საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.06.2025
საქმის ნომერი
2კ-57აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124010003492

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №57აპ-25 ქ. თბილისი

ი. ჯ. 57აპ-25 20 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. ი–ის, – დაბადებულის .... წელს, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, თ–ში, ….. ქუჩის N....-ის N... ბინაში, ჯ. ი–მა მეუღლეს – ვ. ი–ას, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტები დაარტყა თავში, სახესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რამაც გამოიწვია ვ. ი–ას ფიზიკური ტკივილი. ძალადობის დროს, ბინაში მყოფი ვ. ი–ას დედა – ხ. ჯ–ა, შეეცადა, ჯ. ი–ი დაემშვიდებინა და გაეყვანა ოთახიდან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა, ხ. ჯ–ას რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავში, ამოუტრიალა ხელი და ჩაარტყა ფეხი მუცელში, რის შედეგადაც ხ. ჯ–ა დაეცა იატაკზე. ჯ. ი–ის ქმედებებმა გამოიწვია ხ. ჯ–ას ფიზიკური ტკივილი.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ჯ. ი–მა ჩაიდინა – ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით;

1.2. 2024 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, თ–ში, ….. ქუჩის N....-ის N... ბინაში, ჯ. ი–მა მეუღლეს – ვ. ი–ას, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტები დაარტყა თავში, სახესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ძალადობის დროს, ბინაში მყოფი ვ. ი–ას დედა – ხ. ჯ–ა შეეცადა, ჯ. ი–ი დაემშვიდებინა და გაეყვანა ოთახიდან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა იძალადა მეუღლის დედაზე – ხ. ჯ–აზე და ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ხ. ჯ–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ჯ. ი–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე;

2.4. ჯ. ი–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2024 წლის 4 აგვისტოდან 2024 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

2.5. ჯ. ი–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, დაევალა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ჯ. ი–ს დაევალა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

2.6. გაუქმდა ჯ. ი–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო 5000 ლარი, რაც განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს გადამხდელ პირს;

2.7. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლოს სხდომის კოლეგიის 2024წლის 5 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები და საგამოძიებო ორგანოში ჩაბარებული პასპორტი და პირადობის მოწმობა ჯ. ი–ს დაუბრუნდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ. აპელანტმა მოითხოვა ჯ. ი–ისათვის შეფარდებულის სასჯელის გამკაცრება და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშვნა.

4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ. კასატორი ითხოვს ჯ. ი–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმებას და მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა ჯ. ი–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.

8. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ ჯ. ი–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა; მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმებისა და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრის თაობაზე, ნაცვლად – საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე – განაჩენით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლისა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

10.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, დანაშაულის ხასიათის ( ოჯახური დანაშაული) და კატეგორიის, ასევე - ძალადობის ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით ჯ. ი–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, არა მინიმალური ხანგრძლივობით. სასამართლომ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის კატეგორია ( ნაკლებად მძიმე), მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულების აღიარება და ბრალდების მხარის მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, ასევე ის გარემოება, რომ ჯ. ი–ი წარსულში არ არის ნასამართლევი და, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობითად. გასაჩივრებული განაჩენით ჯ. ი–ისთვის განსაზღვრული სასჯელები არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

10.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა – პირობითად ჩათვლა, არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში (იხ.: საქართველოს უზენაეის სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის №202აპ-25 განაჩენი).

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33).

12. ბრალდების მხარე სასჯელის გამკაცრებას ითხოვს, მათ შორის, დანაშაულის კატეგორიის და ხასიათის, დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების საშიშროებაზე მითითებით. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.

13. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე, ჯ. ი–ის მიმართ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე