საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100124010701781
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №923აპ-25 ქ. თბილისი
გ–ე ა., 923აპ-25 9 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. გ–ეს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის ოქტომბრის ბოლოს, ბ–ში, გ–ს ქუჩის .., ბინა N..-ში, ა. გ–ემ ფეხის გულმკერდის არეში დარტყმით, იძალადა მამაზე − ა. გ–ეზე, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განაჩენით ა. გ–ე, − დაბადებული 2000 წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ა. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
გამართლებულ ა. გ–ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა როყვამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, ა. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებით განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ა. გ–ის ბრალეულობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის − ა. გ–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა ა. გ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
9. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ ცემაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია თუ არა ტკივილი.
10. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა – ა. გ–მ (გამართლებულის მამამ) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა ახლო ნათესავის – ა. გ–ის წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამავე დროს, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც სასამართლოში არ დადასტურებულა.
11. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
12. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება წარდგენილი ბრალდება, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაზარალებულ – ა. გ–ის მიერ ა. გ–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, შეაფასებს საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რამდენად საკმარისია, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
14. საქმეზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლები: ი. შ–ი და რ. მ–ე არ არიან ფაქტის თვითმხილველი პირები. ისინი ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულ ა. გ–ისგან და გადმოსცემენ მის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე მათი ჩვენებები ირიბია და ვერ იქნება გამოყენებული ა. გ–ის ბრალეულობის მადასტურებელ მტკიცებულებებად. დეტექტივ მ. კ–ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მხოლოდ მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დასტურდება.
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნას, რომლის თანახმად, ა. გ–ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა.
16. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ შემაკავებელ ორდერსა და დანაშაულის შესახებ შეტყობინებას, იმ ვითარებაში, როდესაც მათში მითითებული ინფორმაცია არ დასტურდება თუნდაც ერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, საკმარისი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo-ს“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი