საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1132აპ-25 27 მარტი, 2026 წელი
რ–ე გ., №1132აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. რ–ეს ბრალად ედებოდა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
1.2. გ. რ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით, 00:30 საათზე, ..... ხიდის საავტომობილო გზის ..... ხიდთან, გ. რ–ემ, საჭეზე ხელის აკვრის გამო, „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით – ....., ფიზიკურად იძალადა ზ. მ–ის მიმართ. კერძოდ, არაერთხელ დაარტყა მუშტი მუცლისა და გულ-მკერდის არეში, შემდეგ, გადაიყვანა მანქანიდან, დააგდო მიწაზე და რამდენჯერმე, დაარტყა ფეხი მუცლის არეში. აღნიშნულის შემდეგ, ავტომანქანით გაიარა რამდენიმე მეტრი, ავტომანქანიდან გადაიყვანა ზ. მ–ის მეუღლე – მ. ჭ–ი, რომელსაც ჰკრა ხელი და თავით დააგდო მიწაზე. გ. რ–ის ძალადობრივი ქმედებებით ზ. მ–მა და მ. ჭ–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით:
2.1.1. გ. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 3 თვით.
2.1.2. საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. რ–ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით.
2.1.3. გ. რ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ბოლო განაჩენის გამოტანის მომენტიდან – 2025 წლის 9 ივლისიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც მოხდილი ჰქონდა წინა განაჩენით – 2024 წლის 16 ივლისიდან 2025 წლის 9 ივლისამდე. ასევე, მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 9 ნოემბრიდან 2023 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. რ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი – სალომე ქემაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. რ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. კასატორის პოზიციით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელით ვერ მიიღწევა სასჯელის მიზნები; სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულმა განზრახი დანაშაული ჩაიდინა უმნიშვნელო მოტივით, ორი პირის მიმართ, რომლებსაც კვლავ აქვთ პრეტენზია დამნაშავის მიმართ.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის სადავო არ არის გ. რ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის გ. რ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას, ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ გ. რ–ისთვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ზოგადსავალდებულო გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის მოტივი, აღიარება, მონანიება და მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობის ფაქტი, ასევე – მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, კერძოდ, ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას ორი პირის მიმართ, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, რის გამოც, ამ გარემოებაზე აპელირებით სასჯელის დამატებით დამძიმება მიზანშეუწონელია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ გ. რ–ეს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული ვადით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. შესაბამისად, მისი გამკაცრება მიზანშეუწონელია.
4.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.8. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე