საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.06.2025
საქმის ნომერი
2კ-213აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№213აპ-25 თბილისი

თ-ა ნ, 213აპ-25 26 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 ივლისის განაჩენით ნ. თ-ა, დაბადებული -- წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 7 იანვრის, იმავე წლის 17 იანვრის, იმავე წლის 3 თებერვლისა და 20 თებერვლის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 7 იანვრის, იმავე წლის 17 იანვრისა და 3 თებერვლის ეპიზოდები) – 1-1 წლით, სსკ-ს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ნ. თ-ას, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 20 თებერვლიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ნ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 7 იანვრის, იმავე წლის 17 იანვრის, იმავე წლის 3 თებერვლისა და 20 თებერვლის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 7 იანვრის, იმავე წლის 17 იანვრისა და 3 თებერვლის ეპიზოდები) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 10-10 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და მიესაჯა 1 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ნ. თ-ას, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 1 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 20 თებერვლიდან. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის მიმართ 2 თვითა და 15 დღით გამოიცა დამცავი ორდერი. მსჯავრდებულს, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განემარტა, რომ ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. თ-ამ ჩაიდინა: გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ოთხი ეპიზოდი); გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ოთხი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 7 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. ბ-ში, პ.მ-ის ქუჩის N-

ში მდებარე ნ. თ-ასა და მ. თ-ას საცხოვრებელ სახლში, ნ. თ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. თ-ას, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 7 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. ბ-ში, პ.მ-ის ქუჩის N-

ში მდებარე ნ. თ-ასა და მ. თ-ას საცხოვრებელ სახლში, ნ. თ-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. თ-ას, რის გამოც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების

საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 17 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბ-ში, პ.მ-ის ქუჩის N-ში მდებარე ნ. თ-ასა და მ. თ-ას საცხოვრებელ სახლში, ნ. თ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. თ-ას, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 17 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბ-ი, პ.მ-ის ქუჩის N-ში მდებარე ნ. თ-ასა და მ. თ-ას საცხოვრებელ სახლში, ნ. თ-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. თ-ას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 3 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ. ბა-ში, პ.მ-ის ქუჩის N-ში მდებარე ნ. თ-ასა და მ. თ-ას საცხოვრებელ სახლში, ნ. თ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. თ-ას, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც მ. თ-ა დაეცა და ნ. თ-მ მას ფეხები არაერთხელ დაარტყა წელის არეში. აღნიშნული ძალადობის შედეგად მ. თ-ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 3 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ. ბ-ში, პ.მ-ის ქუჩის N-ში მდებარე ნ. თ-სა და მ. თ-ას საცხოვრებელ სახლში, ნ. თ- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. თ-ას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბ-ში, პ.მ-ის ქუჩის N-ში მდებარე ნ. თ-სა და მ. თ-ას საცხოვრებელ სახლში, ნ. თ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. თ-ას, კერძოდ, ხელის კვრით მიანარცხა კედელზე და ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბ-ში, პ.მ-ის ქუჩის N-ში მდებარე ნ. თ-სა და მ. თ-ას საცხოვრებელ სახლში, ნ. თ- დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. თ-ას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ლაშა ლოლუა ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ნ. თ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (4 ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენაში გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მისთვის, დანაშაულთა ერთობლიობით, შესაბამისი მუხლების სანქციით დადგენილი მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს, ასევე – დანაშაულთა ჩადენას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ნ. თ-ს ქმედებებიდან გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის ამორიცხვასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: გენდერი სქესის სოციალურ განზომილებას წარმოადგენს, რომელიც ასახავს ამა თუ იმ საზოგადოებაში მამაკაცად და ქალად ყოფნის თავისებურებებს. გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან/და შეზღუდვას, რაც გამოხატულია უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განსხვავებული აღიარებით, შესაძლებლობების არათანაბარი წარმოჩენით, შესუსტებით ან სრული უარყოფით. პირის ქმედების გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ პირმა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა სწორედ დისკრიმინაციის შემცველი ნიშნით – გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

8. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია თანასწორობის უფლება, კერძოდ, აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

9. გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ერთი გენდერის წარმომადგენელია და არა – მეორის. აღნიშნული ძირითადად მომდინარეობს იმ სტერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც, ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას. ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფითად ზემოქმედებს ქალებზე. მოტივი წარმოადგენს მოთხოვნილებითა და ინტერესით განპირობებულ ქმედით ძალას, რომელიც ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილების მიზეზი ხდება. მოტივის განსაზღვრა ძირითადად მაშინაა შესაძლებელი, თუ დანაშაულის ჩადენამდე, ჩადენის პროცესში ან მის შემდეგ შესაძლო დამნაშავის ნება გამჟღავნდა საზოგადოებაში რაიმე ფორმით და ობიექტურად შეცნობადი გახდა სხვებისათვის – როგორც დაზარალებულის, ისე – გარშემო მყოფი ადამიანებისათვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავის მხრიდან შეუწყნარებლობის დემონსტრაცია არ არის მოტივის იდენტიფიცირების ერთადერთი საშუალება. დიდ გავლენას ახდენს მისი წარსული ქცევების შესახებ ინფორმაცია, როგორიც შეიძლება იყოს რადიკალური, სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გავრცელება და სხვა (იხ. სუსგ: №50აპ-23).

10. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არ დადასტურდა ნ. თ-ს მიერ დანაშაულების ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. დაზარალებულმა მ. თ-ამ ჩვენების მიცემისას მიუთითა მხოლოდ ოჯახში ყოფითი პრობლემის გამო (როგორიცაა: ბრალდებულის მხრიდან აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება, ალკოჰოლის სისტემატური მოხმარება, თანხის სისტემატურად სესხება ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისაგან) ბრალდებულის მიერ მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ფაქტებზე და არ მიუთითებია ნ. თ-ს მხრიდან მის მესაკუთრულ დამოკიდებულებასა ან გარკვეული მოქმედებების აკრძალვაზე. აღსანიშნავია, რომ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენაზე არც სხვა მოწმეები უთითებენ. შესაბამისად, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობისა და მუქარის ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნ. თ-სათვის წარდგენილი ბრალდებებიდან სწორად ამორიცხეს მითითება აღნიშნულ დამამძიმებელ გარემოებაზე მითითება.

11. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

12. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

13. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. თ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (განზრახი დანაშაულების ეპიზოდების სიმრავლე) და შემამსუბუქებელი (მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, კანონისმიერი და ეთიკური ქცევა სასამართლოში საქმის განხილვისას) გარემოებების გათვალისწინებით, თითოეული მუხლით განუსაზღვრა კანონით დადგენილი სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ერთი მეექვსედით შეუმცირდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე), რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. თ-სათვის განსაზღვრული სასჯელები კანონიერია, სამართლიანია და მათი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე