ირიბი, რადგან ისინი ძალადობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“22/01/2015,II-52). 12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმეების) ჩვენების – მის მიერ გამოკითხვის ოქმებში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).

13. შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაციის პირველწყაროც არის მხოლოდ დაზარალებული, რომელმაც, სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყო კ. ს–ის მიერ მის მიმართ (შემაკავებელ ორდერსა და გამოკითხვის ოქმში მითითებული) ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დასტურდებოდეს დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდა. დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20, 2025 წლის 21 მარტის N1256აპ-24 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა არსებით სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას უარყო კ. ს–ის მიერ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა, აღნიშნული არ დასტურდება სხვა არც ერთი დამოუკიდებელი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულებით.

15. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოში საქმის განხილვისას გამორიცხა კ. ს–ს მიერ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის თვითმხილველი მოწმის ჩვენება ანდა სხვა რომელიმე პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება (მხოლოდ გამომძიებელი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი უთითებს, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა თავის ტკივილი, რომელსაც უკავშირებდა მეუღლის მხრიდან ძალადობას, თუმცა ისინი უშუალოდ ფაქტს – ძალადობას – ასეთის არსებობის შემთხვევაში არ შესწრებიან), რაც დაადასტურებდა კ. ს–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას, ასევე – დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც ობიექტურად დაადასტურებდა დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს და აღნიშნულით დაზარალებულის მიერ ტკივილის ობიექტურად განცდას, უდავოდ არ არის ცნობილი შემაკავებელი ორდერი (და მისი ოქმი), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა (შეტყობინება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და მოწმეთა ირიბი ჩვენებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს კ. ს–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული) დანაშაულების ჩადენას.

16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება კ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) ან/და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის/ების ჩადენა.

18. რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას კ. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით (სამი ეპიზოდი ფიზიკური ძალადობა) წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე (სისტემატური შეურაცხყოფა) გადაკვალიფიცირების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების (ტ. N1; ს.ფ. 152-154) თანახმად, ბრალდების მხარე კ. ს–ს ედავება შემდეგს:

18.1. 2023 წლის 20 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, თავისი სახლის ეზოში კ. ს–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალი მეუღლის დაუკითხავად მეზობელთან არ უნდა გასულიყო, მარჯვენა მუშტის თავის არეში ორჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ა. ს–ას მიმართ. კ. ს–ის ქმედებით ა. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

18.2. 2023 წლის 10 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, თავისი სახლის ეზოში კ. ს–მა, ალკოჰოლური სასმელის საყიდლად ფულის მიცემაზე უარის მიღების გამო, თმით თრევისა და ორივე ხელის მუშტის თავის არეში არაერთხელ დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ა. ს–ას მიმართ. კ. ს–ის ქმედებით ა. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

18.3. 2023 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, თავისი სახლის ეზოში კ. ს–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალის მოვალეობა იყო მეუღლეს უსიტყვოდ დამორჩილებოდა, ეძახდა უსაქმურს და ცუდ დედას, მარჯვენა მუშტის თავის არეში სამჯერ დარტყმის, მკლავებში ხელის მოჭერისა და შენჯღრევის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ა. ს–ას მიმართ. კ. ს–ის ქმედებით ა. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

18.4. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც: ბრალდების მხარე კ. ს–ს თითოეულ ეპიზოდში ედავება ფიზიკურ ძალადობას და ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის მიყენებას, და არ შეიცავს მითითებას – სისტემატიური შეურაცხყოფის/სიტყვიერი შეურაცხყოფის და შესაბამისად, ტანჯვის განცდის თაობაზე; არ არის წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის ქმედებებით დაზარალებულის ტანჯვას, რაც დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია; ბრალდების მხარე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენას ედავება მხოლოდ 2023 წლის 20 სექტემბერის და 2023 წლის 21 ოქტომბერის ეპიზოდებში (2023 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი უთითებს – ალკოჰოლური სასმელის საყიდლად ფულის მიცემაზე უარის მიღებაზე), საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში კვალიფიკაციის ცვლილებით პირველი ინსტანციის სასამართლო არ გაცდა წარდგენილ ბრალდებას.

19. გასაჩივრებული განაჩენით კ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა (და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) – ჩადენაში.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული პერმანენტულობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რეგულარულად, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას... შესაბამისად, ძალადობა, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან, არ შეიძლება მივიჩნიოთ სისტემატურად. სისტემატურობა გამოკვეთილია მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის არსებული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ დაზარალებული კვლავ განიცდის პირველი ქმედებით მიყენებულ ზიანს“(საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020წლის 29 მაისის განაჩენი N 733აპ-18).

სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ფსიქიკური ტანჯვა, მათ შორის გაგებული უნდა იქნეს, როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფსიქიკური ტკივილი ( განცდები), რომელსაც პირი განიცდის ძალადობის შედეგად“. ამასთან ფსიქიკური ტკივილის ინტენსივობის შეფასება, როგორც წესი, საჭიროებს სპეციალურ ცოდნას.

21. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა, ხოლო მე-12 და 166-ე მუხლების თანახმად – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13) და შეზღუდულია ბრალის ფორმულირებით.

22. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება უნდა იწვევდეს დაზარალებულის ტანჯვას. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, როგორც დაზარალებულის მიერ ტანჯვის განცდა, ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო/ უკავშირდებოდა სწორედ განსასჯელის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული ქმედებების ჩადენას და უნდა დასტურდებოდეს, მათ შორის, სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის – ექსპერტის – დასკვნით.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე არ ედავებოდა კ. ს–ს სისტემატიურ შეურაცხყოფას/სიტყვიერ შეურაცხყოფას, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რათა დადგენილიყო, დაზარალებულმა განიცადა თუ არა სტრესი ან/და ტანჯვა ან/და მის ქმედებებზე იქონია თუ არა გავლენა კ. ს–ის მიერ განხორციელებულმა შეურაცხყოფამ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არის წარმოდგენილი არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ირიბად მაინც მიუთითებდა კ. ს–ის მიერ სწორედ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებებით დაზარალებულისთვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებას, ბრალდების მხარეს კ. ს–ის ქმედება სამართლებრივად არ შეუფასებია სისტემატური შეურაცხყოფის კონტექსტში.

24. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, ბრალდების გადაკვალიფიცირება ბრალდებულისთვის საკმარისად განჭვრეტადად არის მიჩნეული, თუ იგი ბრალდების თანდაყოლილ ელემენტს წარმოადგენს (De Salvador Torres v. Spain, no. 21525/93 § 33, ECtHR, 24/10/1996; Sadak and Others v. Turkey, 29900/96, 29901/96, 29902/96 and 29903/96, § 52 and §56, ECtHR, 17/07/2021; Juha Nuutinen v. Finland, no 45830/99, § 32, ECtHR, 24/07/2007).

25. „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე (იხ.: იქვე, II-21). „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს. ამგვარ საკითხთა რიგს განეკუთვნება ისიც, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოს მიერ“(იხ.: იქვე, II-22). კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება II-20).

26. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას და ამასთანავე, მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ სადავო საკითხთან, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებასთან მიმართებით, რომელიც დანაშაულის თითოეულ ნიშანს დაადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) ან/და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ვერ შესძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ პირის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულის ჩვენებაზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ს–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი კ. ს–ის მიმართ;

2.1. კ. ს–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. კ. ს–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

2.3. კ. ს–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

2.4 გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის დამცავი ორდერი კ. ს–ის მიმართ;

3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, კ. ს–ს განემარტოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე