საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100125011208649
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1173აპ-25 ქ. თბილისი
ა–ა მ., 1173აპ-25 16 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენით მ. ა–ა, – დაბადებული 19.., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, მ. ა–ას მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ა–ამ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის განაჩენით მ. ა–ა
ცნობილ იქნა დამნაშავედ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი. ბ–ას მიმართ ძალადობისა და მუქარისათვის, ასევე – არაერთგზის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა.
2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, მ. ა–ა გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან. ამავე განჩინებით, მის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი – 4 თვით, რომლითაც მას აეკრძალა იმ სახლთან და ადგილებთან მიახლოება, სადაც ი. ბ–ა ცხოვრობდა და იმყოფებოდა, ასევე – მასთან ნებისმიერი კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებითა და მესამე პირების მეშვეობით. მ. ა–ა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2025 წლის 24 იანვარს.
2.3. მიუხედავად ამისა, 2025 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით, 21:00 საათზე, მ. ა–ა მივიდა ხ–ს მუნიციპალიტეტის ხ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში, ... ქუჩის № ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ი. ბ–ა, მიუახლოვდა მას და შევიდა სიტყვიერ კომუნიკაციაში, რითაც არაერთგზის დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – დ. გ–ამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – დ. გ–ამ, რომელიც ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნახევრის პირობითად ჩათვლას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: მ. ა–ამ აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და, იმავდროულად, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა – მ. ა–ა დაავადებულის ეპილეფსიით.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. დაცვის მხარის მიერ სადავო სასჯელთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
10. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესის (დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად, მ. ა–ას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის ნაწილის პირობითად ჩათვლას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებით, არ აქვს კანონიერი გამართლება, რამეთუ როგორც საქმის მასალები ცხადყოფს, მსჯავრდებულს არ უთნამშრომლია გამოძიებასთან და მხოლოდ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აღიარა დანაშაული. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება, რაც განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულის წარსულისა და პიროვნული მასასიათებლების გათვალისწინებით, ცალსახად მიზანშეუწონელი იქნებოდა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ა–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი