საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1083აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100123007954774

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1083აპ-25 ქ. თბილისი

კ–ე კ., 1083აპ-25 27 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს–ისა და მსჯავრდებულების – ბ. დ–ისა და მ. ა–ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, მ. ა–ეს, – დაბადებულს ...., – ბ. დ–ესა, – დაბადებულს ...., – და კ. კ–ეს, – დაბადებულს 19..წლის 14 ივნისს, – ბრალად დაედოთ: გამოძალვა, ესე იგი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2023 წლის ივნისის ბოლოს, მ. ა–ემ, ბ. დ–ემ და კ. კ–ემ განიზრახეს ჭ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მცხოვრები გ. ნ–ისაგან თანხის გამოძალვით მიეღოთ ქონებრივი სარგებელი. განზრახვის აღსასრულებლად, 2023 წლის 30 ივნისს, მ. ა–ემ, მასთან მყოფ კ. კ–ესა და ბ. დ–ესთან ერთად, გ. ნ–ეს შესთავაზა 3000 აშშ დოლარად შეეძინა კუთვნილი „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანა, რომელიც მისივე განმარტებით, იყო გამართული. გ. ნ–ისაგან თანხმობის მიღებისას, 2023 წლის 1 ივლისს, მ. ა–ემ გადასცა მას გასაღები, რათა შეემოწმებინა ავტომანქანა. შემოწმებისას ავტომანქანა აღმოჩნდა გაუმართავი და 2023 წლის 3 ივლისს მ. ა–ისათვის მისი უკან დაბრუნებისას, ავტომანქანას, ასევე, სავარაუდოდ, დაუზიანდა გადაცემათა კოლოფის ზეთის მილი, რომლის შეკეთების პასუხისმგებლობა გ. ნ–ემ აიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალეულობით არაფერი დაზიანებულა, ხოლო ავტომანქანის შეძენაზე განაცხადა უარი და დააბრუნა გასაღები. ვინაიდან გ. ნ–ის პასუხი მიუღებული აღმოჩნდა მათთვის, 2023 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 11 ივლისამდე, მ. ა–ე, ბ. დ–ე და კ. კ–ე, ჯგუფურად, როგორც შეხვედრებით, ასევე – სისტემატური სატელეფონო კომუნიკაციით, გ. ნ–ეს, მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანებისა და ფიზიკური განადგურების მუქარით სთხოვდნენ 1000 აშშ დოლარის გადახდას.

2. მ. ა–ეს, ბ. დ–ესა და კ. კ–ეს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით, მ. ა–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წადგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ბ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; კ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 13 ვლისის გადაწყვეტილებით – განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ა–მ ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ხოლო ბ. დ–ემ და კ. კ–მ –გამოძალვა, ესე იგი, ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. 2023 წლის ივნისში, მ. ა–ეს საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებოდა რა თანხა, გადაწყვიტა, დედამისის – მ. კ–ის სახელზე რეგისტრირებული და მის ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი ავტომანქანის „ბმვ-ს“ გაყიდვა. 2023 წლის 30 ივნისს, მ. ა–ე და გ. ნ–ე ავტომანქანის ნასყიდობაზე შეთანხმდნენ, იმ პირობით, რომ გ. ნ–ე შესამოწმებლად წაიყვანდა ავტომანქანას და მეორე დღეს ეტყოდა პასუხს. თუ მოეწონებოდა შეიძენდა მას და გადაუხდიდა შეთანხმებულ ღირებულებას – 3000 აშშ დოლარს. 2023 წლის 1 ივლისს, მ. ა–ემ ქალაქ ჭ–ში გ. ნ–ეს გადასცა ავტომანქანა, რაც მან იმავე დღესვე წაიყვანა ქალაქ ჭ–დან, დაახლოებით, 20 კმ-ში, სოფელ ბ–ში არსებულ თავის სახლში. მეორე დღეს – 2 ივლისს, იგი არ დაჰკავშიერებია მ. ა–ეს. 2023 წლის 3 ივლისს, საღამოს, გ. ნ–ე, აღნიშნული ავტომანქანით თავისი საცხოვრებელი სახლიდან მიემართებოდა ქალაქ ჭ–ში, რა დროსაც ქალაქის შესასვლელთან ავტომანქანა გაფუჭდა და შეწყვიტა მოძრაობა, დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა გადაცემათა კოლოფი, რომლის ღირებულებაც, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით, შეადგენს – 2205 ლარს. გ. ნ–ემ უარი განაცხადა ავტომანქანის შეძენაზე, მ. ა–ეს კი შესთავაზა, რომ ავტომანქანის შესაკეთებლად მისცემდა 100 ლარს ან თავად შეაკეთებინებდა ხელოსანს, თუმცა ხელოსანთან მანქანა არ მიუყვანია. 2023 წლის 4 ივლისიდან 8 ივლისამდე, მ. ა–ე ავტომანქანაზე მიყენებული ზიანის სანაცვლოდ, პირადად შეხვედრისას და ასევე – სატელეფონო კომუნიკაციისას, გ. ნ–ეს, მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანებისა და ფიზიკური განადგურების მუქარით, სთხოვდა 1000 აშშ დოლარის გადახდას. აღნიშნულ ურთიერთობაში ჩაერივნენ ასევე მ. ა–ის მეგობრები – ბ. დ–ე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული – კ. კ–ე. ბ. დ–ე და კ. კ–ე 2023 წლის 7 ივლისს და 2023 წლის 8 ივლისს გ. ნ–ესთან შეხვედრისას, დაემუქრნენ მას, როგორც შეფარულად, ისე – აშკარად, კერძოდ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ფიზიკური განადგურების მუქარით მოსთხოვეს 1000 აშშ დოლარის გადახდა.

5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ნატრიაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულების დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის, ასევე – სასჯელის გამკაცრებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულების – ბ. დ–ის, მ. ა–ისა და კ. კ–ის ინტერესეების დამცველმა ადვოკატმა – თ. მ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი შეიცვალა; მ. ა–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წადგენილი ბრალდება გადაკვალიიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; ბ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; კ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 13 ვლისის გადაწყვეტილებით – განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ნ. ს–ემ და მსჯავრდებულების – ბ. დ–ისა და მ. ა–ის – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – თ. მ–მა.

8. მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – ნ. ს–ე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. კ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არასამართლიანიც, რამეთუ არ ემყარება გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეში წარმოდგენილი არცერთი სამხილით არ დასტურდება, რომ კ. კ–ემ ჩაიდინა გამოძალვა. მეტიც, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები ცხადყოფს, რომ იგი არანაირი ფორმით არ ძალადობს და არ ემუქრება დაზარალებულის სტსტუსის მქონე პირს, არამედ – ესაუბრება და სთხოვს იმ ნივთისა თუ ვალის დაბრუნებას, რისი ვალდებულებაც ჰქონდა გ. ნ–ეს და ამას ყოველგვარი მუქარისა და აგრესიის გარეშე აკეთებს, თუმცა სასამართლომ სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცა ამ ჩანაწერებს. დაზარალებულის სტატუსის მქონე პირმა ვერ დაადასტურა, რით გამოიხატა მის მიმართ ძალადობა, მუქარა და გამოძალვა. მსჯავრდებულის მიმართ ფინანსური ვალდებულების შესრულების ნაცვლად, მიმართა პოლიციას, თითქოს მას თანხას სძალავდნენ, რითაც თავიდან აირიდა ვალდებულების შესრულება.

9. მსჯავრდებულების – ბ. დ–ისა და მ. ა–ის – ინტერესების დამცველი ადვოკატი – თ. მ–ი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. დ–ისა და მ. ა–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და, იმავდროულად, მიუთითებს, რომ სასჯელის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული ბ. დ–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი. კასატორი მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულებები, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია, ისევე, როგორც, სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფდა, რომ ბ. დ–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი იყო განაჩენი, რომელზეც სასამართლომ არ იმსჯელა და არ განსაზღვრა საბოლოო სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით.

10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, იმავდროულად, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ, ერთი მხრივ, მ. ა–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წადგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ხოლო, მეორე მხრივ, სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია ბ. დ–ისა და კ. კ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულ გ. ნ–ის ჩვენება, რომ მსჯავრდებულები ადანაშაულებდნენ მ. ა–ის ავტომანქანის დაზიანებისათვის, რის გამოც, სთხოვდნენ 1000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ, როგორც ღიად (მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით: „დაჩეხვით“, „ტყვიით თავის გასიებით“), ასევე – შეფარვით (საუბრის დროს დანის ტარისა და მსჯავრდებულის ელექტრონული სამაჯურის დემონსტრირებით, ისევე, როგორც – „კანონიერ ქურდთან“ ახლო ნათესაობის ხსენებით), თანმიმდევრულია და დასტურდება, როგორც სატელეფონო საუბრების, ასევე – ამ პირთა შეხვედრების ამსახველი ჩანაწერების შინაარსით, რომლებსაც, ამ სამხილების ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს. ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით კი უტყუარად დადგენილია, რომ სატელეფონო და შეხვედრების ამსახველი ჩანაწერების ფუგურანტები, რომლებიც ძალადობის მუქარით სთხოვდნენ დაზარალებულს 1000 აშშ დოლარს, არიან სწორედ მ. ა–ე, ბ. დ–ე და კ. კ–ე, რომელთაც კანონიერად აქვთ მსჯავრი დადებული მათ მიერ ჩადენილი ქმედებების კვალდაკვალ და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.

13. დაცვის მხარის მიერ ბ. დ–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: დაუსრულებელი სამართალწარმოებისას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა ერთმნიშვნელოვნად შესაძლებელია მხოლოდ ისეთ განაჩენთან ერთობლივად, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და საბოლოოც (გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება), წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას გაუქმებული ან შეცვლილი სასჯელის მოხდის რეალური საფრთხე, რაც დაუშვებელი და გაუმართლებელია. [...] მსჯავრედებულის მიერ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გაუქმებული ან შეცვლილი სასჯელის მოხდის თავიდან ასარიდებლად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს განაჩენის აღსრულების წესს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენი №1014აპ-21 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 9-10).

14. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს–ისა და მსჯავრდებულების – ბ. დ–ისა და მ. ა–ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე