საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100125010752787
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №659აპ-25 ქ. თბილისი
გ. კ. 659აპ-25 13 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ზედელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: კ. გ–ს - პ/ნ ............, - ბრალად ედებოდა:
1.1. იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლებლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი არაერთგზის და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
კ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა კ. გ–მა, 2024 წლის სექტემბრის დასაწყისში სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო მ. ქ–ე, რომელსაც ურთიერთობის პერიოდში უკრძალავდა მობილური ტელეფონის სურვილისამებრ გამოყენებას, სურდა, მუდმივად ეკონტროლებინა იგი და მ. ქ–ეს შეესრულებინა მისი ყველა მითითება. 2024 წლის ნოემბერში, კ. გ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ინტიმური შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების მუქარით, მ. ქ–ე არაერთხელ აიძულა ....–იდან ჩასულიყო ქ. თ–ში და მისი ნების საწინააღმდეგოდ შეხვედროდა ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩის ..–ში-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. კ. გ–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით მ. ქ–ეს მიადგა მორალური ზიანი.
1.2. მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა კ. გ–მა, 2024 წლის სექტემბრის დასაწყისში სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო მ. ქ–ე, რომელსაც ურთიერთობის პერიოდში უკრძალავდა მობილური ტელეფონის სურვილისამებრ გამოყენებას, სურდა, მუდმივად ეკონტროლებინა იგი და მ. ქ–ეს შეესრულებინა მისი ყველა მითითება. 2024 წლის 19 ნოემბერს, სატელეფონო საუბრისას, კ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დაემუქრა ....–ში, .......ას ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ მ. ქ–ეს და მის მშობლებს - ი. ქ–ესა და მ. ე–ს კერძოდ, უთხრა, რომ „ჯერ მ. ქ–ეს გამოჭრიდა ყელს და შემდეგ მის მშობლებს. მთელ ოჯახს ამოწყვეტდა და სისხლში აბანავებდა“. ასევე, უთხრა, რომ „გადაწვავდა მათ საცხოვრებელ სახლს“. კ. გ–ის მუქარა მ. ქ–ემ, ი. ქ–ემ და მ. ე–მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კ. გ–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მ. ქ–ეს, მ. ე–სა და ი. ქ–ეს მიადგათ მორალური ზიანი;
1.3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
კ. გ–მა უკანონოდ შეიძინა და 2024 წლის 21 ნოემბრამდე ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩის ..–ში-ში, ბინა N..-ში მდებარე მის დროებით საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდა 0.01 გრამ ალფა-პვპ-ს (α-PVP), რაც ამოიღეს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად 2024 წლის 21 ნოემბერს.
1.4. მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
კ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
კ. გ–მა უკანონოდ შეიძინა და 2024 წლის 21 ნოემბრამდე ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩის ..–ში-ში, ბინა N..-ში მდებარე მის დროებით საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდა 25,5 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც ამოიღეს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად 2024 წლის 21 ნოემბერს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის განაჩენით:
2.1. კ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1.1. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი;
2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. კ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 21 ნოემბრიდან;
2.4. კ. გ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ზედელაშვილმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ კ. გ–ისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, კ. გ–ისათვის სასჯელის სახით მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შევიდა შესწორება და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
4.1.1. კ. გ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4.1.2. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა ზედელაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და კ. გ–ისათვის მსჯავრადშერაცხილი ყველა ქმედებისთვის მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე მ. ლ–ს აქტთან მიმართებით (აქტის თანახმად, თანაშემწე დაუკავშირდა პროკურორ ანა ზედელაშვილს, რომელსაც აცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე საკასაციო საჩივარი მის მიერ წარდგენილი იყო ვადის დარღვევით და განუმარტა, რომ უფლება ჰქონდა შუამდგომლობით მიემართა გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე), სასამართლო ითვალისწინებს, რომ პროკურორ ანა ზედელაშვილის მიერ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ოფიციალურ მეილზე გაგზავნილია 2025 წლის 13 ივნისს 20:05 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განაჩენის გასაჩივრების ერთთვიან ვადაში, საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვით. შესაბამისად, არ არსებობდა ვადის აღდგენის საჭიროება.
6. სასამართლო ითვალისწინებს, ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ კ. გ–ისათვის განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, სასჯელის სახით მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
7.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს კ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
8. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის (მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის) შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-10).
9. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით თვრამეტ თვემდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე; საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გარდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისა(განზრახი მძიმე დანაშაული), კ. გ–მა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. მსჯავრდებული კ. გ–ი აღიარებს მისთვის მსჯავრადშერაცხილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, უდავოდ ცნო მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
10.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების განმეორებით, არაერთგზის ჩადენა, როგორც ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი გათვალისწინებულია კ. გ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებში და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამატებით, სასჯელის დამძიმების წინაპირობად არ გამოიყენება. ამასთან, კ. გ–ს აღნიშნული დანაშაულებისათვის განსაზღვრული აქვს ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა) –საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის – მაქსიმალური ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – მაქსიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით.
10.1.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის მოთხოვნათა – გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენისას მოსახდელი სასჯელის ვადა 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას – დაცვით.
10.2.1. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ნამსჯელია საქართველოს სსკ-ში 2025 წლის 2 აპრილს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და შეფასებულია რამდენადაა გამოყენებული დამამძიმებელი გარემოება ("გენდერის ნიშნით") შინაარსობრივად თანხვედრაში საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილ ახალ ნორმატიულ წესრიგთან, საქართველოს სსკ-ში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის განმარტებითი ბარათის შესაბამისად.
10.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას დაცულია საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი – დანაშაულის რეციდვისას სასჯელის განსაზღვრა (მოსახდელი სასჯელის ვადა 1 წლით აღემატება ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), ხოლო საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად) კ. გ–ს განსაზღვრული აქვს ალტერნატიულ სასჯელთაგან ერთ-ერთი – ჯარიმა.
11. შესაბამისად, კ. გ–ისათვის განსაზღვრული სასჯელების სახე და ზომა, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
12. სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების ხასიათს, შედეგებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ხერხს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ზომას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული როგორც სასჯელების სახეს, ასევე – ზომას.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
14. 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავში განხორციელებულ ცვლილებებთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს სსკ-ში განხორციელებული ცვლილებებით მკაცრდება სასჯელი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ზედელაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განაჩენზე კ. გ–ის მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე