საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100125011562658
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №185აპ-26 ქ. თბილისი
კ. თ. 185აპ-26 3 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიასა და მსჯავრდებულ თ. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. კ–ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – თ. კ–ს, პირადი ნომერი: ........, – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
თ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2025 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ. კ–, ქ. ფ–ში, ბ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით - მოკვლით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლის – ა. ჩ–ს – მშობელს ა. ჩ–ს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
2025 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 11:05 საათზე, ქ. ფ–ში, ბ–ს ქუჩის N.. მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით - მოკვლით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს - ა. ჩ–ს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:
2.1. თ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ა. ჩ–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. თ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ა. ჩ–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 მაისის განაჩენით, თ. კ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას – მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი შეესაბამება თავისუფლების აღკვეთის 1 დღეს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა;
2.5. მსჯავრდებულ თ. კ–ს პატიმრობის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2025 წლის 27 აპრილიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში. კერძოდ, თ. კ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ა. ჩ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასევე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ა. ჩ–ს ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
3.2. მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. კ–ამ მოითხოვა თ. კ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
5.1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ემელიანე ბერაია ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენში ცვლილებას, თ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ა. ჩ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასევე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ა. ჩ–ს ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;
5.2. მსჯავრდებული თ. კ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. კ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ თ. კ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს თ. კ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – სრულად გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას.
8. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).
9. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას თ. კ–ს დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ა. ჩ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
9.1. დაზარალებულ ა. ჩ–სა და მოწმე ლ. კ–ს მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით (უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის (ა. ჩ–მ - მეუღლის, ლ. კ–მ – მამის) წინააღმდეგ) სარგებლობის პირობებში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად თ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
9.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა, რის გამოც, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 განჩინება).
9.3. რაც შეეხება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს, ა. ჩ–მ განმარტა, რომ თ. კ–ს მხრიდან ა. ჩ–ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს იგი არ შესწრებია და აღნიშნული მუქარის შესახებ მან ანასგან გაიგო. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა კი განმარტეს, რომ თ. კ– იყო აგრესიული, იგინებოდა ოჯახის წევრების მისამართით, ემუქრებოდა ა. ჩ–ს, რომ მოკლავდა. მოწმე ი. შ–ას ჩვენების თანახმად კი მას შემდეგ რაც ა. ჩ–მ უარი უთხრა თ. კ–ს სახლში წაყოლაზე, იგი ა–ს დაემუქრა, თუმცა მოწმის ჩვენება არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას რა სახის მუქარა განახორციელა თ. კ–მ ა. ჩ–ს მიმართ და რეალურად აღიქვა თუ არა დაზარალებულმა აღნიშნული.
9.4. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ა. ჩ–მ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც არ დგინდება აღიქვა თუ არა ა. ჩ–მ აღნიშნული მუქარა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალურად და გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების შიში, – საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნა და დამნაშავედ სცნოს თ. კ. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ა. ჩ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
9.5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
10. იმავდროულად, უსაფუძვლოა კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნა თ. კ–ს სრულად გამართლების შესახებ, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ა. ჩ–ს ჩვენება, მოწმეთა: ი. შ–ასა და გ. ლ–ს ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ თ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ა. ჩ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
10.1. დაზარალებულმა ა. ჩ–მ განმარტა, რომ მას 2025 წლის 27 აპრილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ. კ., რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ანალოგიურად მიუთითა შემაკავებელ ორდერშიც და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც დაადასტურა თ. კ–ს მიერ მის მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტი.
10.2. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა: ი. შ–ამ და გ. ლ–მ განმარტეს, რომ თ. კ– იყო აღელვებული, აგინებდა ოჯახის წევრებს და მოკვლით ემუქრებოდა ა. ჩ–ს.
10.3. უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს სასამართლო კასატორი დაცვის მხარის მსჯელობას, დაზარალებულის მიკერძოებული დამოკიდებულების შესახებაც, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება თ. კ–ს ცრუდ მხილებისათვის დაზარალებულის პირადი მოტივის არსებობა. ამასთან, არც საქმის სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც დაადასტურებდა ა. ჩ–ს უარყოფით სუბიექტურ დამოკიდებულებას თ. კ–ს მიმართ. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობაში.
11. კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი,II-10).
11.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
13. სააპელაციო სასამართლომ თ. კ–ს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
14. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიასა და მსჯავრდებულ თ. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. კ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე თ. კ–ს მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე