საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100123007467424
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№960აპ-25 ქ. თბილისი
ს. ბ., 960აპ-25 17 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების – ბ. და ა. ს.ების – ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ბ. ს., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. ს., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 180 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. ს-მ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობის მცდელობა და სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო ა. ს-მ – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2021 წლის 12 მაისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, .... მუნიციპალიტეტის სოფელ .., მ. ხ.-გ-ს საცხოვრებელ სახლთან, ბ. და ა. ს-ები სიცოცხლის მოსპობითა და ქონების დაზიანებით დაემუქრნენ ჯგუფურად მ. ხ.-გ-ს, კერძოდ, ა. ს-მ უთხრა, რომ მოკლავდა და დაჩეხავდა, ხოლო ბ. ს.მ – რომ სახლს დაუწვავდა და მასაც შიგნით გამოწვავდა, ხოლო დაზარალებულს გაუჩნდა ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. 2023 წლის 28 მარტს, დაახლოებით, 18:30 საათზე, ბ- მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე ა. ხ-ს საცხოვრებელ სახლში, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, მთვრალმა ბ. ს-მ სცადა ა. ხ-ს მოკვლა, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის კვალდაკვალ, ა. ხ-ს თავის მიმართულებით, მჭრელი პირით მოუქნია ნაჯახი, რომლის ტარი დროულად დაუჭირა ა. ხ-მ და არ მისცა მჭრელი პირით დარტყმის საშუალება, თუმცა თავში მაინც მოხვდა ნაჯახის ყუა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. ბ. ს. ცდილობდა თავი დაეღწია ა. ხ-საგან და კვლავ დაერტყა მისთვის ნაჯახი, თუმცა ა. ხ-ს აქტიური წინააღმდეგობისა და ასევე – ი. რ-სა და ა. ს-ს დროული ჩარევის გამო, განზრახვის აღსრულება ვერ შეძლო.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების – ბ. და ა. ს-ების – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – შ. კ-ძემ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, ბ. და ა. ს-ების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: ბ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ა. ს-ს მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების – ბ. და ა. ს-ების – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – შ. კ-მ, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა. კასატორის მითითებით, ორი თვითმხილველი მოწმის – ი. რ-სა და ა. ს-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ბ. ს. კი არ კლავდა ა. ხ-ს, არამედ პირიქით – დაზარალებული გუდავდა მას, რასაც არც თავად ა. ხ. უარყოფს. შემთხვევის დროს, ბ. ს-ს ხელთ არ ჰქონია ნაჯახი, რომელიც შემთხვევის ადგილზე არავის უნახავს, გარდა მ. ხ.-გ-ს ჩვენებისა, რომელიც არადამაჯერებელია, რამეთუ არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი სხვა მოწმის ჩვენებით. მეტიც, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომელსაც, თავის მხრივ, ბრალდების მხარე უმალავდა სასამართლოს, დადგენილია, რომ ბ. ს-ს სახლიდან ამოღებული 5 ნაჯახიდან არცერთზე არ აღმოჩნდა არც ა. ხ-ს და არც ბ. ს-ს კვალი. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის წინააღმდეგობრივი და არასანდო ჩვენება, რომელიც ვერ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობას. ზიანის ხარისხიდან გამომდინარე კი, ბ. ს-ს ქმედება შესაძლოა, დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. კასატორის მტკიცებით, საქმეში ასევე არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბ. და ა. ს-ების ბრალეულობას. საპირისპიროდ, ფაქტის ერთადერთმა თვითმხილველმა მოწმემ – გ. ხ-ემ, დაადასტურა, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს აყენებდნენ შეურაცხყოფას, თუმცა მუქარას ადგილი არ ჰქონია. მტკიცებულებების გამოკვლევით, ცალსახად დადასტურდა, რომ სწორედ დაზარალებულმა – მ. ხ.-გ-მ, და მისმა შვილმა ჩაიდინეს დანაშაული, რასაც სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ საქმეში გამოკვეთილია პროცესუალური დარღვევები, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი – მათ შორის, დაკავების, ამოღებისა და გასაუბრების ოქმები, ისევე, როგორც გამომძიებლის ინფორმაციული პატაკი – ფალსიფიცირებულია.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს: მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, რომ 2023 წლის 28 მარტს, ა. ხ-ს თხემის არეში აღენიშნებოდა მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით მიყენებული, ნაკვეთი, სწორკიდებიანი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
9. ბრალდების მხარის პოზიციით, მთვრალმა ბ. ს-მ ა. ხ-ს, მისი მოკვლის განზრახვით, თავის მიმართულებით მოუქნია ხელთნაქონი ნაჯახი, მაგრამ დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო, ვერ შეძლო მჭრელი პირით მისი დაზიანება და ნაჯახის ყუით მიაყენა მსუბუქი ჭრილობა თავის არეში. შესაბამისად, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბ. ს-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – განზრახ მკვლელობის მცდელობა, რასაც სადავოდ ხდის დაცვის მხარე.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ის ფაქტი, რომ ბ. ს. ნაჯახით დაესხა თავს ა. ხ-ს, უტყუარად დადგენილია თავად ა. ხ-ს ჩვენებით, რომლის მიხედვით, შემთხვევის დღეს, სახლში მიეჭრა ნაჯახით შეიარაღებული ბ. ს., რომელიც აგინებდა და უყვიროდა: „უნდა მოგკლაო!“. შეძლო და თავდამსხმელს ნაჯახიანი ხელი დაუკავა, რამაც იარაღს პირი უცვალა და მჭრელი პირის ნაცვლად, კეფაზე მოხვდა მისი ყუა. წასკდა სისხლი; ხაზგასასმელია, რომ დაზარალებულის ეს ჩვენება დასტურდება მ. ხ.-გ-ს ჩვენებით, რომელმაც დაინახა, როგორ გარბოდა შემთხვევამდე ნაჯახით შეიარაღებული ბ. ს. გინებით ა. ხ-ს სახლისკენ, საიდანაც მოგვიანებით მოესმა ყვირილი: „უნდა მოგკლაო!“ იმავდროულად, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ა. ხ-ს, ამ შემთხვევის შემდეგ, აღენიშნებოდა სწორედ მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობა თხემის არეში; მოწმეების – ი. რ-სა და ვ. ხ-ს – ჩვენებებით ირკვევა, როგორ შემოესმათ ა. ხ-ს სახლიდან დაზარალებულის ხმა, რომელიც შველად ითხოვდა. ადგილზე კი ნახეს ა. ხ., რომელსაც თავიდან სისხლი სდიოდა და ფიზიკურად უპირისპირდებოდა ბ. ს.ს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის განზრახვის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულისათვის სწორედ ამ მომეტებული საფრთხის მატარებელი იარაღით – ნაჯახით – მიეყენებინა დაზიანება სიცოცხლისათვის ერთმნიშვნელოვნად საშიშ – თავის – არეში, ცალსახად გამორიცხულია, რომ ბ. ს. მოქმედებდა ა. ხ-ს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების განზრახვით და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მას სურდა ა. ხ-ს სიცოცხლის განზრახ მოსპობა ან, როგორც მინიმუმ, ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა დაზარალებულის აქტიური წინააღმდეგობის გამო, განზრახვა ვერ აღასრულა. შესაბამისად, ბ. სტეფნაძის ქმედება სამართლებივად სწორად შეფასდა, როგორც განზრახ მკვლელობის მცდელობა და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით კანონიერი და სამართლიანია.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა, შესაბამისად, შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ.: მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).
15. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ დაუსაბუთებელი და უკანონოა ბ. და ა. ს-ებისათვის მსჯავრადშერაცხილი – ჯგუფურად ჩადენილი მუქარა, რამეთუ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების ეს ნაწილიც გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა მათი ბრალეულობა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულ მ. ხ.-გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, სახლში მიეჭრნენ მსჯავრდებულები, რომლებიც აგინებდნენ და ემუქრებოდნენ, ა. ს. – დახრჩობით, ბ. ს. კი – სახლის გადაწვით, ასევე – ესროდნენ ქვებს, რისიც შეეშინდა და მიმართა პოლიციას; დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის დროსაც, მ. ხ.-გ-ს ეზოდან ამოღებულია ქვა, რომელიც მუქარის კვალდაკვალ ესროლეს მას, ხოლო მოწმე გ. ხ-ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს მ. ხ.-გ-ს სახლის ჭიშკართან მართლაც იდგნენ ბ. და ა. ს.ები, რომლებიც სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ დაზარალებულ ქალს.
16. საკასაციო სასამართლო დამატებით დასძენს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების – ბ. და ა. ს.ების – ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე