საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.07.2025
საქმის ნომერი
2კ-193აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100124009140867

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №193აპ-25 ქ. თბილისი

ხ. მ. 193აპ-25 28 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ხ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ხ–ის, – პირადი ნომერი: …….., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 12 მარტს, ნ. ხ–ემ ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მიიღო მ. ხ–ისგან გაგზავნილი წერილი, რომლითაც მ. ხ–ე ნ. ხ–ეს აიძულებდა მისთვის სახლის გადაფორმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა დანაშაულის ჩადენით.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით მ. ხ–ემ ჩაიდინა – ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 150-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. 2024 წლის 22 მარტს, ნ. ხ–ემ ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მიიღო მ. ხ–ისგან გაგზავნილი წერილი, რომლითაც მ. ხ–ე ნ. ხ–ეს აიძულებდა მისთვის სახლის გადაფორმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენით ემუქრებოდა და მიუთითებდა, რომ ნ. ხ–ე თავის შვილებს მშვიდად ვერ გაზრდიდა.

1.2.1. აღნიშნული ქმედებით მ. ხ–ემ ჩაიდინა – ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენით მ. ხ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 12 მარტის ეპიზოდი) – ჯარიმა 1000 ლარი;

2.2. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 22 მარტის ეპიზოდი) – ჯარიმა 2000 ლარი;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ხ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 2000 ლარი;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა საბოლოო სასჯელმა შთანთქა მ. ხ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დანიშნული, მოუხდელი სასჯელი – ჯარიმა 500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ხ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 2000 ლარი.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენში (საქმე N1/140-24 (N017140324001)) ბრალდებულ მ. ხ–ის მიმართ, გასწორდა დაშვებული ტექნიკური ხასიათის უზუსტობა და განაჩენის მე-5 პუნქტი და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 აბზაცები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ – ნ. ხ–ისგან ამოღებული ფოსტის კონვერტი, ორი ცალი თაბახის ფურცელი ხელნაწერი ტექსტით და მ. ხ–ის ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით”.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ჩ–მა. აპელანტმა მოითხოვა მ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობა.

4.1. ადვოკატის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გაგნიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის განაჩენში მ. ხ–ის მიმართ შეტანილი იქნა დაზუსტება (მტკიცებულებათა გადაწყეტის ნაწილში). კერძოდ, 2025 წლის 17 იანვრის №1ბ/1806-24 განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების აბზაცში მიეთითა: ,,სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: – ნ. ხ–ისგან ამოღებული ფოსტის კონვერტი, ორი ცალი თაბახის ფურცელი ხელნაწერი ტექსტით და მ. ხ–ის ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები – შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით”.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ხ–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ჩ–მა. კასატორები ითხოვენ მ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობას.

6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გაგნიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის წერილით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში პროკურორის შესაგებელზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ მ. ხ–ის სახელითა და გვარით შედგენილი დოკუმენტი – ,,საკასაციო საჩივარზე შესაგებელზე მოსაზრება“.

6.2.1. საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლი ითვალისწინებს მხარის მიერ შესაგებლის წარდგენის პროცედურას და კასატორის უფლებას სასამართლოსაგან მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი, თუმცა, იმავდროულად, არ ითვალისწინებს შესაგებელთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრების წარდგენას. იმავდროულად, სასამართლოში წარმოდგენილი (გადმოგზავნილი) აღნიშნული დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი. საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს აღნიშნული სახის დოკუმენტის დახარვეზების შესაძლებლობასაც. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და შეაფასოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის N......... წერილით გადმოგზავნილ დოკუმენტში (,,საკასაციო საჩივარზე შესაგებელზე მოსაზრებაში“) მითითებულ გარემოებებზე.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, paras. 37,41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და მოითხოვა მ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობა.

8.1. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია იმ საკითხს გარკვევა, მ. ხ–ემ ჩაიდინა თუ არა მსჯავრაშერაცხილი დანაშაულები.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.

9.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9.2. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

10. დაზარალებულ ნ. ხ–ის ჩვენების (2024 წლის 12 მარტს, ნ. ხ–ემ მ. ხ–ისგან ფოსტით მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ, მართალია, სამოქალაქო დავა მოუგო, თუმცა არ შეარჩენდა სახლს. მ. ხ–ე ემუქრებოდა ისეთი რამის ჩადენით, რასაც არაფერი ეშველებოდა, თუკი სახლს არ გადაუფორმებდა. დაზარალებულმა წერილის შინაარსი აღიქვა მუქარად და იძულებად, ამიტომ მიმათა სამართალდამცავ ორგანოს. ასევე, 2024 წლის 22 მარტს, დაზარალებულმა მ. ხ–ისგან მიიღო მეორე წერილი, რომლის თანახმად, მ. ხ–ემ მას თვის ბოლომდე მისცა ვადა, რათა გადაეფორმებინა სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნ. ხ–ეს თავის თავისთვის უნდა დაებრალებინა, რასაც ჩაიდენდა – ის და მისი შვილები იქ ვერ იცხოვრებდნენ. დაზარალებულს ამ წერილების შინარსით გაუჩნდა შიში, რომ თუკი თავის საცხოვრებელ სახლს მსჯავრდებულს არ დაუთმობდა, მას და მის შვილებს რამეს დაუშავებდა), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი წერილებისა (კერძოდ, ,,.....მაგ სახლს არავითარ შემთხვევაში შენ არ დაგითმობ და ვერცერთ კაპიკს შენ ვერ მიიღებ..... გთხოვ დამირეკო ტელეფონის ნომერზე... და მომახსენო, მაგ სახლს მითმობ, თუ არა ... მხდით იძულებულს, რომ წავიდე დანაშაულზე, რომლის გამოსწორებაც უკვე შეუძლებელი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მე დავრჩი ცოცხალი, სამივეს მოგვიწევს მეტნაკლებად პასუხისგება, თუ არა, მაშინ თქვენ ორს...”; ,,თქვენ ქალბატონო, ეგ წერილი იქ კი არ უნდა მიგეტანათ, უნდა დამკავშირებოდით ... ერთიმეორესთან შეთანხმებით მოვრიგებულიყავით ყოველგვარი სამართალდამცველი ორგანოების გარეშე. თქვენ თუ ფიქრობთ, ამ მეთოდით დაიტოვებთ ჩემს სახლს, ძალიანა სცდებით.....მე მაგ სახლს ქალბატონო ნ–ა ცოცხალი თავით თქვენ მაინც არ დაგიტოვებთ....... მე გირჩევ თავისი ნებით გადმომიფორმო ჩემი სახლი, რომლის შემდეგაც მე დავწყნარდები და შენაც წყნარად და მშვიდად გაზრდი შენ შვილებს. შენ ხომ ფული არ გიჭირს და იმ 17000 დოლარის გამო თუ მე მიმიყვან იმ ზომამდე, რომ მოვიმოქმედო ისეთი რამე, რომ იმის გამოსწორება უკვე შეუძლებელი იქნება.... ქალბატონო ნ–ა თუ ამ წერილის მიღების შემდეგ დაუფიქრდები კარგად და დამიბრუნებ ჩემ სახლს, მეც დავწყნარდები და შენც ყოველგვარი სასამართლოების და პასუხისმგებლობის გარეშე გაზრდი მაგ თავის ანგელოზებს. ქალბატონო ნ–ა თუ შენ ამას არ გადასწყვეტ მარტის ბოლომდე, მერე მე უკვე ვიფიქრებ რა მოვიმოქმედო და სადამდე მიმიყვანეთ, რაზედაც პასუხისგება მოგვიწევს ყველას ვინც კი რა მონაწილეობა მიიღეთ ჩემი 23 წლის ტანჯვა-წამებაში....”) და კალიგრაფიული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის 2024 წლის 28 მარტისა და 5 აპრილის დასკვნების (კონვერტებზე შესრულებული ხელნაწერი ტექსტი, თაბახის ფურცლებზე შესრულებული ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერა შესრულებულია მ. ხ–ის მიერ ), სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მ. ხ–ის უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ მის ქმედებებში არ იკვეთება იძულება, იგი მხოლოდ თხოვდა/,,თხოვნით მიმართავდა“ ნ. ხ–ეს სახლის გადაფორმებას.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ. ხ–ემ ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.

12. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

13. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017)

14. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე სხვა საფუძვლის/ საფუძვლების არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ხ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე