საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.02.2026
საქმის ნომერი
2კ-1001აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100123006849123

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1001აპ-25 27 თებერვალი, 2026 წელი

ლ–ე რ., №1001აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. ლ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 6 იანვარს, დაახლოებით, 12:00 საათზე, ბ–ში, თ–ს ქ. N..-ის მიმდებარედ, რ. ლ–ე დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა. გ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2023 წლის 6 იანვარს, დაახლოებით, 12:00 საათზე, ბ–ში, თ–ს ქ. N..-ის მიმდებარედ, რ. ლ–ემ ხელის ყელის არეში მოჭერით იძალადა ა. გ–ზე, რა დოსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2023 წლის 5 იანვარს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ბ–ში, თ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ, რ. ლ–ემ ხელის სახის არეში დარტყმით იძალადა ა. გ–ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის განაჩენით, რ. ლ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინებით, 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად რ. ლ–ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ და მოითხოვა რ. ლ–ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალდაწარდეგნილი ყველა კვალიფიკაციით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

რ. ლ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 5 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებით.

3.2. 2025 წლის 15 აგვისტოს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენის გაუქმება და რ. ლ–ის ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინების რეგისტრაციის დოკუმენტით, დაზარალებულ ა. გ-ს ჩვენებითა და მოწმე რ. რ–ს გამოკითხვის ოქმით უტყუარად დადასტურდა რ. ლ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ხსენებული ნორმა ამომწურავად მიუთითებს საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ რ. ლ–ის ბრალეულობას ბრალადწარდგენილი ეპიზოდებით და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე კი, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამართლებულის მიმართ არ არის წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, კასატორის მიერ მითითებული მოწმის გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას რ. ლ–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შესაბამისად, პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, კასატორის მითითებული მტკიცებულებები, თუნდაც უდავოდ ცნობილი ვერ გახდება რ. ლ–ის მსჯავრდების საფუძველი.

5.7. ამასთან, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მამუკა ვასაძე

ლევან თევზაძე