საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2025
საქმის ნომერი
2კ-285აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100122005555352

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №285აპ-25 ქ. თბილისი

მ-ა ი. , 285აპ-25 7 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის, მსჯავრდებულ ი. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით:

1.1. ი. მ-ა, - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - ჯარიმა 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - ჯარიმა 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

1.2. გაუქმდა ი. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გ. მ-ს (...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - (მდებარე: ქ. ო-ი, მ-ს ქუჩა N...-ში, ფართით 139,21კვ.მ., საკადასტრო კოდით ... ) – 3000 ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ.ო-ში, მ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. მ-მ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მ. ც-ს, განაწყენებულმა იმით, რომ თითქოს მან მის შვილიშვილს - გ. კ-ს ველოსიპედით სეირნობის დროს ესროლა ქვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ... წლის ... იანვარს დაბადებულ მ. ც-ს ხელთნაქონი ბამბუკის ჯოხი რამდენიმეჯერ ჩაარტყა მარჯვენა მხარეს გვერდში. მ. ც-მ ი. მ-ს ქმედების, კერძოდ, ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· ქ.ო-ში მ-ს ქუჩის N...-ში მცხოვრებ ვ. ც-ს ო-ის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ, 2020 წლის 1 ოქტომბერს ქონების მესაკუთრე სსიპ ო-ის მუნიციპალიტეტმა ქ.ო-ში მ-ს ქუჩის N...-ში, პირველ სართულზე მდებარე 152,5 კვ.მ ფართზე (ს.კ....), გაუფორმა 20 წლით იჯარის ხელშეკრულება, აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა მეზობლად მცხოვრები ი. მ-სათვის, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ქონების მესაკუთრე იყო ვ. ც-ე, იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა ფართში და განათავსა კუთვნილი ნივთები, რის შემდეგაც ყოველდღიური მოხმარებისათვის იყენებდა ფართს, მიუხედავად ვ. ც-სა და მისი ოჯახის წევრების, შვილის - ა. ც-სა და რძლის - შ. ა-ს არაერთი მოთხოვნისა, ძალადობის მუქარით არ აძლევდა მათ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგათ კუთვნილი ფართი, რითაც ი. მ-მ დაარღვია სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ი. მ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3.3. ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3.4. გაუქმდა ი. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გ. მ-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, მდებარე ქ. ო-ში, მ-ის ქუჩის №...-ში (ფართით 139,21კვ.მ., საკადასტრო კოდით ...) – 3000 ლარის ექვივალენტურ ნაწილს უნდა მოეხსნას ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

4. კასატორმა - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ი. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულმა ი. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-მ შესაგებლით მოითხოვეს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

4.2. მსჯავრდებულმა ი. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განაჩენის გაუქმება და ი. მ-ს გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა ან დაუსაბუთებელი და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამეთუ მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, ამავდროულად, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, უტყუარად ვერ დადგინდა ი. მ-ს მიერ სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ხოლო, მეორე მხრივ, სარწმუნოდ დადასტურდა 2020 წლის 24 აგვისტოს ცემის ფაქტის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

7. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ი. მ-სა და ვ. ც-ს ოჯახებს შორის წლების განმავლობაში იყო დავა ქ.ო-ში, მ-ს ქ. №...-ში პირველ სართულზე მდებარე ფართზე. ეს სადავო არ არის და ადასტურებს ორივე მოდავე მხარე.

8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ფართის სადაო პირველ სართულს ი. მ-ა ჯერ კიდევ 1993 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა. 2015 წელს განცხადებითაც მიმართეს ო-ის მუნიციპალიტეტის მერიას ფართის დაკანონების მოთხოვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ი. მ-ს მიერ ამ სადაო ფართის ფლობასა და სარგებლობას 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, იჯარის ხელშეკრულებით ვ. ც-სათვის გადაცემამდე, სადაოდ არ ხდის არც ბრალდების მხარე.

9. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ შეიჭრა ი. მ-ა სადაო ფართში, რაც იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა იგი ც-ებს, ანუ 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. კონკრეტულ შემთხვევაში, დასადგენია: 1) იცოდა თუ არა ი. მ-მ იჯარის ხელშეკრულების არსებობის, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ სადაო ფართი 20 წლის ვადით იჯარით გადაეცა ვ. ც-ის ოჯახს და 2) ჰქონდა თუ არა განზრახვა იმისა, რომ მიუხედავად იმისა რომ ფართი სხვის მფლობელობაში იყო, უკანონოდ შესულიყო მასში.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ი. მ-ს ეცნობა სადაო ფართის იჯარის ხელშეკრულებით ვ. ც-ს ოჯახისათვის გადაცემის თაობაზე; მითუფრო, რომ მის სიძეს - გ. ქ-ს ჯერ კიდევ 2015 წელში ჰქონდა მიმართული მერიისთვის ამ ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომ ი. მ-სა და მისი ოჯახისათვის ვ. ც-ს ოჯახის წევრებისაგან იყო ცნობილი ოფიციალური დოკუმენტის (იჯარის ხელშეკრულების) წარდგენის საფუძველზე. ვ. ც-ე და შ. ა-ი აღნიშნავენ, რომ ი. მ-მ იცოდა იჯარის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე, თუმცა მიუთითებენ იმასაც, რომ ეს ხელშეკრულება მისთვის არ წარუდგენიათ.

11. თავად ი. მ-ა აღნიშნავს, რომ იჯარის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე არ იცოდა. მისთვის ც-ებს ხელშეკრულება არ უჩვენებიათ, არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს და არც მერიიდან მიუღია შეტყობინება. როცა შეიტყო, რომ იჯარის ხელშეკრულება ნამდვილად არსებობდა, პროვოკაციას მოერიდა, გამოიძახა პოლიცია და მათი თანდასწრებით დაცალა სადაო ფართი. დავა მათ შორის აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით დღესაც გრძელდება სასამართლოში. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი არ არის პირდაპირი სახის მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ი. მ-ა ინფორმირებული იყო სადაო ფართზე ვ. ც-ს მიერ იჯარის ხელშეკრულების დადების თაობაზე და რომ განზრახ, უკანონოდ არღვევდა სხვის მფლობელობას.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

13. დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დგინდება ი. მ-ს მიერ 2020 წლის 24 აგვისტოს მ. ც-ს ცემის ფაქტი შემდეგ გარემოებათა გამო:

14. დაზარალებულ მ. ც-ს ჩვენების გარდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ი. მ-მ მას ხელთნაქონი ბამბუკის ჯოხი რამდენიმეჯერ ჩაარტყა მარჯვენა მხარეს გვერდში, საქმეში წარმოდგენილია ფაქტის თვითმხილველი მოწმეების - ლ. ც-სა და ი. ც-ს ჩვენებები, რომლებმაც ასევე დაადასტურეს ი. მ-ს მიერ მ. ც-ს ცემა. კერძოდ, მათ განმარტეს, რომ ი. მ-მ მ-ს დაარტყა ბამბუკის ჯოხი, რომელსაც ეტყობოდა სიწითლე მარჯვენა გვერდის არეში. მოწმე შ. ა-ს ჩვენების თანახმად, 2020 წლის 24 აგვისტოს მისი შვილები წასულები იყვნენ სათამაშოდ სახლთან ახლოს მდებარე აუზის ტერიტორიაზე; საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე შემოესმა ბავშვების ტირილის ხმა, გადაიხედა და დაინახა მისი შვილი მ. , რომელსაც გვერდებზე ჰქონდა მირტყმული და იდებდა ხელს. ი. მ-ა თავზე ადგა და ეუბნებოდა, „ხომ კარგია, ხომ კარგიაო“.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. მ-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, არც ამ კუთხით არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

16. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ი. მ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის, მსჯავრდებულ ი. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე