საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100124010577845
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №719აპ-25 28 ნოემბერი, 2025 წელი
ა–ა მ., №719აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანახანუმ შამილოვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ა–ა (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. მ. ა–ა, ლ. ა–სთან და ლ. შ–ასთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2021 წლის 08 თებერვალს, ქ. რ–ში, თ–ს ქუჩა №...-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, მოტყუებით დაუეფლა ნ. წ–ის კუთვნილ 23904 ლარის, დიდი ოდენობით თანხას და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. კერძოდ, ლ. შ–ას ინიციატივით, ლ. ა–სა და ნ. წ–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებებით და ნ. წ–ს 23904 ლარის სანაცვლოდ გადაეცა ლ. ა–ს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება,მდებარე ზ–ს მუნიციპალიტეტი, სოფელ ჩ–ში, საკადასტრო კოდი – ........., დაზუსტებული ფართობი – 670 კვ.მ შენობა-ნაგებობა N1,საერთო ფართი – 107,62 კვ.მ გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა ექვსი თვე და თუ გამყიდველი, ლ. ა– ამ ვადაში არ ისარგებლებდა გამოსყიდვის უფლებით, მყიდველს, ნ. წ–ს ენიჭებოდა უფლება ცალმხრივი განცხადებით მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის და მოეთხოვა შეზღუდვის მოხსნა. გამყიდველი – ლ. ა–ს, ლ. შ–ას და მ. ა–ას განმარტებით, ნასყიდობის საგანი არ იყო სადავო და მესამე პირს არ შეიძლება რაიმე პრეტენზია ჰქონოდა ნასყიდობის საგანთან. ლ. ა–მ, ლ. შ–ამ და მ. ა–ამ ნასყიდობის საგანთან მიმართებით მოატყუეს ნ. წ–ი და ანახეს სხვა – უფრო ძვირადღირებული სახლის ფოტოები და ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმებინეს იმ უძრავ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც იყო უფრო ნაკლები – 13000 ლარი. ამავე დროს, დაუმალეს უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლი, კერძოდ, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, წინა მესაკუთრეს,მ. ფ-ს ჰქონდა პრეტენზია მის კუთვნილებასთან მიმართებით. ლ. ა–მ არ ისარგებლა გამოსყიდვის უფლებით, რის გამოც, ნ. წ–ს 23904 ლარის სანაცვლოდ საკუთრებაში დარჩა 13000 ლარად შეფასებული სხვა უძრავი ქონება, რომელთან მიმართებაში, მესამე პირს აქვს პრეტენზია. მ. ა–ას, ლ. ა–ს და ლ. შ–ას ქმედების შედეგად, ნ. წ–ს მიადგა 23904 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით, მ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ, მ. ა–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მ. ა–ა გათავისუფლდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მთვარისა შველიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 30 ივნისს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანახანუმ შამილოვამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. ა–ასთვის უფრო მკაცრი სასჯელის ზომის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და საშიშროების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ზედმეტად მსუბუქია. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებული წარსულშიც არაერთხელაა ნასამართლევი, შესაბამისად, 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი. ამასთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რისი გათვალისწინებითაც მ. ა–ას უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა მ. ა–ას მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ნასამართლობა და სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელის მიუხედავად მ. ა–ას სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, მ. ა–ას საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის წარსული ნასამართლობა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და განმარტავს, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მ. ა–ას სასჯელის ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მას საბოლოოდ მოსახდელად 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა მას შემდეგ, რაც დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამდენად, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, როგორც კანონიერი, ისე თანაზომიერია.
5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანახანუმ შამილოვას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე