საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.07.2025
საქმის ნომერი
2კ-198აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123007471765

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№198აპ-25 ქ. თბილისი

ა-ი ჯ., 198აპ-25 22 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 იანვრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვახტანგ ცალუღელაშვილისა და მსჯავრდებულ ჯ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ – გ. ნ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. ა–ს – დაბადებულს 19.. წლის ...., – ბრალად დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2023 წლის 11 აპრილს, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩაზე მდებარე „უ–ს“ მიმდებარედ, ჯ. ა–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპს (α-PVP) შემცველი, 0,067 გრამი ნივთიერება, უკანონოდ მიასაღა ნ. ზ–ს, რაც მას იმავე დღეს ამოუღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

1.2. 2023 წლის 12 აპრილს, ქ.თ–ში, მ–ს ქუჩაზე, ჯ. ა–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებების – 0,00042 გრამი ამფეტამინისა და 0,00866 გრამი მეტამფეტამინის – შემცველი ნივთიერება, უკანონოდ მიასაღა ნ. ზ–ს, რაც მას იმავე დღეს ამოუღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. ჯ. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი)

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის განაჩენით: ჯ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, ჯ. ა–ს განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა – ვახტანგ ცალუღელაშვილმა, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლასა და ჯ. ა–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ჯ. ა–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – თ. მ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის განაჩენი შეიცვალა: ჯ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა – ვახტანგ ცალუღელაშვილმა, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ჯ. ა–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. ნ–მა.

7. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლასა და ჯ. ა–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის და კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით – მოწმეების ნ. ზ–ისა და ე. მ–ის ჩვენებებით, ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმებით, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით – უტყუარად დასტურდება მის მიერ 2023 წლის 11 აპრილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და ნ. ზ–ისათვის მისაღების ფაქტი.

8. დაცვის მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ჯ. ა–ის უდანაშაულოდ ცნობას, რამეთუ მიიჩნევს, რომ მისი მსჯავრდება უკანონოა. ჯ. ა–ის დევნა დაეფუძნა პოლიციის აგენტების – ნ. ზ–ისა და დ. ბ–ს – მოქმედებებს, აქედან – ნ. ზ–ი დადგენილია, რომ სხვა, არაერთი საქმის ფიგურანტია. 2023 წლის 11 აპრილის ჩავარდნილი ოპერაციის შემდეგ, როდესაც ჯ. ა–ის დნმ-ი არ აღმოჩნდა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე, მისი გვარი არ ყოფილა დატანილი გადახდის ქვითარზე და არ არსებობდა სატელეფონო საუბარი, რომელიც მსჯავრდებულის ნ. ზ–თან კავშირს დაადასტურებდა, 2023 წლის 12 აპრილს, დ. ბ–მა ჯ. ა–ი გააგზავნა ნ. ზ–თან ბინის ქირის – 200 ლარის – გამოსართმევად და, ამავდროულად, გაატანა ნ. ზ–ისათვის გადასაცემი ინსულინის შპრიცი, რომელშიც ნაცვლად ინსულინისა ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. აქედან, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ დააკავეს ჯ. ა–ი, რადგან, მიუხედავად მცდელობისა, გამოძიებამ მის წინააღმდეგ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ვერ შეძლო.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რამეთუ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა, რომ 2023 წლის 12 აპრილს, ჯ. ა–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები, უკანონოდვე მიასაღა ნ. ზ–ს, ხოლო, მეორე მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა 2023 წლის 11 აპრილს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტი, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს 2023 წლის 11 აპრილის ბრალდებასთან დაკავშირებით, ჯ. ა–ის უდანაშაულოდ ცნობის, ხოლო – 2023 წლის 12 აპრილის ქმედებებთან მიმართებით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

12. დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით აღსანიშნავია: მოწმე ნ. ზ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2023 წლის 11 აპრილს, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, ჯ. ა–ს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადასცა ოპერატიული თანხა, რომლის სანაცვლოდ, ჯ. ა–მა, მომდევნო დღეს მიუტანა შპრიცში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, თავის მხრივ, მან წარუდგინა გამომძიებელს; მოწმე ნ. ზ–ის მამხილებელი ჩვენება თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, რამეთუ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, რომლებსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს. კერძოდ: დადგენილია, რომ, ერთი მხრივ, 2023 წლის 11 აპრილს, ნ. ზ–მა ჯ. ა–ს გადასცა 200 ლარი, ხოლო, მეორე მხრივ, 2023 წლის 12 აპრილს, შეხვედრისას, ნ. ზ–ი ჯ. ა–ის მითითებით, ჩაჯდა ავტომანქანის უკანა სალონში, რა დროსაც, მსჯავრდებულმა გადასცა სითხიანი ინსულინის შპრიცი; 2023 წლის 12 აპრილის ამოღების ოქმით ირკვევა, რომ თ–ში, .....ის გამზირის №..-ის მიმდებარედ, გამომძიებელმა ო. ჩ–მა ნ. ზ–ს ამოუღო ჯ. ა–ისგან შეძენილი ინსულინის შპრიცი, მასში მოთავსებული მუქი სითხით; ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონშესაბამისაობა დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – ო. ჩ–ის ჩვენებით; 2023 წლის 13 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის №.......... დასკვნით კი დადგენილია, რომ ნ. ზ–ისაგან ამოღებული 1 მლ-იან შპრიცში მოთავსებული სითხე, შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ამფეტამინს, წონით – 0,00042 გრამს და მეტამფეტამინს, წონით – 0,00866 გრამს.

13. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარის მტკიცების კვალდაკვალ, რომ, თითქოსდა, მსჯავრდებულს ბინის ქირის თანხა გადასცა ნ. ზ–მა, რომელსაც ისე მიუტანა ინსულინის შპრიცი, რომ არ იცოდა მასში ნარკოტიკული საშუალების არსებობა, საყურადღებოა 2023 წლის 12 აპრილის ჩანაწერი, რომლის შინაარსის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის შემდეგ, ნ. ზ–ი ინტერესდება შეძენილის ხარისხით, ეკითხება: „ – ეს ეხლა, როგორ მეყოფა, თუ ისეთი არ არის?“, რაზეც ჯ. ა–ი პასუხობს: „ – არა, მაგარია“ და უთითებს, სხვაზე, რომელმაც, მისი თქმით: „ – ახლა გაიკეთა.“ შესაბამისად, ჯ. ა–ისა და ნ. ზ–ის კომუნიკაციის შინაარსი არაფრით მიანიშნებს, რომ ჯ. ა–მა ბინის ქირის თანხა გამოართვა ნ. ზ–ს და არ იცოდა, რომ ინსულინის შპრიცში, რომელიც გადასცა მას, ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული, როგორც ამაზე დაცვის მხარე მიუთითებდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ა–ის მსჯავრდება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების, მისი მსჯავრდების ნაწილში, გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

14. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მოტივაციისას, მართებულად მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, 2023 წლის 11 აპრილის ბრალდებასთან მიმართებით, საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებეთან დაკავშირებით, ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხველია, შესაბამისად, ვერ ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს, ბრალდების ამ ნაწილში ჯ. ა–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, მოწმე ნ. ზ–მა დაადასტურა, რომ 2023 წლის 10 აპრილს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ჩაურიცხა ოპერატიული თანხა – 130 ლარი – ჯ. ა–ს, რომლის სანაცვლოდ, მსჯავრდებულმა მეორე დღეს გადასცა მას ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი; იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა ნ. ზ–მა გამომძიებლის მიერ მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების დროს, როდესაც, მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მისგან ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი, რომელიც შეიძინა ჯ. ა–ისგან, მაშინ, როდესაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნანა 2023 წლის 11 აპრილს, ზ–საგან ამოღებულია არა ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი, არამედ – ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპს (α-PVP) შემცველი ნივთიერება; ამავდროულად, მოწმის სახით დაკითხული – საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს გამომძიებელის – ე. მ–ის ჩვენებასთან მიმართებით, რომელზეც დიდწილად აპელირებს ბრალდების მხარე თავის საკასაციო საჩივარში, რამეთუ მიიჩნევს, რომ ნ. ზ–ის ჩვენება გამყარებულია სწორედ მოწმე ე. მ–ის მონათხრობით, რომელიც ვიზუალურად აკონტროლებდა ჯ. ა–თან 2023 წლის 11 აპრილის მის შეხვედრას, ხაზგასასმელია, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, ე. მ–მა დაადასტურა, რომ ზემოხსენებული საკონტროლო შესყიდვისას ხორციელდებოდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მაშინ, როდესაც ამ სადავო შეხვედრის ამსახველი რაიმე სახის ჩანაწერი, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მტკიცებულებების გამოკველევის დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მარტებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

16. დანაშაულის შესაძლო წაქეზებასთან დაკავშირებით, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე თავის საკასაციო საჩივარში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდების გამოყენება უწევთ, რაც საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა, თავისთავად, არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პუნქტი 51). სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin v. Russia, პუნქტი 128). განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ. ა–ის საქმის სამართალწარმოებისას დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა, სასამართლოში ედავა მსჯავრდებულის მიმართ დანაშაულის შესაძლო პროვოკაციის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ კი, შესაბამისად, იმსჯელა საკასაციო საჩივარში ამ კუთხით გაცხადებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით (პროცესუალური ტესტი). აღსანიშნავია, რომ საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო მოქალაქე ნ. ზ–ის მიერ სამართალდამცავებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯ. ა–ი, რომელიც 1 ასანთის კოლოფ ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას ასაღებდა – 100 ლარად. ნ. ზ–მა ჯ. ა–ის მხილების მიზნით, თავად განაცხადა თანხმობა, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებებში; მოწმის გამოკითხვისას მითითებული, შესაძლო დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავის მხილების მიზნით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა პროკურატურისა და სასამართლოს უშუალო კონტროლით; ჯ. ა–ის დანაშაულებრივი წინასწარგანწყობა კი, სარწმუნოდ დგინდება ნ. ზ–თან შეხვედრისას გამოვლენილი აქტივობით. კერძოდ, ცხადად იკვეთება, რომ შეხვედრისთანავე, ჯ. ა–ი უთითებს, სად უნდა დაჯდეს იგი ავტომანქანაში, რათა გადასცეს ნარკოტიკი. მსჯავრდებული თავად განკარგავს სრულად, როგორი ხარისხის ნარკოტიკულ საშუალებას ასაღებს ნ. ზ–ს და კლიენტის ეჭვის გასაქარწყლებლად, უმტკიცებს, რომ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ახლახან მოიხმარა სხვამ და არის ძალიან კარგი. შესაბამისად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერი ცხადყოფს მსჯავრდებულის აქტიურ როლს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში, ადასტურებს, რომ ჯ. ა–ი თავისი სურვილით მოქმედებდა და მასზე რაიმე სახის ზეწოლას ან/და იძულებას ადგილი არ ჰქონია (მატერიალური ტესტი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ჯ. ა–ის მიმართ დანაშაულის შესაძლო პროვოკაცია არ იკვეთება.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვახტანგ ცალუღელაშვილისა და მსჯავრდებულ ჯ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ – გ. ნ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი