საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №82აპ-25 16 ივნისი, 2025 წელი
შ. ლ., №82აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. შ-ას - ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ოთხი ეპიზოდი, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
1.2. ლ. შ-ას მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. ლ. შ-ამ, დაუდგენელ დროს, უკანონოდ შეიძინა და 2023 წლის 19 თებერვლამდე, ზუგდიდში, ლ. ტ--ის მე-- ჩიხში მდებარე, თავის სახლში, უკანონოდ ინახავდა 0,00284 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2023 წლის 19 თებერვალს ზუგდიდში მიასაღა კ. დ-ს.
1.2.2. ლ. შ-ამ, დაუდგენელ დროს, უკანონოდ შეიძინა და 2023 წლის 24 თებერვლამდე, ზ-ში, ლ. ტ--ის მე-- ჩიხში მდებარე, თავის სახლში, უკანონოდ ინახავდა 0,00228 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2023 წლის 24 თებერვალს ზ-ში მიასაღა კ. დ-ს.
1.2.3. ლ. შ-ამ, დაუდგენელ დროს, უკანონოდ შეიძინა და 2023 წლის 1 მარტამდე ზ-ში, ლ. ტ--ის მე-- ჩიხში მდებარე, თავის სახლში, უკანონოდ ინახავდა 0,003 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2023 წლის 1 მარტს ზ-ში მიასაღა კ. დ-ს.
1.2.4. ლ. შ-ამ, დაუდგენელ დროს, უკანონოდ შეიძინა და 2023 წლის 6 მარტამდე ზ-ში, ლ. ტ--ის მე-- ჩიხში მდებარე, თავის სახლში, უკანონოდ ინახავდა 0,00243 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2023 წლის 6 მარტს ზ-ში მიასაღა კ. დ-ს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:
2.1.1. ლ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
2.1.2. ლ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
2.1.3. ლ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
2.1.4. ლ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
2.1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და, საბოლოოდ, ლ. შ-ას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 30 მარტიდან;
2.1.6. ლ. შ-ას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ანა არონიამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ლ. შ-ასთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება და შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულ ლ. შ-ას ადვოკატმა – თ. ჯ-მ – პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებული – ლ. შ-ა – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მის დამნაშავეობას; მისი მსჯავრდება განაპირობა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარის თქმამ; სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხული მოწმეები არიან საქმის შედეგით დაინტერესებულნი; ვიდეოჩანაწერებით უტყუარად არ დგინდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი; დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი მტკიცებულებებიდან:
4.2. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ლ. შ-ა იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და რეალიზატორი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შეძენას სთავაზობდა სხვადასხვა პირებს, მათ შორის – კ. დ-ს. გამოძიებისას მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკითხა კ. დ-, რომელმაც დანაშაულებრივი ქმედებისა და დამნაშავის გამოვლენის მიზნით, ნებაყოფლობით გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. გამოძიების ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელთაც დაევალა ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების – საკონტროლო შესყიდვის – ჩატარება. ფარული საგამოძიებო მოქმედების წარმართვის მიზნით, გამოიყო ფულადი თანხა, რომელიც თითოეული საგამოძიებო მოქმედების წინ გადაეცა კ. დ-ს. ეს უკანასკნელი ლ. შ-ასთან შესახვედრად ფარული ვიდეო-აუდიოჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი მიდიოდა.
4.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა კ. დ-მ დაადასტურა, რომ ლ. შ-ას შეხვდა 2023 წლის 19 თებერვალს, 24 თებერვალს, 1 მარტსა და 6 მარტს. ლ. შ-ამ ოთხივე შეხვედრისას გადასცა მოწითალო-მოთეთრო ქაღალდში გახვეული ფხვნილი და გრანულები, რომლებიც, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, კერძოდ:
· 2023 წლის 19 თებერვალს, კ. დ-სგან ამოღებული ათლარიან კუპიურაში შეხვეული თეთრი ტაბლეტის ნატეხებისა და ფხვნილის ნარევი, წონით – 0,1423 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაოდენობით – 0,00284 გრამს;
· 2023 წლის 24 თებერვალს, კ. დ-სგან ამოღებული მოწითალო ფოლგის ნაჭერში შეხვეული თეთრი ტაბლეტის ნატეხებისა და ფხვნილის ნარევი, წონით – 0,1141 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაოდენობით – 0,00228 გრამს;
· 2023 წლის 1 მარტს, კ. დ-სგან ამოღებული მოწითალო ფოლგის ნაჭერში შეხვეული თეთრი ტაბლეტის ნატეხებისა და ფხვნილის ნარევი, წონით – 0,1516 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაოდენობით – 0,003 გრამს;
· 2023 წლის 6 მარტს, კ. დ-სგან ამოღებული მოწითალო ფოლგის ნაჭერში შეხვეული თეთრი ტაბლეტის ნატეხებისა და ფხვნილის ნარევი, წონით – 0,1215 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაოდენობით – 0,00243 გრამს.
4.4. საგულისხმოა, რომ კ. დ-მ ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების შეძენის მიზნით, ლ. შ-ას ფულადი თანხა გადასცა, როგორც პირადად, ისე – „კ-ს“ ანგარიშზე ჩარიცხვით, რაც დადასტურებულია, ერთი მხრივ, ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერით და, მეორე მხრივ – სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გადახდის ქვითრებით.
4.5. კ. დ-ს ჩვენებაში მითითებული გარემოებები დადასტურებულია დათვალიერების ოქმითაც (19.02.2023), რომელშიც ინტერნეტაპლიკაცია “W.”-ით მასსა და ლ. შ-ას შორის არსებული მიმოწერის შინაარსია ასახული. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ლ. შ-ა კ. დ-ს უგზავნის „კ-ის“ ანგარიშზე ჩასარიცხ კოდს, ხოლო შემდეგ, უდასტურებს თანხის ჩარიცხვას.
4.6. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული, კანონის შესაბამისად მოპოვებული, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და მტკიცების საგანთან მიმართებით, რელევანტური მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერზე ასახულია ლ. შ-ას და კ. დ-ს შეხვედრა და საუბარი, რა დროსაც ლ. შ-ა მაქსიმალურად ცდილობს ღიად არ ისაუბროს მათი შეხვედრის მიზეზზე და შეუმჩნევლად გადასცეს კ. დ-ს მისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერება. ამგვარი მოცემულობის გათვალისწინებით, მყიფედ ფასდება მოსაზრება, რომ ლ. შ-ას კ. დ-სთვის არაფერი გადაუცია და სანაცვლოდაც არაფერი მიუღია.
4.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის პოზიციის შეფასების, ასევე, ლ. შ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ოთხი ეპიზოდი, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის ნაწილში, სწორი და კანონიერია, ხოლო თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესაბამისი.
4.8. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, ლ. შ-ამ ზემოაღნიშნული დანაშაულები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინა, თუმცა მის მიმართ თითოეული დანაშაულისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული იმპერატიული დათქმის შესაბამისად, შეღავათი არ ვრცელდება.
4.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენი ლ. შ-ას მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. შ-ას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე