საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2025
საქმის ნომერი
2კ-230აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005822943

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №230აპ-25 ქ. თბილისი

ჭ-ი ვ. , 230აპ-25 7 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. 1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. ჭ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 09:40 საათზე, თ-ში, ი-ს ქ.№..., ბინა №...-ში, ვ. ჭ-მა ყოფილ მეუღლეს - ნ. ხ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი მარცხენა ლოყაში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 09:40 საათზე, თ-ში, ი-ს ქ.№..., ბინა №...-ში, ვ. ჭ-ი ყოფილ მეუღლეს - ნ. ხ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ნივთის განადგურებით, კერძოდ, უთხრა, რომ დაულეწავდა მობილურ ტელეფონს და მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ნ. ხ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 09:40 საათზე, თ-ში, ი-ის ქ.№...-ში, ვ. ჭ-მა ყოფილ მეუღლეს - ნ. ხ-ს ჩაუკეტა თ-ში, ი-ს ქ.№..., ბინა №...-ში მდებარე მისივე საცხოვრებელი სახლის კარი, არ უბრუნებდა სახლის გასაღებს და არ აძლევდა სახლში შესვლის საშუალებას, რითაც აიძულებდა საკუთარ თავზე განეცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

· 2021 წლის 23 მაისს, ღამის საათებში, თ-ში, ი-ის ქ.№...-ში, ვ. ჭ-მა მეუღლეს - ნ. ხ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელი მოუჭირა ყელის არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 23 მაისს, ღამის საათებში, თ-ში, ი-ს ქ.№...-ში, ვ. ჭ-ი მეუღლეს - ნ. ხ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, კერძოდ, უთხრა, რომ გამოსჭრიდა ყელს და დაულეწავდა ავტომობილს. აღნიშნული მუქარა ნ. ხ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის განაჩენით:

2.1. ვ. ჭ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 23 აპრილის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 23 მაისის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 23 აპრილის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 23 მაისის ეპიზოდი) და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა ვ. ჭ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და გირაოს თანხა - 3000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2.3. გამართლებულ ვ. ჭ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენის გაუქმება, ვ. ჭ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და კანონიერი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ ვ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მა შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა ვ. ჭ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათაგან, რომლებიც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასეს ფაქტების დამდგენმა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.

7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: დაზარალებულმა ნ. ხ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების - რ. კ-ს, გ. დ-ს, გ. კ-ს ჩვენებები პირდაპირი შინაარსისაა იმ ნაწილში, რომელშიც ისინი აღწერენ დაზარალებულ ნ. ხ-ს მდგომარეობას გამოძახების შემდეგ მყისიერად მისვლისას. მათი გადმოცემით, ნ. ხ-ა, ორივე შემთხვევის დროს, იყო აღელვებული, ტიროდა; ასევე, 2022 წლის აპრილის ეპიზოდისას ემჩნეოდა სიწითლე ლოყაზე. ამის მიუხედავად, მოწმეები არ ყოფილან ფიზიკური ძალადობის, მუქარის ან იძულების ფაქტის თვითმხილველები. ის გარემოება, რომ ვ. ჭ-მა პატრულ-ინსპექტორს გადასცა ნ. ხ-ს სახლის გასაღები, არ ადასტურებს უპირობოდ იმ გარემოებას, რომ მას სახლში შესვლის საშუალება არ ჰქონდა (ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52); შემაკავებელი ორდერების შინაარსი არსებით საკითხებში ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ, 2021 წლის 23 მაისის ფაქტთან მიმართებით, ვ. ჭ-ს ბრალდების მხარე ედავება ნ. ხ-ს მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას. შემაკავებელი ორდერის მიხედვით კი, აღნიშნულ დღეს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ვ. ჭ-ს მხრიდან მეუღლის მიმართ. მასში არ არის საუბარი არც ფიზიკურ ძალადობაზე და არც მუქარაზე. უფრო მეტიც, აღნიშნულია, რომ სხვა სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება 2022 წლის 23 აპრილს გამოცემულ შემაკავებელ ორდერს, ისიც მხოლოდ ნაწილობრივ შეიცავს მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ვ. ჭ-მა ნ. ხ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - სახეში გააწნა სილა. მასში მუქარის ჩადენასთან დაკავშირებული გრაფა უარყოფითი პასუხითაა მონიშნული.

8. მნიშვნელოვანია თავად ვ. ჭ-ს განმარტებები, რომლის მიხედვით, დაშორების შემდეგ, შერიგების მიზნით, ნ. ხ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, ეუბნებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რათა მასთან დაბრუნებულიყო. ი-ის ქუჩაზე ორი ბინა აქვს, მეოთხე და მეხუთე სართულზე. მეოთხე სართულის ბინა, რომელშიც ნ. ხ-ა ცხოვრობდა, ორსართულიანია, უერთდება მეხუთე სართულის ბინას და აქვს ერთმანეთში გასასვლელი. 23 აპრილს, პოლიციის მისვლის დროს, თავად იმყოფებოდა მეხუთე სართულზე დედის ბინაში, კარი იყო ღია, ნ. ხ-ს თავისუფლად შეეძლო ღია კარით ესარგებლა და შესულიყო თავის ბინაში. გამომძიებლებს ბინა არ დაუთვალიერებიათ და არც აღნიშნული უნახავთ. როდესაც პოლიციის თანამშრომელი ავიდა მასთან და უთხრა, ნ. ხ-სთვის დაებრუნებინა გასაღები, ნახა, რომ იგი ეგდო იატაკზე, ნ. ხ-ა მივიდა და აიღო გასაღები, ამ გასაღების არსებობის შესახებ თავად არ იცოდა. იმ დღეს კონფლიქტი წარმოიშვა იმის გამო, რომ ნ. ხ-ა ცდილობდა მისთვის ტელეფონის წართმევას, თავად კი არ აძლევდა. პოლიციამ მასაც შესთავაზა სამედიცინო დახმარება, რადგან გაცილებით მძიმედ გამოიყურებოდა სახესა და ყელზე. იმ დღეს თავად უფრო იყო დაზარალებული. რაც შეეხება სახეში დარტყმას, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ნ. ხ-ა იმდენად ახლოს იყო მასთან, მარცხენა მხარეს ვერანაირად ვერ დაარტყამდა.

9. საკმაოდ ბუნდოვანია დათვალიერების ოქმის შინაარსი, რომლის თანახმად, დათვალიერდა 2022 წლის 23 აპრილს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსის ამსახველი აუდიოჩანაწერები. ჩანაწერის მიხედვით, პერიოდულად ისმის ქალის კივილის ხმა: „ხელი გაუშვი, ხელი გაუშვი“, მამაკაცის ხმა „რატომ მირტყამ, რა გინდა“, „როგორ შემომივარდი სახლში“, „ნუ მირტყამ...“ ქალბატონის ხმა „ნუ მაგდებ, ნუ მამცირებ...“, „ნუ მაფურთხებ“, „გამიშვი, ხელს ნუ მკიდებ“... „ხელი დამარტყა კიდევ...“ შეტყობინების ამგვარი ტექსტი გაურკვეველს ტოვებს საკითხს, რა მოხდა სინამდვილეში შემთხვევის ადგილზე 2022 წლის 23 აპრილს. ქალისა და მამაკაცის ფრაზებიდან იკვეთება, რომ ფიზიკურად, სავარაუდოდ, ორივე მათგანი ძალადობს. შემთხვევის დღეს ნ. ხ-ს მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე აღნიშვნას შეიცავს ასევე ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი.

10. 2022 წლის 23 მაისს ნ. ხ-ს მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ნაწილში მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო შინაარსის დოკუმენტაცია, კერძოდ, №43 სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტ ნ. ხ-ს დახმარება გაეწია 2022 წლის 23 აპრილს. პაციენტი უჩივის შფოთვას, ფორიაქს, გულის ფრიალის შეგრძნებას, პირის სიმშრალეს. ჩივილები დაეწყო დღეს დილიდან და უკავშირებს ემოციურ გადაძაბვას. დიაგნოზი: არტერიული ჰიპერტენზია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის მიხედვით, წარდგენილი სამედიცინო ბარათის მონაცემებითა და პირადი შემოწმებისას ნ. ხ-ს სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება. ამასთან, შეუძლებელია იმის დადგენა, განიცადა თუ არა ნ. ხ-მ თითოეულ შემთხვევაში ტკივილი და მუქარის რეალური შიში, რაც ძალადობისა და მუქარის დანაშაულებისათვის აუცილებელი ობიექტური ნიშნებია.

11. ამდენად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გაცხადებული ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა - in dubio pro reo - პრინციპის მხედველობაში მიღებით, მართებულად გადაწყვიტეს ვ. ჭ-ს სასარგებლოდ.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR ,18/07/2006).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე