საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100124008892713
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№735აპ-25 ქ. თბილისი
გ–ი ვ., 735აპ-25 1 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. გ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა; გენდერის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებდა; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2014-2024 წლებში, თითქმის ყოველდღიურად, ვ. გ–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მეუღლის მიმართ ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. დ–ეს უშლიდა სამსახურის დაწყებას, მეზობლებსა და მეგობრებთან შეხვედრას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, აგინებდა დედასა და ოჯახს, ეძახდა „ბინძურ“ სიტყვებს, რომ იყო ამორალური ქალი, გაუნათლებელი, არ იცოდა ოჯახის საქმეები, რის შედეგადაც, ნ. დ–ემ განიცადა ტანჯვა.
1.2. 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში, ვ. გ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მეუღლის მიმართ ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. დ–ეს უშლიდა სამსახურის დაწყებას, მეზობლებსა და მეგობრებთან შეხვედრას, მობილური ტელეფონით სარგებლობას და სახლში დაგვიანების გამო, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, ძალის გამოყენებით წაიყვანა მათი საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით არსებულ ნაძვნარში, სადაც თოკის გამოყენებით მიაბა ხეზე.
1.3. 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დაახლოებით, 20:00 საათიდან მეორე დღის 20:00 საათამდე, ვ. გ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მეუღლის მიმართ ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. დ–ეს უშლიდა სამსახურის დაწყებას, მეზობლებსა და მეგობრებთან შეხვედრას, მობილური ტელეფონით სარგებლობას და სახლში დაგვიანების გამო, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში, მათი საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით მდებარე ნაძვნარში, მთელი დღე-ღამის განმავლობაში დატოვა ხეზე მიბმული სიცივეში,საჭმლისა და წყლის გარეშე, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. იმავდროულად, უთხრა, თუ ვინმეს საშველად დაუძახებდა, დანით გამოსჭრიდა ყელს. აღნიშნული ქმედების შედეგად, ნ. დ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.
1.4. 2023 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში, ვ. გ–ის საცხოვრებელ სახლში, ვ. გ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მეუღლის მიმართ ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. დ–ეს უშლიდა სამსახურის დაწყებას, მეზობლებსა და მეგობრებთან შეხვედრას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, სამჯერ დაარტყა ხელი სახის მარჯვენა არეში, რა დროსაც ნ. დ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2024 წლის 28 იანვარს, დაახლოებით, 09:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში, ვ. გ–ის საცხოვრებელ სახლში, ვ. გ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მეუღლის მიმართ ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. დ–ეს უშლიდა სამსახურის დაწყებას, მეზობლებსა და მეგობრებთან შეხვედრას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, მარჯვენა ხელი ხუთჯერ დაარტყა სახის არეში, აიღო ხის ნაჭერი და ჩაარტყა ჯერ გულ-მკერდის, შემდეგ კი – ზურგის არეში, შეიყვანა ოთახში და განაგრძო სხეულის სხვადასხვა არეში მისი ცემა ორივე ხელითა და ფეხით, აიღო ოთახში არსებული სკამი და დაარტყა ზურგის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ნ. დ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1.6. 2024 წლის 28 იანვარს, დაახლოებით, 09:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის
სოფელ ღ–ში, ვ. გ–ის საცხოვრებელ სახლში, ვ. გ–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მეუღლის მიმართ ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. დ–ეს უშლიდა სამსახურის დაწყებას, მეზობლებსა და მეგობრებთან შეხვედრას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ის იყო მოღალატე და დანით გამოსჭრიდა ყელს, რაც ნ. დ–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.7. 2024 წლის 28 იანვარს, დაახლოებით, 09:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში, ვ. გ–ის საცხოვრებელ სახლში, ვ. გ–მა, მისი არასრულწლოვანი შვილის – ა. გ–ის – თანდასწრებით მარჯვენა ხელი ხუთჯერ დაარტყა სახის არეში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. დ–ეს, აიღო ხის ნაჭერი და ჩაარტყა ჯერ გულმკერდის, შემდეგ კი – ზურგის არეში. ამის დანახვისას ა. გ–მა დაიწყო ტირილი, რის გამოც ვ. გ–მა ორჯერ დაარტყა მას ხელი სახის მარცხენა არეში, რა დროსაც ა. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.8. 2024 წლის 28 იანვარს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში, ვ. გ–ის საცხოვრებელ სახლში, ვალერიანე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მეუღლის მიმართ ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. დ–ეს უშლიდა სამსახურის დაწყებას, მეზობლებსა და მეგობრებთან შეხვედრას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, საძინებელ ოთახში ჩაკეტა და უთხრა, თუ საშველად დაუძახებდა ვინმეს ან ფანჯრიდან გადახტებოდა, მოკლავდა მის არასრულწლოვან შვილს – ა. გ–ს, რაც ნ. დ–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.9. 2024 წლის 29 იანვარს, დაახლოებით, 08:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში, ვ. გ–ის საცხოვრებელ სახლში, ვ. გ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მეუღლის მიმართ ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. დ–ეს უშლიდა სამსახურის დაწყებას, მეზობლებსა და მეგობრებთან შეხვედრას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, მათი არასრულწლოვანი შვილის – ა. გ–ის – თანდასწრებით მარჯვენა ხელი სამჯერ დაარტყა სახის არეში, წაართვა კუთვნილი მობილური ტელეფონი და ჩაარტყა თავის არეში, რა დროსაც ნ. დ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ვ. გ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის 1-ელი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 აგვისტოს განაჩენით: ვ. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ორივე ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა სთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ზვიად ჩხიკვაძემ, რომელიც ითხოვდა ვ. გ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ასევე – მსჯავრდებულ ვ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ–ამ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა: ვ. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ორივე ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდეს და განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა სთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ–ამ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ბრალადშერაცხილი ქმედებებში ვ. გ–ის გამართლებას, ხოლო 2024 წლის 28-29 იანვარს ჩადენილი სხვა ოჯახური დანაშაულებისათვის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას საშეღავათო პირობებით.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდების ნაწილში ვ. გ–ის გამართლების, ნაწილში კი – სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა ვ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, შეფარდებული სასჯელი კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლის რაიმე გონივრული საფუძველი.
10. ვ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის 1-ელი ნაწილით სადავოდ გამხდარი მსჯავრდების საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ: დაზარალებულ ნ. დ–ის ჩვენებით ცალსახად დადგენილია, რომ 2023 წლის 28 იანვარს ვ. გ–მა ძალით წაიყვანა ტყეში, თოკით მიაბა ხეზე და მთელი დღე-ღამის განმავლობაში დატოვა ასე, მარტო, თან დაემუქრა, არ ეყვირა, თორემ ყელს გამოსჭრიდა. ვინაიდან ახლო-მახლო არავინ ცხოვრობდა, არ ეგონა, ცოცხალი თუ გადარჩებოდა. მთელი ღამე ტირილში გაატარა, საჭმელისა და სასმელის გარეშე, სიბნელესა და სიცივეში. ხელები ძლიერ სტკიოდა, შეშინებული იყო და განიცადა ტანჯვა, მას შემდეგ დაეწყო ნერვული აშლილობა. დაზარალებულმა ასევე ცალსახად დაადასტურა, რომ 2023 წლის 28 იანვარს მეუღლემ სცემა ხელებით, ფეხებით, ხის ნაჭრითა და სკამით, წიხლები უტყა სახეში, გაუტეხა ცხვირი; ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რამეთუ თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ამასთან – თანხვდენილია და დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. კერძოდ: დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ქალიშვილის, არასრულწლოვანი ა. გ–ის მონათხრობით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, როდესაც დედასთან ერთად ბაღის ზეიმიდან დაბრუნდა, მშობლებმა მართლაც იჩხუბეს. ბავშვმა დაინახა, როგორ აიღო მამამისმა ნიგვზის ხესთან დაგდებული დანა და წაიყვანა დედა ტყისკენ. დედა შველას ითხოვდა და იმ ღამეს სახლში აღარ დაბრუნებულა. იცის, რადგან ღამით გაეღვიძა და დედა სახლში ვერ ნახა. არასრულწლოვანმა იმავდროულად დაადასტურა, დედის უმოწყალოდ ცემის ფაქტიც. აღნიშნა, რომ მამამ დედას სახეში რამდენჯერმე დაარტყა, აიღო ხის ნაჭერი და ურტყა გულმკერდსა და ბეჭებში. დედა ტიროდა, მაგრამ მამა თავს არ ანებებდა. იმ დროს თავადაც ატირდა და მოგვიანებით პოლიციაშიც თავად დარეკა, რადგან მამა დედას ეჩხუბებოდა; იგივე ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამბოლატორიული კვლევისას მოპოვებული მონაცემები და საქმის მასალებში აღწერილი ფაქტები შეფასდა, როგორც სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით, პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვის და სხვა საზიანო მდგომარეობის მაპროვოცირებელი ქმედებები, რის გამოც, ნ. დ–ე განიცდიდა ტანჯვას. ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პირი ერთვებოდა მიზანმიმართულ კონტაქტში. თავდაპირველად, იყო რამდენადმე დაძაბული. გამომეტყველება გამოხატავდა უხერხულობას. შექმნილ გარემოებაზე თავდაპირველად საუბრობდა ოდნავ თავშეკავებულად, პაუზებით. საუბრის მანერა, ინტონაცია, შინაარსი გამოხატავდა განხიბვლას, იმედგაცრუებას, დათრგუნულობას, შიშის, დაძაბულობისგან გათავისუფლების, პრობლემის მოგვარების სურვილს. ლექსიკური მარაგი – საკმარისი. აზრს აყალიბებდა გასაგებად. მსჯელობა დაკავშირებული, პერიოდულად საჭიროედა ჩაკითხვას, აცხადებდა: „ ...10 წელია, რაც დაოჯახებული ვარ... ჩემი მეუღლე დაოჯახებიდან ერთ წელში შეიცვალა, დაიწყო დალევა, მოწევა და შემდეგ უკვე რაღაც წამლების მიღება, ზუსტად არ ვიცი, რა წამლები იყო, მაგრამ გახდა აგრესიული, ეჭვიანი, მცემდა და მე ყველაფერს ვითმენდი, თავს ვიდანაშაულებდი, ოღონდ ოჯახი არ დამენგრია, რადგან მყავდა შვილი და მეგონა, რომ ჩემი ქმარი გამოსწორდებოდა, რადგან როცა მცემდა, შემდეგ მეგონა, რომ ნანობდა და ამით ვინუგეშებდი თავს... ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს, მემუქრებოდა მოკვლითაც... ბოლოს დანით ცდილობდა ყელის გამოჭრას, მირტყა დაუზოგადავად. ცხვირი და სახე დალურჯებული მქონდა, ამას უყურებდა ჩემი პატარა გოგონა... თავში მირტყა და მგონი შერყევაც მქონდა... არ ვიცი, რას სჭირს, მე ეხლა მშობლებთან ვარ და არ მინდა, ის ჩემს ცხოვრებაში ისევ არსებობდეს... შინაგანად ძალიან ცუდად ვარ (თვალცრემლიანობს), რაღაცები რაც გადამიტანია მისი ქმედებით, ვცდილობ, არ გამახსენდეს, რადგან გული მტკივა. იყო ტყეში წაყვანა და ხეზე მიბმა, მთელი ღამე იქ გავატარე ტირილში, ეს ეხლა გაიგო ჩემმა ოჯახმა... ბოლოს დანით მოკვლით დამუქრება და თავი რომ არ დამეცვა და არ გავქცეულიყავი, ყელს გამომჭრიდა... დამცირება, სიტყვიერი იქნებოდა თუ ფიზიკური, ყველაფერს ვიტანდი. უკვე არ შემიძლია, შინაგანად გავნადგურდი. ზოგჯერ ისიც არ ვიცი, რა მემართება, ჩემი შვილის გამო უნდა ვიცოცხლო...“ მის ირგვლივ შექმნილ სიტუაცისთან დაკავშირებით, საუბრისას აღენიშნებოდა დათრგუნულობა, შფოთვა, საუბრობს ძლიერი ემოციური დაძაბვით; ვლინდებოდა ვეგეტო-ემოციური არამდგრადობა – ხელის მტევნების ტრემორი, ხმის ტემბრი ნაკლებმოდულირებული ხდებოდა, თვალშისაცემი იყო არსებული სიტუაციით დაუკმაყოფილებლობა და თხრობა იყო გაჯერებული ყოფითი დეტალებითა და უარყოფითი ემოციების დემონსტრირებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ სტაციონარულის პაციენტის სამედიცინო ბარათი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, ნ. დ–ემ საავადმყოფოს მიმართა და დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა. 2024 წლის 29 იანვარს 15:52-16:12 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით, ნ. დ–ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, სისხლჩაქცევების, სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით. უჩიოდა ტკივილებს დაზიანებულ არეებში. წინამხრის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში, აღენიშნებოდა დასწვრივად მდებარე, უსწორო-ზოლისებრი ფორმის, მოწითალო, შემშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა არსებული, ზედაპირით ნაკაწრი, ზომით – 3,0X0,1სმ; ცხვირის წვერზე, ცენტრალურად – ირიბად არსებული, უსწორო-მოგრძო ფორმის, ასეთივე ხასიათის ნაკაწრი, ზომით – 2,0X0,2სმ; მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში – ორი, განივად და ერთმანეთის მიმდებარედ არსებული, უსწორო-ზოლისებრი ფორმის, ასეთივე ხასიათის ნაკაწრები, შესაბამისად, ზომებით: 1,2X0,2სმ და 1,1X0,1სმ; მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, პირველი ნების ძვლის საპროექციოდ – განივად მდებარე, უსწორო-ზოლისებრი ფორმის, ასეთივე ხასიათის ნაკაწრი, ზომით – 6,0X0,1სმ; მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე, მესამე ნების ძვლის საპროექციოდ – განივად მდებარე, უსწორო-მოგრძო ფორმის, ასეთივე ხასიათის ნაკაწრი, ზომით – 0,3X0,1სმ; მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე – დასწვრივ-ირიბად მდებარე, უსწორო-მოგრძო ფორმის, ასეთივე ხასიათის ნაკაწრი, ზომით – 2,5X0,2სმ; მარცხენა ლოყის არეში, შიგნითა ზედაპირზე, მე-4-5-6-7-8-9 კბილების გვირგვინების საპროექციოდ, ლორწოვანზე – უსწორო-მოგრძო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მუქი მოწითალო სისხლჩაქცევა, ზომით – 5,5X1,5სმ; ქვედა ტუჩის არეში, ცენტრალურად, შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე – ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლჩაქცევა, ზომით – 4,0X1,2სმ; სახის არეში, მარცხენა ლოყიდან გარდამავალი, მარჯვნივ ლოყის შიგნითა ნახევარში, ცხვირის ზურგზე გადასვლით – უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო სისხლნაჟღენთი, ზომით – 23,0X9,5სმ; კისრის არეში, მარჯვენა წინა და მარცხენა გვერდითა ზედაპირებზე – ასეთივე ფორმისა და ხასიათის წყვეტილი სისხლნაჟღენთი, ზომით – 18,0X7,0სმ; თხემის არეში, მარჯვნივ – უსწორო-მომრგვალო ფორმის, ასეთივე ხასიათის, სისხლნაჟღენთი ზომით – 1,2X1,0სმ; მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე, ზედა მესამედში – უსწორო-მომრგვალო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით – 1,1X1,0სმ; გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ, მკერდის ახლო ხაზზე, მე-4-5 ნეკნის დონეზე – უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის, წყვეტილი სისხლნაჟღენთი, ზომით – 7,0X4,0სმ; გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, მკერდის ახლო ხაზზე, მე-3-4 ნეკნების დონეზე – უსწორო-მოგრძო ფორმის, ასეთივე ხასიათის, წყვეტილი სისხლნაჟღენთი, ზომით – 6,0X1,0სმ; მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, ცენტრალურად – უსწორო-მოგრძო ფორმის, ასეთივე ხასიათის, სისხლნაჟღენთი, ზომით – 3,0X1,0 სმ; მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში – უსწორო-მოგრძო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით – 8,0X7,0 სმ; მარცხენა მხრის შიგნითა ზედაპირზე, ზედა მესამედში – უსწორო, მოგრძო ფორმის, ასეთივე ხასიათის, წყვეტილი სისხლნაჟღენთი, ზომით – 9,0X4,0სმ; მარჯვნივ, ბეჭზედა არეში, ცენტრალურად – განივად არსებული, მოგრძო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით – 10,0X5სმ; გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვნივ, იღლიის უკანა ხაზზე, მე-8-9 ნეკნის დონეზე – უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის, წყვეტილი სისხლნაჟღენთი, ზომით – 5,0X5,5სმ; მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში – უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის, წყვეტილი სისხლნაჟღენთი, ზომით – 1,5X1,0სმ; მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში – უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის, სისხლნაჟღენთი, ზომით – 1,5X1,2სმ; შუბლ-თხემის არეში, მარცხნივ, თმოვან საფარში – უსწორო ფორმის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, ზომით – 1,0X0,2სმ – კიდეებში მუქი, მოწითალო, სისხლჩაქცევებითა და შემხმარი სისხლისმაგვარი მასებით. აქედან – დაზიანებები: ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შეხების ზემოქმედების შედეგად დაზიანებები: ცხვირის ძვლების მოტეხილობის, თავის ტვინის შერყევის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, სისხლჩაქცევებისა და სისხლნაჟღენთების სახით – რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები: თავის ტვინის შერყევის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, სისხლჩაქცევების, ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით – იზოლირებულად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო – ცხვირის ძვლების მოტეხილობის სახით, იზოლირებულად აღებული – სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით.
11. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. გ–ის მსჯავრდება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
12. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვ. გ–ს განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების მიხედვით, დანაშაულის ჩადენა შეუწყნარებლობის მოტივით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ვ. გ–ის ქმედებებში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე, იმ ოჯახურ დანაშაულებთან მიმართებით, რომელთა ჩადენასაც იგი აღიარებს, შეფარდებული სასჯელების ზომის შემცირებას არ აქვს კანონიერი გამართლება, ხოლო სასჯელის სხვაგვარად შემსუბუქება, ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლიდან, ქმედებებში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების მეტად მაღალი ხარისხიდან და მეტად მძიმე ხასიათიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, არ არის მიზანშეწონილი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ–ას საკასაციო საჩივარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე