საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124008979918
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №541აპ-25 27 ოქტომბერი, 2025 წელი
ნ. ა., №541აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ლ–ისა და ს. კ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ნ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 11 იანვარს, დილის საათებში, ქ. თ–ი, ...ის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, რკინიგზის რელსების სიახლოვეს, ა. ნ–ემ მ. წ–ეზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება – 0,0341 გრამი ჰეროინი, კერძოდ, დასახელებული ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
1.3. 2024 წლის 13 იანვარს, დილის საათებში, ქ. თ–ი, ..... გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, რკინიგზის რელსების სიახლოვეს, ა. ნ–ემ მ. წ–ეზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება – 0,0264 გრამი ჰეროინი, კერძოდ, დასახელებული ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენით, ა. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2024 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2024 წლის 13 იანვრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2024 წლის 13 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, ა. ნ–ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი სასჯელები შემცირდა 1/6-ით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული და 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული ძირითადი და დამატებითი სასჯელების მოუხდელი ნაწილები და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ნ–ეს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად – ა. ნ–ეს 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა და მისი ქმედების დაკვალიფიცირება ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 8 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. ლ–მ და ს. კ–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორების პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ა. ნ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტები. სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია. მოწმე მ. წ–ე არის პროვოკატორი და მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. არ დასტურდება, რომ მსჯავრებულმა მ. წ–ეზე ნარკოტიკული საშუალება გაასაღა. ა. ნ–ე არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით, ინტერნეტის საშუალებით ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებებს. მ. წ–ე, ა. ნ–ეს შეგნებულად დაუახლოვდა, შევიდა მასთან ნდობაში და პროვოცირება გაუკეთა ა. ნ–ის ქმედებას. ვინაიდან მ. წ–ე ვერ ერკვეოდა სოციალურ ქსელებში, ა. ნ–ეს სთხოვა დახმარებოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, რის შემდეგაც ა. ნ–ემ მართლაც შეიძინა ნარკოტიკული საშუალება თავისთვისაც და მ. წ–ისთვისაც, რომელიც ისე გადასცა მ. წ–ეს, რომ აქედან რაიმე ფინანსური სარგებელი არ მიუღია. ამდენად, ნათელია, რომ ა. ნ–ე მ. წ–ეს დაეხმარა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში. კასატორის პოზიციით, ტერმინი „გასაღება“ გულისხმობს გარკვეული სარგებლის მიღებას, რასაც ამ კონკრეტულ სიტუაციაში ადგილი არ ჰქონია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ა. ნ–ის ქმედება წარმოადგენს არა ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, არამედ ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ნ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. ნ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პოზიციას ა. ნ–ის უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს ბრალდების მხარის მოწმეების – მ. წ–ის, ლ. ს–ს, მ. ა–ს, ბ. გ–ს, პ. წ–ს, ნ. წ–სა და ე. ყ–ს ჩვენებებს, მ. წ–ის განცხადებასა და ხელწერილს, 2024 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 13 იანვრის ამოღების ოქმებს, ქიმიური ექსპერტიზის N........ და N........ დასკვნებს, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს (კრებსებს) და ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N.... დასკვნას, რომლებიც ურთიერთთანხვდენილია და არ შეიცავს საეჭვო გარემოებებს. ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები კიდევ უფრო მეტი სანდოობის ხარისხს სძენს მოწმე მ. წ–ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას.
5.5. აღსანიშნავია, რომ ა. ნ–ე და მ. წ–ე ურთიერთობენ ნარკოტიკული საშუალების შეძენასთან დაკავშირებით, უშუალო კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან, შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მოწმე მსჯავრდებულს ურიცხავს ფულს, ხოლო შეხვედრისას მსჯავრდებული ოსტატურად გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას, რის შემდეგაც მოწმე ტოვებს შემთხვევის ადგილს. შესაბამისად ნათელია, რომ ა. ნ–ის ერთადერთი ინტერესია, გაასაღოს ნარკოტიკული საშუალება და არა – მ. წ–ესთან ერთად ნარკოტიკული საშუალების ერთიანი მიზნითა თუ განზრახვით შეძენა/შენახვა და შემდგომში მოხმარება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გაზიარებული არ უნდა იქნეს დაცვის მხარის პოზიცია, რომ ა. ნ–ე მ. წ–ეს ეხმარებოდა ნარკოტიკულ საშუალების შეძენაში, ვინაიდან საკონტროლო შესყიდვის ამსახველ ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში მკაფიოდ ჩანს, რომ მ. წ–ეს უკვე შეძენილი აქვს ნარკოტიკული საშუალება, რასაც თანხის სანაცვლოდ გადასცემს ა. ნ–ე. ამავე ჩანაწერებით დასტურდება, რომ ა. ნ–ეს უკვე გამზადებული აქვს შპრიცი, მასში მოთავსებული შესაბამისი ნარკოტიკული საშუალების ოდენობით. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას.
5.6. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართული მ. წ–ის ჩვენება არ არის სანდო, ვინაიდან ის ცრუობს და არ უთითებს რეალურ ფაქტებზე; ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიდან არ დგინდება ა. ნ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი და სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა; სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვაში მონაწილის სუბიექტურ ჩვენებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მცირე წინააღმდეგობები, რაც ჩვენებების შინაარსიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, არ არის არსებითი ხასიათის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები ასახულია აუდიო-ვიდეოჩანაწერებში, ისევე როგორც ამ ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ფაქტები. საგულისხმოა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს ასევე აკვირდებოდნენ გამომძიებელი მ. ა–ე და დეტექტივი ბ. გ–ე, რომელთა მიერ/მონაწილეობითაც, დაუყოვნებლივ კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები და რომელიც ორივე შემთხვევაში ადგილზე დაილუქა და დალუქულ მდგომარეობაში, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გადაეცა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. ამოღების ოქმისა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების თანახმად კი, დადასტურებულია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მ. წ–ისგან ამოღებული იქნა ნივთიერება სწორედ იმ მდგომარეობასა და ისეთი შეფუთვით, როგორიც მას ვიდეოჩანაწერების თანახმად გადაეცა.
5.7. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მ. წ–ე არის პროვოკატორი. საკასაციო პალატა მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, მიუთითებს, რომ ა. ნ–ე არ მოქმედებდა არსებითად პასიურად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი, არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მთავარია, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ წააქეზონ სხვა პირთა მიერ დანაშაულის ჩადენა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არაა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლო განმარტებას და მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ა. ნ–ეს არ სურდა ნარკოტიკული საშუალების გასაღება და მის მიერ დანაშაულის ჩადენა განპირობებული იყო მ. წ–ის წაქეზებით.
5.8. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ა. ნ–ის მსჯავრდების დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია არაერთი პირდაპირ ხასიათის მტკიცებულება. ამასთან, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ იქნა მიჩნეული ა. ნ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტები (ორი ეპიზოდი), რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, დამაჯერებელი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ლ–სა და ს. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე