საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1073აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007634114

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1073აპ-25 16 მარტი, 2026 წელი

წ–ი გ., №1073აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. წ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. დაახლოებით 2014 წლიდან 2023 წლის 12 ივნისამდე დროის პერიოდში, გ. წ–ი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილებისა და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე, მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, უსაფუძვლოდ, სისტემატურად ძალადობდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ქ. ა–ზე. კერძოდ, ურტყამდა თავში, სახეში და ქაჩავდა თმას. ასევე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მათ შორის, 2023 წლის 11 მაისს, ღამის საათებში, თ–ში, ..., მე-.. მ/რ-ნი, N... კორპუსი, N..-ში მდებარე, ქ. ა–ის საცხოვრებელ სახლში, გ. წ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქ. ა–ს, კერძოდ, სწვდა თმაში, ძლიერად მოქაჩა. ზემოაღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა ქ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2023 წლის 11 ივნისს, ღამის საათებში, დაახლოებით 23:50 საათზე, თ–ში, ე.წ. მე-.. ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი „ტოიოტა რავ-4-ის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით ....) გადაადგილებისას, გ. წ–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქ. ა–ს. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რითაც ქ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნული სისტემატური ძალადობის შედეგად, ქ. ა–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

1.3. 2023 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოცემულ იქნა დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით: გ. წ–ს აეკრძალა 9 თვით მსხვერპლთან - ქ. ა–თან, მის სამსახურთან, სახლსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ქ. ა–ი იმყოფება. მიუხედავად აკრძალვისა, 2024 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე, გ. წ–მა, იცოდა რა, რომ, თ–ში, .... ქუჩა N..-ში მდებარე, .... სახელობის ს.... ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ მისი ყოფილი მეუღლე - ქ. ა–ი და მათი არასრულწლოვანი შვილი - გ. წ–ი, მაინც მივიდა მათთან, რითაც დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენით, გ. წ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ელ ნაწილზე.

გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. წ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. წ–ის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მისთვის ჰუმანური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. წ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ–ის სააპელაციო საჩივრის შეცვლილი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება.

გ. წ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელ ნაწილზე.

გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. წ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

3.2. 2025 წლის 7 ნოემბერს, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გ. წ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული პირობითი სასჯელი უკანონოა, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია, არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, გ. წ–ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთის მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორეს მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულვებელყოფა.

5.6. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, რომელიც ექცევა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ კრიტერიუმებში, დაადგინოს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და მსჯავრდებულს განუსაზღვროს ადეკვატური გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლომ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სამართლიანობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპები.

5.7 რაც შეეხება, კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.

5.8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა და მისი მოხდის წესი ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციულია, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. შესაბამისად, კონკრეტული საქმიდან და დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციის ფარგლებში გამოყენებული სასჯელის ზომა და მისი მოხდის ფორმა კანონიერია.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე