დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.11.2025
საქმის ნომერი
2კ-114-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802225011885348

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№114I-25 თბილისი

ო. ა., 114I-25 10 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ო–ის (A. O.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2012 წლის 27 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის მე-8 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემების გამოყენებით). აღნიშნული განაჩენით ა. ო–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2015 წლის 25 მაისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

2. 2013 წლის 7 მარტს თურქეთის რესპუბლიკის იალოვას მე-2 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემების გამოყენებით; 2 ეპიზოდი). აღნიშნული განაჩენით ა. ო–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. 2016 წლის 12 ოქტომბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

3. 2015 წლის 19 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემების გამოყენებით; 3 ეპიზოდი). აღნიშნული განაჩენით ა. ო–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის 17 აპრილს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

4. 2015 წლის 26 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-3 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემების გამოყენებით). აღნიშნული განაჩენით ა. ო–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის 16 ოქტომბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

5. 2015 წლის 5 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ჯეიჰანის მე-3 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემების გამოყენებით). აღნიშნული განაჩენით ა. ო–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2020 წლის 13 ოქტომბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

6. 2016 წლის 7 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარის 23-ე პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემების გამოყენებით; 2 ეპიზოდი) და 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა). აღნიშნული განაჩენით ა. ო–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2022 წლის 30 ნოემბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

7. 2019 წლის 10 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის ანადოლუს 31-ე პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით (პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება ან გავრცელება). აღნიშნული განაჩენით ა. ო–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის 12 ნოემბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

8. 2024 წლის 28 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის ანატოლიის მე-3 აღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. ო–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 31 წლით, 38 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. 2024 წლის 4 ნოემბერს გაიცა ა. ო–ის დაკავების ბრძანება.

9. 2025 წლის 5 თებერვლიდან ა. ო–ი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

10. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ა. ო–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ა. ო–ი და მისი თანამზრახველი ფლობდნენ სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობებს, რომელთა გამოყენებითაც უკანონოდ მოიპოვებდნენ მოქალაქეთა საბანკო ბარათების მონაცემებს და მასთან დაკავშირებულ პერსონალურ ინფორმაციას.

2015 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ა. ო–მა და მისმა თანამზრახველებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის კუთვნილ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ამ უკანასკნელის ფულად თანხას – 7 548 თურქულ ლირას.

2012 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ა. ო–მა და მისმა თანამზრახველებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის კუთვნილ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ამ უკანასკნელის ფულად თანხას, ჯამურად – 28289.18 თურქულ ლირას.

2016 წლის 7 იანვარს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ა. ო–მა შექმნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ა. ო–მა და მისმა თანამზრახველებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულების კუთვნილ ინტერნეტბანკის ანგარიშებზე და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ამ უკანასკნელთა ფულად თანხებს; კერძოდ, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ფულადი თანხა დაზარალებულთა ანგარიშიდან ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოძიებული პირების სახელზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშებზე, რის შემდგომაც, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ფულადი თანხები გადაეცემოდა ა. ო–ს.

2015 წლის 19 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ა. ო–მა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულების კუთვნილ ინტერნეტბანკის ანგარიშებზე და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ამ უკანასკნელთა ფულად თანხას, ჯამურად – 11 550 თურქულ ლირას.

2015 წლის 26 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ა. ო–მა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულების კუთვნილ მობილურ ტელეფონსა და ინტერნეტბანკის ანგარიშებზე და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ამ უკანასკნელთა ფულად თანხას, სულ მცირე, 14 376 თურქულ ლირას.

2013 წლის 7 მარტის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ა. ო–მა უკანონოდ შეაღწია დაზარალებულების კუთვნილ ინტერნეტბანკის ანგარიშზე და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ამ უკანასკნელის ფულად თანხას, ჯამურად – 11 290 თურქულ ლირას.

11. ზემოთაღწერილი ქმედებები ისჯება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებითაც პირი მსჯავრდებულია. ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.

12. 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ო–ი.

13. 2025 წლის 17 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ო–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

14. 2025 წლის 23 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ო–ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები, ხოლო 2025 წლის პირველ ოქტომბერს – დამატებით გამოთხოვილი ინფორმაცია.

15. 2025 წლის 14 ივლისს და 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებებით ა. ო–ის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3-3 თვით, შესაბამისად, 6 თვემდე და 9 თვემდე – 2026 წლის 16 იანვრამდე.

16. ამჟამად, ა. ო–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

17. 2025 წლის 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ა. ო–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა 2024 წლის 28 მაისის თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის ანატოლიის მე-3 აღსრულების სასამართლოს მიერ ა. ო–ისათვის დანიშნული სასჯელების შეკრების შესახებ მიღებული №2024/6655; 2024/6604 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ო–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია 2024 წლის 28 მაისის თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის ანატოლიის მე-3 აღსრულების სასამართლოს მიერ ა. ო–ისათვის დანიშნული სასჯელების შეკრების შესახებ მიღებული №2024/6655; 2024/6604 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

19. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ო–ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჯ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: ა. ო–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ის შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, არსებობს სიცოცხლის უფლების დარღვევის რისკი. როდესაც ა. ო–ი მოთავსებული იყო თურქეთის რესპუბლიკაში პენიტენციურ დაწესებულებაში, მის მიმართ არაადანური მოპყრობითა და წამებით დაირღვა ევროპული კონვენციის მოთხოვნები.

20. პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ა. ო–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ა. ო–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 16 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება გარემოებები, რომ ა. ო–ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. ო–ი დაექვემდებარება წამებას, დევნას ან არაადამიანურ მოპყრობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს: ექსტრადიციის შემთხვევაში, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ა. ო–ის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია მის მიმართ უკანონო ქმედების, ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ადვოკატის მოსაზრება, ექსტრადიციასდაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის არსებობის შესახებ.

6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) № 46827/99 and № 46951/99, § 73, 04.02.2005, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, შესაძლოა, დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v. Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

8. გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

9. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ა. ო–ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ა. ო–ის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. აგრეთვე, არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ა. ო–მა კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ანდა განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე მიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და ამ უკანასკნელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არაეფექტურ რეაგირებას. ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ, ა. ო–ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

10. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ ა. ო–ის შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). ა. ო–ის უფლებების დარღვევის ანდა დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. საქართველოს პროკურატურას აღნიშნული მეთოდით ძიებისას, სხვა შემთხვევებში, წარმატებით მოუპოვებია ინფორმაცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის შესახებ. როგორც წესი, დევნის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის – წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v. Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები საჯარო და ხელმისაწვდომია; გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ; გარანტიები საკმარისად კონკრეტულია და არა – ზოგადი და ბუნდოვანი. ქმედებები, რომელთა არგამოყენების გარანტიას იძლევა ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო, უკანონოდ ითვლება ამ ქვეყანაში (Cipriani v. Italy, no. 221142/07, Decision, ECHR; Youb Saoudi v. Spain, no. 22871/06, Decision, ECHR). აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თურქეთის რესპუბლიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილეა და ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წევრია (Koktysh v. Ukraine, no. 43707/07, ECHR, 63). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ვარაუდისათვის, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. ო–ი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი და საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლოა, დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მის არსს ანადგურებს.

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისათვის არ მოუწვდია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიც ცხადყოფს, რომ ა. ო–ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს ხელახალი სასამართლო განხილვის თაობაზე, ექსტრადიციის ქვემდებარე ყველა განაჩენთან მიმართებით. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ა. ო–ის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

14. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ა. ო–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 8 ოქტომბერს შეწყდა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ა. ო–ის განცხადების განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ო–ს N.. პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაჰბარდა 2024 წლის 15 ოქტომბერს. ამრიგად, არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ა. ო–ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები აწარმოებდნენ საქმეს ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ა. ო–ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.

17. ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრდა in abstracto ორმაგი დასჯადობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ორმაგი დასჯადობის არსებობისათვის არ არის სავალდებულო, ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, უნდა ისჯებოდეს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

18. ა. ო–ის მიერ ჩადენილი და მოცემულ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, შემდეგი მუხლებით:

2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად განსაზღვრულია შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

2023 წლის 14 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის ზომად განსაზღვრულია ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ქურდობა), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის ზომად განსაზღვრულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

2023 წლის 4 ივლისის განაჩენში აღწერილი ქმედება, სულ მცირე, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ქურდობა), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის ზომად განსაზღვრულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

2024 წლის 24 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედება, სულ მცირე, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად განსაზღვრულია შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედება, სულ მცირე, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად განსაზღვრულია შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედება, სულ მცირე, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად განსაზღვრულია შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენში აღწერილი ქმედება, სულ მცირე, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ქურდობა), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის ზომად განსაზღვრულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

19. ამრიგად, ა. ო–ის მიერ ჩადენილი და შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და, ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა/ჯარიმა. ამასთან, ა. ო–ს მოსახდელი აქვს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, 4 თვეზე მეტი ხნის ვადით.

20. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

21. ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენებით დადგენილი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 10 წელში – მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. აღნიშნული განაჩენების გამოტანის თარიღების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ წინამდებარე განაჩენების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითაც. ამდენად, ა. ო–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მოთხოვნებს.

22. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად, შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში იქცეს.

23. შესაბამისად, ა. ო–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ

ვალდებულებებს.

24. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ო–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია 2024 წლის 28 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის ანატოლიის მე-3 აღსრულების სასამართლოს მიერ ა. ო–ისთვის დანიშნული სასჯელების შეკრების შესახებ მიღებული №2024/6655; 2024/6604 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ო–ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე