საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100113288535
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1347აპ-24 ქ. თბილისი
გ. მ. 1347აპ-24 9 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. შ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: მ. გ–ეს – პ/ნ ....... – ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ. გ–ემ, 2009 წლის ოქტომბრის თვეში, თავის ნაცნობს - დაზარალებულ გ. ლ–ს მოატყუა, რომ წამოეწყოთ საერთო სამეწარმეო საქმიანობა, რისთვისაც 2009 წლის 28 ოქტომბერს, საქმისათვის აუცილებელი ავტომანქანების საყიდლად საჭირო თანხისთვის, დაზარალებულს იპოთეკით დაატვირთვინა მისი კუთვნილი ბინა, მდებარე, ქ. ბ–ში, ი–ს ქ.-ის №.., ბინა №..-ში და გამოართვა საერთო ჯამში 14 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც პირობა არ შეასრულა, ავტომანქანა არ შეიძინა და აღნიშნული თანხა მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ემ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა დაზარალებულ გ. ლ–ის კუთვნილი 14 000 აშშ დოლარი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განაჩენით:
2.1. მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მ. გ–ეს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. მ. გ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლება დაკავებიდან.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. შ–ემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მ. გ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება. ასევე, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების თავიდან გამოკვლევა, მათ შორის ყველა მოწმის თავიდან დაკითხვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენით: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მ. გ–ეს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.3. მსჯავრდებულ მ. გ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 13 მარტიდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ. შ–ე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, მ. გ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
6.1. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მ. გ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
7.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს დაზარალებულ გ. ლ–ის მიერ მ. გ–ისათვის 14 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, რისთვისაც გ. ლ–მა იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი ბინა, მდებარე, ქ. ბ–ში, ი–ს ქ.-ის №.., ბინა №..-ში. მხარეთა შორის დავის საგანია მ. გ–ეს გააჩნდა თუ არა დაზარალებულის მოტყუების განზრახვა და მოცემული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი.
8. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ გ. ლ–ის ჩვენებას (დაზარალებულის განმარტებით, 2009 წლის ოქტომბრის თვეში, ოფისში ყოფნისას მ. ც–ემ უთხრა, რომ მ. გ–ეს, რომელიც იქვე იმყოფებოდა, მანქანების ბიზნესისთვის ესაჭიროებოდა 14 000 აშშ დოლარი, თუ კი ასესხებდა, იგი ძირ თანხასაც დაუბრუნებდა და მოგების რაღაც ნაწილსაც მისცემდა. მ. ც–ე არწმუნებდა, რომ ის სანდო პირი იყო. მის შეკითხვაზე მ. გ–ემაც უპასუხა, რომ სამი თუ ოთხი მანქანა ჰყავდა და მათ ჩამოსაყვანად ესაჭიროებოდა თანხა. აქედან გამომდინარე, იპოთეკით დატვირთა ბინა და 14 000 დოლარი მისცა მ–ს. მ. გ–ეს იპოთეკარ ნ. მ–ისთვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 700 აშშ დოლარი, იპოთეკიდან აღებული 14 000 დოლარიდან 1400 დოლარი მაკლერმა წაიღო, ერთი თვის პროცენტი – 700 დოლარი ნ. მ–ს მისცეს, 1000 დოლარი კი მ–მა მას აჩუქა, რადგან იპოთეკით დაუტვირთა ბინა. თუმცა მ. გ–ეს მისთვის უნდა დაებრუნებინა იმდენი, რამდენიც თავიდან წაიღო - 14 000 დოლარი. როგორც ახსოვს, ხელშეკრულება 6 - თვიანი იყო. მ. გ–ემ თავიდან 3 თვის თანხა გადაიხადა, ეუბნებოდა, რომ დანარჩენსაც გადაიხდიდა, მაგრამ მოატყუა და არ გადაიხადა, შემდეგ კი რ–ში წავიდა. ვინაიდან, ნ. მ–ს პროცენტს არ უხდიდა, მისი სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაეკისრა როგორც ძირი თანხის, ასევე – პროცენტის გადახდა ნ. მ–ის სასარგებლოდ. როდესაც ეს თანხებიც არ გადაიხადა, მის ბინას აუქციონზე გაყიდვის საშიშროება დაემუქრა. ამის გამო ნაცნობმა მაკლერებმა სასწრაფოდ მოუძებნეს მყიდველი და ბინა 35000 დოლარად გაყიდა. აღებული თანხიდან 21800 დოლარი ნ. მ–ს გადაუხადა, რაც მთლიანად მ. გ–ის გადასახდელი იყო. მ. გ–ეს მისთვის მიყენებული ზიანიდან არაფერი აუნაზღაურებია), რომელიც თანხვდენილია ნ. ჯ–ის ჩვენებასთან (მოწმის განმარტებით, მას ჰქონდა უძრავი ქონების სააგენტო და პარალელურად მუშაობდნენ იპოთეკურ სესხებზე. 2009 წელს მასთან სამსახურში მივიდა მისთვის მანამდე უცნობი მ. გ–ე, რომელმაც უთხრა, რომ სურდა 14 000 დოლარის გატანა. მას აუხსნა, რომ თანხას გასცემდნენ მხოლოდ ხელშეკრულებით, უძრავი ქონების გარანტიით, ანუ იპოთეკით უნდა დატვირთულიყო ამ თანხის შესაბამისი უძრავი ქონება. მ. გ–ემ თქვა, რომ არ იყო პრობლემა და წავიდა. იმავე ან მეორე დღეს, იგი დაბრუნდა გ. ლ–თან ერთად, რომელსაც ქალაქიდან იცნობდა. გ. ლ–მა მიიტანა თავისი ბინის ამონაწერი, რომელიც მდებარეობდა ქ. ბ–ში, ი–ს ქ.-ის №.., ბინა №..-ში. როგორც გაიგო, გ. ლ–ს უნდა დაეტვირთა იპოთეკით აღნიშნული ბინა და სესხად აღებული თანხა უნდა მიეცა მ. გ–ისათვის, რომელსაც ჰქონდა ავტომანქანების ბიზნესი. ესე იგი, გ. ლ–ის იქნებოდა თანხა, ხოლო ბიზნესი და საქმე – მ. გ–ისა, მოგება კი გაიყოფოდა, ალბათ. მათი თქმით გ–ს ბინა იმიტომ იდებოდა იპოთეკაში, რომ ერთობლივად იწყებდნენ ბიზნესს. 2009 წლის 28 ოქტომბერს, ნ. მ–სა და გ. ლ–ს შორის გაფორმდა იპოთეკური სესხის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა გ. ლ–ის კუთვნილი ბინა. ამის შემდეგ ნ. მ–მა გ. ლ–ს მათი თანდასწრებით გადასცა 14 000 დოლარი, რომლიდანაც დატოვეს პირველი თვის პროცენტი და მათი მომსახურების თანხა, ხოლო დანარჩენი თანხა აიღო მ. გ–ემ. ნ. მ–ისთვის მ. გ–ეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად პროცენტი და 6 თვეში უნდა გამოეხსნათ ბინა, მაგრამ რამდენიმე თვის მერე მასთან ოფისში მივიდა გ. ლ–ი, რომელმაც უთხრა, რომ მ. გ–ეს არანაირი პროცენტი არ გადაუხდია და საერთოდ გაქრა, რის გამოც სარჩელის შეტანას აპირებდა. ამის შემდეგ ის აღარ უნახავს, მაგრამ იცის, რომ მან ბინა გაყიდა და ეს ვალი დაფარა. გ. ლ–ისა და მ. გ–ის შემთხვევაში, თანხა გაიცა იმ პირობით, რომ ჩაიდებოდა ბიზნესში, კერძოდ, მანქანები შემოჰყავდა მ. გ–ეს. ეს მანქანები უნდა გაყიდულიყო, მოგებიდან ჯერ უნდა გასტუმრებულიყო ვალი, სესხის პროცენტები კი მ. გ–ეს უნდა გადაეხადა საქმიდან. მისი ინფორმაციით, მ–მა ერთხელ გადაიხადა თანხა, იმიტომ, რომ გ. ლ–ი მალევე მივიდა ოფისში მეუღლესთან ერთად და თქვა, რომ ეს ადამიანი გაქრა, არანაირ პროცენტს არ იხდის და მგონი რ-ში წავიდაო) და ლ. გ–ას გამოკითხვის ოქმთან (მოწმის გარდაცვალების გამო საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმის გამოკითხვის ოქმები, რომლის თანახმად, 2009 წლის ოქტომბრის თვეში, მის მეუღლეს – გ. ლ–ს, ნაცნობმა მაკლერმა – მ. ც–ემ შესთავაზა მისი კუთვნილი ბინა დაეტვირთა იპოთეკით და აღებული თანხით ვინმე მ. გ–ესთან ერთად აწარმოებდა ავტომანქანების ბიზნესს, რის შემდეგაც დაუბრუნებდა, როგორც ძირ თანხას, ასევე – მოგებას გაუყოფდა შუაზე. ამის შემდეგ გ. ლ–მა ნ. მ–ს, 14 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ იპოთეკით დაუტვირთა მათი ბინა, ყოველთვიური პროცენტის გადახდით, აღნიშნული თანხა კი წაიღო მ. გ–ემ. როგორც შემდეგ გაირკვა, მ. გ–ემ იპოთეკარ ნ. მ–ს გადაუხადა მხოლოდ ერთი თვის პროცენტი. ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ნ. მ–ის სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ გ. ლ–ს დააკისრა, როგორც ძირი თანხის, ისე – პროცენტის გადახდა. როდესაც ეს თანხები არ გადაიხადეს, აღმოჩნდნენ ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშე, რის გამოც, აღნიშნული ბინა გაყიდეს 35 000 აშშ დოლარად. აქედან ნ. მ–ს გადაუხადეს 21 800 აშშ დოლარი, რომელიც მთლიანად მ. გ–ის გადასახდელი იყო. მ. გ–ის და მ. ც–ის ტყუილებით გამწარებულებმა, მოითხოვეს თანხის დაბრუნება, თუმცა მათ ისევ მოატყუეს, გაუფორმეს სესხის ხელშეკრულება 23000 აშშ დოლარზე, მაგრამ თანხა ისევ არ გადაუხადეს. მ. გ–ესთან საუბრის დროს ჰკითხა მას, თუ რატომ არ გადაუხადა მის მეუღლეს ავტომანქანების ბიზნესიდან შემოსული თანხა, რაზეც მან უპასუხა, რომ დაეხარჯა. ამის შემდეგ, 2011 წლის თებერვლის თვეში, მ. გ–ემ დატოვა ს–ს ტერიტორია და მიიმალა, მათი ინფორმაციით, ის იმყოფებოდა რ–ს ფედერაციაში).
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მ. გ–ეს, გ. ლ–ისაგან სესხის სახით თანხის – 14 000 აშშ დოლარის აღებისას ნამდვილად ჰქონდა მანქანების ბიზნესი და განზრახული ჰქონდა, დაზარალებულისაგან აღებული თანხა გამოეყენებინა ამ მიზნით და მისთვისაც გაენაწილებინა სარგებელი. აღნიშნულის საპირისპიროდ, მ. ც–ემ, რომელსაც ჰქონდა ახლონათესაური და მეგობრული ურთიერთობა მ. გ–ესთან, არ დაადასტურა, რომ მ. გ–ეს ჰქონდა ავტომობილების ბიზნესი (იხ.: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი 16:16:47016:17:57), აღნიშნული არ დაადასტურა ასევე მ. გ–ის მეზობელმა – რ. რ–ემ და მიუთითა, რომ ავტომობილების ბიზნესზე არაფერი სმენია, იცის რომ მ. გ–ე ბანკში მუშაობდა ინკასატორად (იხ.: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი 15:55:01-15:55:49; 15:57:05-15:58:57), ხოლო შოთა ქარცივაძის გამოკითხვის ოქმით (რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე) დგინდება, რომ მ. გ–ე არის მოწმის მეზობელი და მას იცნობს ბავშვობიდან, მ. გ–ეს არასოდეს ჰქონია ავტომობილების ბიზნესი, არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ უთქვამთ, რომ ჰქონდათ ოჯახური ბიზნესი (იხ.: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი 15:34:05-15:35:28; შოთა ქარცივაძის 2013 წლის 6 ივნისის გამოკითხვის ოქმი ტ.1, ს.ფ.116-117)). აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია არც დაცვის მხარეს.
10. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ დაზარალებულს სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას არ უთქვამს მასსა და მსჯავრდებულს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების შესახებ, რომელიც ეხებოდა მსჯავრდებულის მიერ მანქანების ბიზნესში თანხის ჩადებას და მისთვის როგორც მოგების განაწილებას, ასევე სესხადაღებული თანხის - 14 000 დოლარის - დაბრუნებას. ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულ გ. ლ–ის დაკითხვისას გამოქვეყნდა ასევე 2012 წლი 25 მარტის მისი გამოკითხვის ოქმი, რომელშიც დეტალურადაა მითითებული მ. გ–ისათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მოწმე სრულად დაეთანხმა და დაადასტურა ოქმში მითითებული გარემოებების ნამდვილობა (იხ.: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის სხდომის ოქმი 16:49:47-16:57:30).
11. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სასამართლო ასევე დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ვინაიდან, ლ. გ–ას მიერ 2012 წლის 14 თებერვალს საგამოძიებო ორგანოში შეტანილ განცხადებაში მითითებული არ არის მ. გ–ისა და გ. ლ–ის ურთიერთშეთანხმებაზე, მანქანების ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის განაწილების შესახებ, აღნიშნული შეთანხმება მ. გ–ესა და გ. ლ–ს შორის თანხის – 14 000 დოლარის გადაცემისას არ არსებობდა. სასამართლო ითვალისწინებს როგორც ლ. გ–ას 2012 წლის 28 თებერვლის ოქმს გასაუბრების შესახებ, ასევე - გ. ლ–ის 2012 წლის 29 თებერვლის ოქმს გასაუბრების შესახებ, სადაც ისინი თავიდანვე აწვდიდნენ საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას მ. გ–ესთან შეთანხმების პირობების შესახებ (რომლის თანახმად, გ. ლ–მა ბინა დატვირთა იპოთეკით, აღებული თანხა – 14 000 დოლარი კი მისცა მ. გ–ეს მანქანების ბიზნესის საწარმოებლად. შეთანხმების თანახმად, მ. გ–ეს უნდა გადაეხადა ამ თანხის თვიური პროცენტები, დაებრუნებინა გ. ლ–ისათვის 14 000 დოლარი და ასევე მოგების რაღაც ნაწილიც (იხ.: ტ.1, ს.ფ. 11-12; 15-17)). ამასთან, როგორც დაზარალებული გ. ლ–ი, ასევე მისი მეუღლე ლ. გ–ა გამოძიების ყველა ეტაპზე, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას (ლ. გ–ა პირველი ინსტანციის სასამართლოში), იდენტურად უთითებდნენ მ. გ–ესა და გ. ლ–ს შორის არსებული შეთანხმების დეტალებზე.
12. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენება ურთიერთავსებადია ლ. გ–ას გამოკითხვის ოქმსა და ნ. ჯ–ის ჩვენებასთან; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაზარალებულის მხრიდან არ იკვეთება მ. გ–ის მიმართ დაინტერესება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება/არგუმენტი, თუ რა მიზეზით უნდა მიეცა დაზარალებულს მსგავსი კატეგორიის დანაშაულში მ. გ–ის მამხილებელი ცრუ ჩვენება.
13. ამასთან, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ თითქოსდა გაურკვეველია, რა მიზნით დადო ლ. გ–ამ მ. გ–ესთან 2010 წლის 25 აგვისტოს ახალი სესხის ხელშეკრულება 23 1000 დოლარზე, თუ 14 000 დოლარის სესხის ხელშეკრულებაზე თავს თაღლითობის მსხვერპლად მიიჩნევდა. სასამართლო ითვალისწინებს ლ. გ–ას 2012 წლის 25 მარტის გამოკითხვის ოქმს (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მოწმის გარდაცვალების გამო), რომლის თანახმად, მ. გ–ის და მ. ც–ის ტყუილებით გამწარებულებმა მოითხოვეს თანხის დაბრუნება, მათ ისევ მოატყუეს და გაუფორმეს სესხის ხელშეკრულება 23 000 აშშ დოლარზე, მაგრამ თანხა ისევ არ გადაუხადეს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 51-54). შესაბამისად, დგინდება, რომ ლ. გ–ასა და მ. გ–ეს შორის მოცემული ხელშეკრულება დადებულია მას შემდეგ, რაც მათ მ. გ–ის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო მოუწიათ საკუთარი ბინის 35 000 დოლარად გაყიდვა და აღნიშნული თანხიდან იპოთეკარ ნ. მ–ისთვის მ. გ–ის მიერ გადასახდელი თანხის - 21 800 აშშ დოლარის გადახდა.
14. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ გ. ლ–ის ჩვენებით, მოწმე ლ. გ–ას გამოკითხვის ოქმით, მოწმე ნ. ჯ–ის ჩვენებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
15 . „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მ. გ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების საკითხი განხილულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ საკითხზე საკასაციო სასამართლოს მიერ განმეორებით მსჯელობის საჭიროება.
17. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. შ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე