დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.12.2025
საქმის ნომერი
2კ-129-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ნ 330802225011965644

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №129I-25 ქ. თბილისი

რ. ო., 129I-25 18 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. რ-ს (O.r R.) ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ა-სა და ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. რ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2013 წლის 31 დეკემბერს (კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 5 მარტს) ბურსას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა №5 სასამართლოს განაჩენით ო. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158 1/d მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში) და მიესაჯა 16-ჯერ 2 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რამაც სასჯელების გაერთიანების შემდეგ შეადგინა 32 წლისა და 96 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით მას მიესაჯა 16-ჯერ ჯარიმა 2000 თურქული ლირის ოდენობით, რამაც სასჯელების გაერთიანების შემდეგ შეადგინა – 32 000 თურქული ლირა.

2019 წლის 17 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის მთავარმა პროკურატურამ გასცა ო. რ-ს დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2006-2008 წლებში ქალაქ ბ-ში, მ-ს რაიონში ო. რ. მონაწილეობდა დანაშაულებრივ საქმიანობაში. იგი თავის თანამზრახველებთან ერთად იძენდა მოპარულ ავტომობილებს, აკეთებდა მათ და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ახდენდა რეალიზაციას.

3. ო. რ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2025 წლის 11 ოქტომბერს ო. რ. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2025 წლის 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ო. რ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა, 3 თვის ვადით.

2025 წლის 7 ნოემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა, ო. რ-ს ექსტრადიციის თაობაზე.

ამჟამად ო. რ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2025 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა ო. რ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, რათა მან მოიხადოს 2013 წლის 31 დეკემბრის (კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 5 მარტს) ბურსას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა №5 სასამართლოს განაჩენით მისჯილი სასჯელები.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ო. რ-ს ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, რათა მან მოიხადოს 2013 წლის 31 დეკემბრის (კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 5 მარტს) ბურსას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა №5 სასამართლოს განაჩენით მისჯილი სასჯელები.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. რ-ს (O. R.) ინტერესების დამცველი ადვოკატები – მ. ა. და ნ. კ. საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქართველოს გენერალურ პროკურატურას უარი ეთქვას ექსტრადიციის დასაშვებად ცნობაზე, შემდეგი საფუძვლებით: საექსტრადიციო მასალებს არ ერთვის ო. რ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი, რაც საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ,,სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ” 1998 წლის ხელშეკრულების 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის დარღვევაა, რომლის მიხედვით, განაჩენის სისრულეში მოსაყვანად პირის გადაცემის მოთხოვნას უნდა დაერთოს განაჩენის დამოწმებული ასლი და კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც პირია მსჯავრდებული. ეს ფაქტი კი, თავის მხრივ, ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მითითებულ ხელშეკრულებასთან მიმართებით, „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპულ კონვენციას უპირატესი ძალა აქვს; დაცვის მხარეს ასევე მიაჩნია, რომ გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადები; თურქეთის რესპუბლიკაში ო. რ-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ იგი სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ; დაცვის მხარე განმარტავს, რომ ო. რენჩბერმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რის გამოც, გადაწყვეტილების მიღებამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიცია; კასატორები ასევე უთითებენ, რომ თურქეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადგილი აქვს სისტემატურ წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, რის შესახებაც მითითებულია როგორც წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე – სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და დასკვნებში. აღნიშნული აშკარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ო. რ. თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, გახდება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი; ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს განაჩენით შეფარდებული აქვს 32 წლითა და 96 თვით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ თაღლითობისთვის, რაც შეუსაბამოდ მკაცრი სასჯელია.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. რ-ს (O. R.) ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ა-სა და ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარემ – დამატებითი მოსაზრებები, რომლითაც მოითხოვა საჩივარში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. რ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 11 ოქტომბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ვინაიდან საექსტრადიციო მასალებს არ ერთვის ო. რ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი, აღნიშნული წარმოადგენს ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ო. რ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძველია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით. გარდა ამისა, „საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის კონვენციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ ადრეული ხელშეკრულების ყველა მხარე გვიანი ხელშეკრულების მონაწილეა და მხარეებს არ შეუწყვეტიათ ან არ შეუჩერებიათ ადრეული ხელშეკრულება, მაშინ ადრეული ხელშეკრულების მხოლოდ ის ნორმები მოქმედებს, რომლებიც გვიანი ხელშეკრულების ნორმებს არ ეწინააღმდეგება. „საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულება მხარეებს შორის ძალაში შევიდა 1998 წლის 1 იანვარს, ხოლო „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენცია საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2001 წლის 13 სექტემბერს. შესაბამისად, ვენის კონვენციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპულ კონვენციას აქვს უპირატესი ძალა.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ექსტრადიციის შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს: ,,დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გამამტყუნებელი სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი, ან თხოვნის მიმგზავნი მხარის კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად გაცემული დაპატიმრების ორდერი ან იმავე ძალის მქონე სხვაგვარი ორდერი”. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტების, მათ შორის – განაჩენის ორიგინალის ან დამოწმებული ასლის წარმოდგენის ვალდებულება ალტერნატიულია და ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის წარმოდგენაც საკმარისია მე-12 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველსაყოფად. მოცემულ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს მითითებული კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი და ინფორმაცია.

7. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადები, შემდეგი საფუძვლით:

8. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

9. ო. რ-ს მიერ ზემოაღწერილი ქმედებები საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში, დაკვალიფიცირდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შესაბამისად, დანაშაული, რომლისთვისაც მოითხოვება ო. რ-ს ექსტრადიცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად, შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

10. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

11. ო. რ-ს მიმართ გამოტანილი ბურსას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა №5 სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა – 2019 წლის 5 მარტს. შესაბამისად, სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამოწურული არ არის. ხანდაზმულობის ვადა საექსტრადიციო მასალების მიხედვით, ასევე არ არის ამოწურული თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც (ო. რ-სათვის მისჯილი სასჯელის ხანდაზმულობის ვადა იწურება – 2029 წლის 5 მარტს).

12. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა ო. რ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკი. დაცვის მხარე ამ თვალსაზრისით უთითებს, რომ ო. რ-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომების შესახებ.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Janousek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და არა მარტივი პროცედურული ხარვეზები. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012).

14. ამასთან, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისათვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები. მსგავსი შინაარსის დებულებას შეიცავს ასევე „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაში. სასამართლო პროცესის წარმართვა ბრალდებულის დაუსწრებლად შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი აშკარად გამოხატავს უარს გამოცხადებაზე და საკუთარი თავის უშუალოდ დაცვაზე (Poitrimol v. France, §§ 35-39, ECHR; Pelladoah v. the Netherlands, § 40, ECHR; Sejdovic v. Italy [GC], §§ 81-84, ECHR). ამასთან, თუ ბრალდებულის დაუსწრებლად მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, იგი პროცესზე წარმოდგენილი უნდა იყოს ადვოკატით (Van Geyseghem v. Belgium, [GC] § 34, ECHR; Pelladoah v. the Netherlands, § 40, ECHR; Krombach v. France, § 89, ECHR; Galstyan v. Armenia, ECHR, § 89).

16. საექსტრადიციო საქმის მასალებით დგინდება, რომ ო. რ-სათვის ცნობილი იყო მისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ და აღნიშნული ბრალდების ირგვლივ, მას გამოძიების ეტაპზე ჩვენებაც აქვს მიცემული. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც ო. რ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

17. გარდა აღნიშნულისა, ექსტრადიციის საკითხის განხილვის დროს, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ო. რ. ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა, ასევე გაცემულია გარანტია, რომ დაცული იქნება სპეციალობის წესი.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, ო. რ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს.

19. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ო. რ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. დაცვის მხარე განმარტავს, რომ ო. რ. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირია, რასთან დაკავშირებითაც, საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას. ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე არ უნდა აღსრულდეს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენციით ნაგულისხმევი ვალდებულებებიდან გამომდინარე.

20. კასატორები ასევე უთითებენ, რომ თურქეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადგილი აქვს სისტემატურ წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, რის შესახებაც მითითებულია, როგორც წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე – სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და დასკვნებში.

21. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008).

22. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99 and no. 46951/99, § 73, 04.02.2005).

23. დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ო. რ. თურქეთის რესპუბლიკაში იდევნება რაიმე ნიშნით ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. კასატორები შემოიფარგლებიან მხოლოდ ზეპირი განცხადებებითა და ზოგადი განმარტებებით. ექსტრადიციის შემთხვევაში, დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. აღნიშნულის საპირისპიროდ, დაცვის მხარე აპელირებს და იშველიებს ზოგადი ხასიათის დასკვნებსა და ანგარიშებს, რომლებიც არ უკავშირდება უშუალოდ ო. რ-ს და, ამდენად, არარელევანტურია ექსტრადიციის შემთხვევაში, მისი უფლებების დარღვევის სამტკიცებლად. ამასთან, ო. რ-ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტ წყაროებშიც.

24. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები, ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

25. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

26. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ო. რ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.

27. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ო. რ-ს მიმართ გამოყენებულია შეუსაბამოდ მკაცრი სასჯელი, საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის შერაცხილი დანაშაულის ჩადენაში, არ გადასინჯავს მიღებულ განაჩენს, მისი დასაბუთებულობის ან/და კანონიერების კუთხით და არ იხილავს შეფარდებული სასჯელის სამართლიანობას, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ.: იხ.: საქმე №2I-17, №2I-20, №402I-21, 9I-23).

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. რ-ს (O. R.) ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ა-სა და ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე