განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 26.02.2026
საქმის ნომერი
2კ-891აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010100123007269342

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №891აპ-25 ქ. თბილისი

ჩ. დ. 891აპ-25 26 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ოლღა მერებაშვილის – საკასაციო საჩივარი ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით დ. ჩ-ის (პირადი ნომერი: ........) და მ. ა–ის (პირადი ნომერი: .......), – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის 27 მარტს, საღამოს საათებში, ქ. ბ..., .....–სის ქუჩის N...- მდებარე ს....., დ. ჩ–მა და მ. ა–მა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განიზრახეს კ. კ–ასაგან მოტყუებით დაუფლებოდნენ ფულად თანხას, რის საფუძველზეც მოატყუეს იგი და 550 ლარის სანაცვლოდ თითქოსდა მიჰყიდეს ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა თეთრი ფხვიერი მასა, რომელიც არ შეიცავდა ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით დ. ჩ–მა და მ. ა–მა ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

1.2. 2023 წლის 27 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბ..., .....–სის ქუჩის N.... მდებარე ს....., დ. ჩ–მა და მ. ა–მა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 1800 ლარის სანაცვლოდ, კ. კ–ას მიჰყიდეს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი) – საერთო წონით 0,1693 გრამი;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით დ. ჩ–მა და მ. ა–მა ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

2.1. დ. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

2.1.1. დ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.1.2. დ. ჩ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 27 მარტიდან;

2.2. მ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2.1. მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.22. მ. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 28 მარტიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ. აპელანტმა მოითხოვა დ. ჩ–ისა და მ. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ასევე – სასჯელის სახედ და ზომად მუხლების სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელების შეფარდება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.1. დ. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

4.1.1. დ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა 2 თვით;

4.1.2. დ. ჩ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 27 მარტიდან;

4.2. მ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

4.2.1. მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

4.2.2. მ. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 28 მარტიდან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა. კასატორი ითხოვს დ. ჩ–ისა და მ. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ასევე – სასჯელის სახედ და ზომად მუხლების სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელების შეფარდებას.

5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. კ–მა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ან გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ.: Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, კერძოდ, პროკურორი ოლღა მერებაშვილი ითხოვს დ. ჩ–ისა და მ. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (რომლის ჩადენაშიც გასაჩივრებული განაჩენით ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (რომლის ჩადენაშიც გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულები არიან) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ასევე – სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციებით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელების განსაზღვრას. დაცვის მხარე შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

2.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოდგენს დ. ჩ–ისა და მ. ა–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით.

2.1.1. მხარეებს შორის დავის საგანია ჩაიდინეს თუ არა დ. ჩ–მა და მ. ა–მა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ასევე – გასაჩივრებული განაჩენით დ. ჩ–ისა და მ. ა–ისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის კანონიერება.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების ნაწილში.

4. ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბრალდების ამ ნაწილში დ. ჩ–ისა და მ. ა–ის გამართლება განაპირობა.

4.1. ბრალდების მხარე თავისი პოზიციის დასატასტურებლად (დ. ჩ–ისა და მ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისათვის) წარმოდგენილი აქვს: კ. კ–ას გამოკითხვის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და გამომძიებლ ა. რ–ის ჩვენება.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

5.1. მსჯავრდებულები დ. ჩ–ი და მ. ა–ი ადასტურებენ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულ გარემოებას, რომ 2023 წლის 27 მარტს ისინი ს..... ორჯერ შეხვდნენ კ. კ–ას და ორივეჯერ ფულის სანაცვლოდ გადასცეს შენაფუთები, თუმცა მათივე განმარტებით, კ. კ–ასთავის გადაცემულ შენაფუთებში, შეთანხმებული ნარკოტიკული საშუალების ნაცვლად, მოთავსებული იყო დაფხვნილი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი;

5.1.1. დ. ჩ–მა განმარტა, რომ კ. კ–ას იცნობდა. თავდაპირველად ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, შემდეგ – სასიყვარულო, თუმცა საბოლოოდ დარჩნენ მეგობრებად. ამ პერიოდში იგი სისტემატიურად/ყოველ შეხვედრაზე სთხოვდა ნარკოტიკულ საშუალებას, მიუხედავად იმის, რომ მას (დ. ჩ–ს) არ ჰონდა და არ სურდა კ. კ–ას მოეხმარა ნარკოტიკული საშუალება. საბოლოოდ, კ. კ–ას მოტყუების მიზნით, რათა მას არ გამოეყენებინა ნარკოტიკული საშუალება, აფთიაქში იყიდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი (წამალი), დაფშვნა და გადასცა. დაახლოებით 2 საათში კ. კ–ამ გაუგზავნა შეტყობინება, რომ დამატებით უნდოდა კოკაინის შეძენა. პირველიდან მეორე შეხვედრამდე პერიოდში, ისევ დაფშვნა აფთიაქში ნაყიდი მედიკამენტი სრულად, გააკეთა სამი შენაფუთი და მ. ა–თან ერთად, კვლავ წავიდა იმავე ს..... კ. კ–ასთან შესახვედრად, რა დროსაც კ. კ–ას გადასცა ერთი შენაფუთით იგივე დაფხვნილი ტკივილგამაყუჩებელი წამალი.

5.1.2. მ. ა–მა განმარტა, როგორც დ. ჩ–ისაგან გაიგო, კ. კ–ა სისტემატიურად სთხოვდა ნარკოტიკულ საშუალებას, რის გამოც გადაწყვეტილი ჰქონდა აფთიაქში შეეძინა ტკივილგამაყუჩებელი წამალი და ნარკოტიკული საშუალების ნაცვლად მიეცა. საბოლოოდ, მათ ერთად შეიძინეს გამაყუჩებელი და სახლში დაფხვნეს. აღნიშნულის შედეგ 2023 წლის 27 მარტს, ს..... კ. კ–ას გადასცეს ერთი შენაფუთი, მათ მიერ დაფხვნილი ტკივილგამაყუჩებელი წამლით, რის შემდეგაც დ. ჩ–ი წავიდა სახლში, სადაც მოგვიანებით თავადაც (მ. ა–ი) მივიდა. დ. ჩ–ისაგან გაიგო, რომ კ. კ–ამ დამატებით მოითხოვია ნარკოტიკული საშუალება. იმავე დღესვე, იმავე ს..... კ. კ–ას გადასცეს ერთი შენაფუთი, იგივე ტკივილგამაყუჩებელი წამლის ფხვნილით და აიღეს თანხა. მ. ა–მა განმარტა, რომ მან შენაფუთების გადაცემამდე, დ. ჩ–ს უთხრა, არ მოეტყუებინათ კ. კ–ა, თუმცა თანამსჯავრდებულმა უპასუხა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა კ. კ–ასათვის.

5.2. 2023 წლის 27 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, 2023 წლის 27 მარტის 21:40-21:55 საათებში კ. კ–ასაგან ამოიღეს მის მიერ წარდგენილი თეთრ, გამჭირვალე პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტის შენაფუთი. ამოღებული ნივთიერება დაილუქა ადგილზე სპეც. პაკეტში ნომრით: ..... (ტ. N1; ს.ფ. 114);

5.3. 2023 წლის 28 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, 2023 წლის 28 მარტს 00:45-01:05 საათებში კ. კ–სგან ამოიღეს მის მიერ წარმოდგენილი თეთრი გამჭირვალე პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტის შენაფუთი. ამოღებული შენაფუთი ადგილზე დაილუქა სპეც. პაკეტში ნომრით: .....(ტ. N1; ს.ფ. 127);

5.4. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2023 წლის 27 მარტის ოქმის თანახმად, 2023 წლის 27 მარტის 23:20 საათიდან – 2023 წლის 28 მარტის 00:34 საათამდე დროის პერიოდში, დ. ჩ–ისაგან, სხვა ნივთებთან ერთად, ამოიღეს გამჭირვალე პოლიეთილენის შენაფუთი, რომელშიც მოსჩანს მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა. ამოღებული შენაფუთი, მასში მოთავსებული ფხვიერი მასით, დაილუქა სპეც. პაკეტში ნომრით: .... (ტ. N1; ს.ფ. 135-163);

5.5. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის 2023 წლის 27 მარტის ოქმის თანახმად, 2023 წლის 27 მარტის 23:20 საათიდან – 2023 წლის 28 მარტის 00:30 საათამდე დროის პერიოდში, მ. ა–ისაგან, სხვა ნივთებთან და ფულთან ერთად, ამოიღეს გამჭირვალე პოლიეთილენის ნაჭრებში შეხვეული მოთეთრო ფხვიერი მასა. შენაფუთი დაილუქა სპეც. პაკეტში ნომრით: .... (ტ. N1; ს.ფ. 173-179).

5.6. საცხოვრებელი სახლის 2023 წლის 28 მარტის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბ...., ........ს ქუჩის N.. მდებარე, დ. ჩ–ისა და მ. ა–ის საცხოვრებელ სახლში კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ვერ იქნა აღმოჩენილი (ტ. N2; ს.ფ. 2-8).

5.7. ამდენად, მსჯავრდებულების ჩვენებები (კ. კ–ასათვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის შემცველი ერთი შენაფუთის გადაცემის შემდეგ, მისი დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე, დ. ჩ–მა კიდევ დაფშვნა აფთიაქში შეძენილი მედიკამენტი, დაამზადა სამი შენაფუთი და მ. ა–თან ერთად, განმეორებითი შეხვედრისას, კ. კ–ას გადასცა აღნიშნული დაფხვნილი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მხოლოდ ერთი შენაფუთი, ხოლო ორი შენაფუთი დარჩათ თავად (რომელშიც ნარკოტიკული საშუალება არ აღმოჩნდა)), სრულ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმებთან.

5.8. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების N30ს ოქმის თანახმად, მეორე ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 2023 წლის 27 მარტის 23:07-23:14 საათების შუალედში (ტ. N1; ს.ფ. 102), ხოლო მსჯავრდებულების პირადი ჩხრეკა დაიწყო ფაქტობრივად საკონტროლო შესყიდვის დასრულებითანავე – 2023 წლის 27 მარტის 23:20 საათზე.

5.8.1. კ. კ–ას და მსჯავრდებულ დ. ჩ–ის შორის არსებული ურთიერთობის ხასიათის, მსჯავრდებულთა ჩვენებების, პირადი ჩხრეკის ვითარების, საფუძვლის (გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე), მეორე ფარული საგამოძიებო მოქმედებიდან პირადი ჩხრეკის დაწყებამდე გასული დროის სიმცირის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს საფუძველი გონივრული ვარაუდისთვის, რომ ადგილი ჰქონდა კ. კ–აზე მეორე შეხვედრიდან პირად ჩხრეკამდე პერიოდში, მსჯავრდებულთა მიერ მათგან ამოღებული ნივთიერებების განზრახ ჩანაცვლებას.

5.9. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ა–ს ა.რ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №.... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როგორც დ. ჩ–ის, ისე მ. ა–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ შენაფუთებში (სულ ორი შენაფუთი), ასევე კ. კ–ასაგან პირველად ამოღებულ (2023 წლის 27 მარტს), მის მიერვე წარმოდგენილ პოლიეთილენის პაკეტის შენაფუთში, არსებული ფხვიერი მასები არ შეიცავენ ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ხოლო კ. კ–ასაგან მეორედ (2023 წლის 28 მარტს) ამოღებულ შენაფუთში არსებული თეთრი ფხვიერი მასა, წონით 0,9931 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – კოკაინს (მარილი), წონით 0,1693 გრამს. კერძოდ, აღნიშნული დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: 1. პაკეტში ნომრით .... დალუქული: პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის ფხვიერი მასა, წონით 0,4243 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს; 2. პაკეტში ნომრით ....... დალუქული: პოლიეთილენის პარკში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვიერი მასა წონით 0,9931 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი), წონით 0,1693 გრამს; 3. პაკეტში ნომრით ...... დალუქული: პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, თეთრი ფერის ფხვიერი მასა, წონით 6,4449 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს; 4. პაკეტში ნომრით ........ დალუქული: პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის ფხვიერი მასა, წონით 1,3751 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

5.10. კ. კ–ას გამოკითხვის ოქმით (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით გამოკითხვის ოქმები გამოქვეყნდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე) დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენასთან დაკავშირებით დ. ჩ–საგან შეთავაზების მიღების შემდეგ გადაწყვიტა პოლიციასთან თანამშრომლობა, აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და მონაწილეობა მიიღოს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში (2023 წლის 27 მარტის გამოკითხვის ოქმი; ტ.N1; ს.ფ. 7-9); 2023 წლის 27 მარტს დათქმულ ადგილას შეხვდა დ. ჩ–ს, რომელსაც ახლდა მეგობარი მ. ა–ი. დ. ჩ–მა მ. ა–ის თანდასწრებით კ. კ–ას ხელიდან ხელში გადასცა პატარა, თეთრი გამჭირვალე პოლიეთილენის შენაფუთი. იმავდროულად, უთხრა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება – კოკაინი. კ. კ–ას 550 ლარი გამოართვა მ. ა–მა, ხოლო დ. ჩ–მა უთხრა, რომ გაესინჯა და თუ მოეწონებოდა შემდგომში ფასდაკლებას გაუკეთებდა, რის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ დ. ჩ–თან კომუნიკაცია ჰქონდა „.........-ის“ საშუალებით, რა დროსაც საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ დ. ჩ–ი 700 აშშ დოლარად (ეკვივალენტით შეადგენს 1800 ლარს) მიჰყიდიდა 3 გრამ კოკაინს (2023 წლის 27 მარტის გამოკითხვის ოქმი; ტ.N1; ს.ფ. 10-14). 2023 წლის 27 მარტს კ. კ–ა კვლავ შეხვდა დ. ჩ–ს, რომელსაც ახლდა მეგობარი მ. ა–ი. მ. ა–მა ხელიდან ხელში გადასცა პატარა, თეთრი გამჭირვალე პოლიეთილენის შენაფუთი, ხოლო ამ უკანასკნელს კ. კ–ამ გადასცა ნარკოტიკების საფასური 1800 ლარი (2023 წლის 27 მარტის გამოკითხვის ოქმი; ტ.N1; ს.ფ. 15-18).

5.10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ. კ–ას ჩვენების შინაარსი ავსებს სადავო საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში ასახულ ვითარებას, იმავდროულად, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმად, თუ დაუსწრებელ მოწმეთა ჩვენებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბრალდებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ინტერპრეტაციაზე, თუნდაც მათი ჩვენებები არ იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი საქმის მასალებში, სხვა მტკიცებულებების არსებობის ფონზე, მათ დაშვებას შეუძლია დიდი დაბრკოლების შექმნა დაცვისთვის (იხ. Khachapuridze and Khachidze v. Georgia, nos. 59464/21, 13079/22, par. 122, 123 ECtHR, 29/08/2024). შესაბამისად, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა არც გამოძიებისა და არც სასამართლო წარმოების არცერთ ეტაპზე, სასამართლო განაჩენის დადგენისას აღნიშნულ მტკიცებულებას (კ. კ–ას გამოკითხვის ოქმები) არ ითვალისწინებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის №754აპ-25 განაჩენი).

5.11. იმავდროულად, დაცვის მხარეს არ მიეცა არც ნივთიერი მტკიცებულების – შენაფუთების – გამოკვლევის შესაძლებლობა, რომლის შესაძლო გამოცვლის თაობაზე, საქმის გამოძიების ეტაპზევე აცხადებდნენ პრეტენზიას (პროკურორმა განმარტა, რომ ამოღებული შენაფუთები გადაცემულია ექსპერტიზაზე, რის გამოც მისი წარმოდგენა ვერ შეძლო) 22.12.23. 16:11:57)).

5.11.1. სასამართლო ითვალისწინებს აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულების მნიშვნელობას, იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულება არ უთითებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის ბრალადშერაცხილი (და არა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული) დანაშაულის ჩადენაზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ასახული სადავო შენაფუთების გადაცემის ხერხსა (ხელთათმანის გარეშე) და იმ გარემოებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არც აღნიშნულ მტკიცებულებასთან მსჯავრდებულთა შემხებლობის (ნივთმტკიცებაზე მსჯავრდებულების ბიოლოგიური/გენეტიკური კვალის არსებობის) დამადასტურებელი მტკიცებულება (მაგალითად, ბიოლოგიური/გენეტიკური/სეროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა).

5.12. ზემოაღნიშნულისა და ვიდეოჩანაწერების ხარისხის (ჩანაწერი ასახავს კ. კ–ას მსჯავრდებულებთან შეთანხმებულ ადგილას მისვლას, მათთან შეხვედრას, საკონტროლო შესყიდვას – მსჯავრდებულების მიერ შენაფუთის ფულის სანაცვლოდ გადაცემას, კ. კ–ას აღნიშნული ადგილიდან გამოსვლას და საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთან შეხვედრას, თუმცა ჩანაწერი არის დაბალი ხარისხის, პერიოდულად გადაფარული/ბნელი კადრებით), ასევე – შინაარსის (არ ასახავს საკონტროლო შესყიდვის შემდგომ კ. კ–ასაგან მის ამოღებამდე უწყვეტ კადრს – კ. კ–ა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს ხვდება და აწვდის მხოლოდ მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც ვიდეოჩანაწერი წყდება (შენაფუთის ამოღება მოხდა მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში)) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გამომძიებლ ა. რ–ის ჩვენებას, რომ კ. კ–ას „თეორიულადაც“ კი არ შეეძლო შეეცვალა დ. ჩ–ისა და მ. ა–ის მიერ გადაცემული შენაფუთი, კ. კ–ა არ დარჩენილა მეთვალყურეობის გარეშე, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა შენაფუთის გამოცვლას და იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ 2027 წლის 27 მარტს 23:07-23:14 საათების შუალედში ჩატარებული (მეორე) ფარული საგამოძიებო მოქმედების შემდეგ (რომელ ეპიზოდშიც ბარალდების მხარე გამართლებულებს ედავება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას) კ. კ–ასაგან საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შესყიდული ნივთიერება ამოიღეს დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ, კერძოდ, 2027 წლის 28 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, – ამოღება ჩატარდა 00:45-01:05 საათების შუალედში, – ,,შ........., გამოკითხვის შემდგომ მოწმე კ. კ–ამ თავისი შორტის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო და წარმოადგინა თეთრ, გამჭვირვალე პოლიეთილინის პარკის ფრაგმენტის შენაფუთი, რომელიც ადგილზე ამოღებული იქნა” (ტ. N1; ს.ფ. 127).

5.12.1. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ვიდეო-აუდიოჩანაწერი არ ასახავს კ. კ–ასათვის შენაფუთის გადაცემიდან მისი პოლიციის განყოფილებაში ამოღების მომენტამდე უწყვეტ პროცესს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არ არის უგულებელყოფილი ეჭვი ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლასთან დაკავშირებით.

6. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება დ. ჩ–ისა და მ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; ბრალდების მხარის პოზიცია არის მხოლოდ ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

7. რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, დანაშაულის აღიარებისა და ნასამართლობის არ ქონის გათვალისწინებით, დ. ჩ–სა და მ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით (რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდათ 1/6-ით და განესაზღვრათ – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა 2 თვით), რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. მით უფრო, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას.

8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში ბუნდოვანია ნივთიერი მტკიცებულების – მ. ა–ის პირადი ჩრეკის დროს ამოღებული ფულის – 1800 ლარის – გადაწყვეტის საკითხი. კერძოდ, განაჩენში მითითებულია: ,,ნივთიერი მტკიცებულებები – მ. ა–ის პირადი ჩრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა 1800 ლარი, ასევე მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ”. აღნიშნული ფორმულირება ტოვებს გაურკვევლობას, თუ ვის მოიაზრებს სასამართლო კანონიერ მფლობელად – მ. ა–ს, რომლისგანაც ამოიღეს თანხა, თუ ბ-ს, რომლის უფროსმა გამომძიებელმა ა. ძ–ემ აღნიშნული თანხა ფარული საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა კ. კ–ას.

8.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2023 წლის 27 მარტის ოქმის თანახმად, მ. ა–ისაგან სხვა ნივთებთან ერთად, საკონტროლო შესყიდვის დასრულებისთანავე, ამოიღეს 18 ცალი 100 ლარიანი (სულ 1800 ლარი) კუპიურები. აღნიშნული თანხა (კუპიურები იგივე სერიული ნომრებით), ფულის გადაცემის შესახებ 2023 წლის 27 მარტის ოქმის თანახმად, კ. კ–ს გადაეცა ფარული საკონტროლო შესყიდვის მიზნებისათვის.

6.2. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასახელებული კუპიურები წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოს მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში გაცემულ თანხას, ისინი, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრე ბ–ს.

7. აღნიშნულის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენში ნივთმტკიცების – მ. ა–ის პირადი ჩრეკის დროს ამოღებული ფულის – 1800 ლარის – ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: მ. ა–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა – 1800 ლარი უნდა დაუბრუნდეს ბ-ს.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ოლღა მერებაშვილის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ცვლილება შევიდეს ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენში:

2.1. დ. ჩ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

2.1.1. დ. ჩ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა 2 თვით;

2.1.2. დ. ჩ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2023 წლის 27 მარტიდან;

2.2. მ. ა–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2.1. მ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა 2 თვით;

2.2.2. მ. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2023 წლის 28 მარტიდან;

3. ნივთიერი მტკიცებულება – მ. ა–ის პირადი ჩრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა – 1800 ლარი, დაუბრუნდეს ბ-ს;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე