საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100125011142178
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1024აპ-25 ქ. თბილისი
ჭ-ა კ. 1024აპ-25 18 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ჭ–ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ნ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: კ. ჭ–ას, – დაბადებულს .... წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
კ. ჭ–ას მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევმა კ. ჭ–ამ 2025 წლის 2 თებერვალს, დღის საათებში ქ. ზ–ში, ჩ–ს ქუჩაზე, 100 ლარის სანაცვლოდ, ბ. ჭ–ას უკანონოდ მიასაღა 0,00282 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევმა კ. ჭ–ამ 2025 წლის 4 თებერვალს, დღის საათებში ქ. ზ–ში, .......ის ქუჩაზე, 140 ლარის სანაცვლოდ, ბ. ჭ–ას უკანონოდ მიასაღა 0,00674 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა კ. ჭ–ამ 2025 წლის 10 თებერვალს, დღის საათებში ქ.ზ–ში, ...........ს ქუჩაზე, 140 ლარის სანაცვლოდ ბ. ჭ–ას უკანონოდ მიასაღა 0,00465 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
1.2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
კ. ჭ–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევმა კ. ჭ–ამ 2025 წლის 18 თებერვალს უკანონოდ შეიძინა და ქ. ზ–ში, ...........ს ქუჩაზე პირადად უკანონოდ შეინახა 0,008 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენით:
2.1. კ. ჭ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2025 წლის 10 თებერვლის ქმედება) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები;
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენით და 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
2.4. საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენით და 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 8 000 ლარი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა – 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 8000 ლარი;
2.5. კ. ჭ–ას სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2025 წლის 18 თებერვლიდან;
2.6. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კ. ჭ–ას 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო ”საბიუჯეტო” დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ. ჭ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ნ–ამ. დაცვის მხარემ მოითხოვა კ. ჭ–ას უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებში.
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა დავით ჭითანავამ და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად;
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 4 მაისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში კ. ჭ–ასათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
5.1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კ. ჭ–ას 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ. ჭ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ნ–ამ.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
7.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს კ. ჭ–ას უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენაში.
9.2. შესაბამისად, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს კ. ჭ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ამ დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი.
10. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას კ. ჭ–ას უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენაში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეთა: ბ. ჭ–ას, ა. გ–ს, შ. მ–ს, მ. შ–ს ჩვენებები, 2025 წლის 2 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერი, 2025 წლის 2 თებერვლის ამოღების ოქმი, 2025 წლის 4 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერი, 2025 წლის 4 თებერვლის ამოღების ოქმი, 2025 წლის 10 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერი, 2025 წლის 10 თებერვლის ამოღების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის №........, №№........., №№.......... დასკვნები, ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის №........ დასკვნა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენი და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს კ. ჭ–ას მიერ საქართველოს სსკ-სი 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
11. კ. ჭ–ასათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილ დანაშაულთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
11.1. ბ. ჭ–ას ჩვენებით დგინდება, რომ 2025 წლის იანვარში შეხვდა კ. ჭ–ას ქ. ზ–ში. კ–ს მანამდეც იცნობდა, ცოტა ისაუბრეს, კ–მ ჰკითხა, ხომ არ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს, პასუხად კი მიუგო, რომ როდესაც ფული ჰქონდა, პერიოდულად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს. გაცვალეს ტელეფონის ნომრები. კ. ჭ–ამ უთხრა, თუ ფული ექნებოდა, შეხმიანებოდა და დაეხმარებოდა ნარკოტიკული საშუალების შოვნაში (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი 11:35:12-11:36:55). აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა პოლიციის თანამშრომელს – ზ. (ა–ო) გ–ს, რომელიც მისი ახლობელია. შემდეგ დაიბარა გამომძიებელმა, რომელთანაც თანხმობა განაცხადა აღჭურვაზე, რათა კ. ჭ–ასაგან შეეძინა ნარკოტიკული საშუალებები (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი 11:36:58-11:38:05). 2025 წლის 2 თებერვალს შეხვდა კ. ჭ–ას და გადასცა 100 ლარი. თანხის გადაცემიდან 1-1,5 საათის შემდეგ კ. ჭ–ამ მიუტანა 100 ლარის ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი, რომელიც გადასცა მანქანაში. ნარკოტიკი შეხვეული იყო სიგარეტის ვერცხლისფერ ფოლგაში (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი 11:38:10-11:41:15).
11.2. მოწმე ა. გ–ას განმარტებით, პირადმა კონტაქტმა – ბ. ჭ–ამ უთხრა, რომ კ. ჭ–ა ყიდდა ნარკოტიკს. ბ. ჭ–ა აღიჭურვა და, თანხის სანაცვლოდ, შეისყიდა ნარკოტიკი. ბ. ჭ–ა მიდიოდა კ. ჭ–ასთან შესახვედრად და ბრუნდებოდა, რასაც ვიზუალურად აკონტროლებდა სხვა გამომძიებელთან ერთად. მას შემდეგ, რაც კ. ჭ–ამ ბ. ჭ–ას გადასცა ნარკოტიკული საშუალება, ბ. ჭ–ა წავიდა გამომძიებელთან, სხვა პირთან კონტაქტი არ ჰქონია.
11.2.1. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა გამომძიებელმა შ. მ–ემ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ. ჭ–ას ავტომობილი შემოწმდა კ. ჭ–ასთან შეხვედრამდე და იქ ნარკოტიკი არ იყო. კ. ჭ–ასთან შეხვედრისა და ნარკოტიკის შეძენის შემდებ ბ. ჭ–ა წავიდა გამომძიებელთან.
11.3. გამომძიებელმა მ. შ–ამ ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ 2025 წლის 2 თებერვალს თავად გადასცა 100 ლარი ბ. ჭ–ას, ნარკოტიკული საშუალების შესაძენად. კ. ჭ–ასთან შესახვედრად წასვლამდე შეამოწმა როგორც ბ. ჭ–ა, ასევე – ავტომობილი. ასევე ხორციელდებოდა ბ. ჭ–ას ავტომობილის ვიზუალური კონტროლი. საკონტროლო შესყიდვის შემდეგ ბ. ჭ–ამ ნებაყოფლობით წარუდგინა კ. ჭ–ასაგან შეძენილი ნარკოტიკი, რაც ამოიღეს.
11.4. 2025 წლის 2 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების თანახმად:
- 09:58-11:04 საათის შუალედში ავტომობილში ორი პირი ხვდება ერთმანეთს. შეხვედრამდე ავტომობილში მყოფ პირს ხელში უჭირავს 100 ლარი, რომელსაც უთვლის მეორე პირს და თანხმდებიან შემდეგი შეხვედრის დროზე. პირი, რომელსაც გადასცეს თანხა, საუბრობს, რომ იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ და არ არის საქართველოს მოქალაქე;
- 15:15-15:49 დროის შუალედში, მეორე შეხვედრისას ავტომობილში მყოფი პირი მისულ პირს მიმართავს სახელით – „კ–ი“, რომელიც, თავის მხრივ, ჩივის, რომ ყველა მსურველი ერთსა და იმავე დროს იკრიბება ხოლმე და გადასცემს პირველ პირს ფოლგის ქაღალდში გახვეულ მცირე ზომის ნივთს, რომელსაც ადგილზე არ ხსნიან და გადადის ავტომობილიდან.
11.5. ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის №....... დასკვნის (რომელიც მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 15:47:17-15:48:16)) თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ფონოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე წარდგენილ 2025 წლის 2 თებერვლის სადავო ფონოგრამებში (........) მეტყველი დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მეტყველი კ. ჭ–ას ხმა ერთმანეთის იდენტურია (იხ.: ტ.2, ს.ფ. 60-85).
11.6. 2025 წლის 2 თებერვლის (16:00-16:30 საათის) ამოღების ოქმის თანახმად, ბ. ჭ–ამ გამომძიებელს ნებაყოფლობით წარუდგინა კ. ჭ–ასაგან შეძენილი ერთ ცალ ქაღალდის ფოლგაში შეხვეული თეთრი ფერის სამი ცალი აბის ნატეხი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად, პაკეტის ნომრით ........ (იხ. ტ.1, ს.ფ. 101-108).
11.7. ქიმიური ექსპერტიზის №.......... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ .......... პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში გახვეული სამი ცალი თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, რომლებიც წარმოადგენენ ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტის ნატეხებს, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს – 0,00282 გრამს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 118-124).
11.7.1. ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვიზუალური დათვალიერებით პაკეტის შეფუთვა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ არის (იხ.: ტ.1, ს.ფ. 119).
11.7.2. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტმა ე. ფ–ამ.
12. კ. ჭ–ასათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილ დანაშაულთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის:
12.1. მოწმე ბ. ჭ–ას ჩვენებით დგინდება, რომ 2025 წლის 4 თებერვალს კ. ჭ–ას ქ. ზ–ში, ჩ– ქუჩაზე გადასცა 140 ლარი. იმავე ადგილზე, დაახლოებით 1-1,5 საათში კ. ჭ–ამ მიუტანა ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი, რომელიც შეხვეული იყო სიგარეტის ვერცხლისფერ ფოლგაში. კ. ჭ–ამ რა ფორმითაც გადასცა ნარკოტიკული საშუალება იმ ფორმით მიუტანა გამომძიებელს (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი 11:41:36-11:45:20). გამომძიებელი მ. შ–ა ყველა საკონტროლო შესყიდვის წინ ამოწმებდა (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი 12:03:15-12:07:25).
12.2. მოწმე ა. გ–ამ განმარტა, რომ 2025 წლის 4 თებერვალს ბ. ჭ–ა აღიჭურვა და თანხის სანაცვლოდ შეისყიდა ნარკოტიკი. ბ. ჭ–ა მიდიოდა კ. ჭ–ასთან შესახვედრად და ბრუნდებოდა, რასაც ვიზუალურად აკონტროლებდა. კ. ჭ–ას მიერ ნარკოტიკის გადაცემის შემდეგ ბ. ჭ–ას სხვა პირთან კონტაქტი არ ჰქონია. გამომძიებელიც მასთან ერთად იყო მანქანაში ვიზუალური კონტროლისას.
12.3. მოწმე შ. მ–ის განმარტებით, 2025 წლის 4 თებერვალს, საკონტროლო შესყიდვისას ახორციელებდა ბ. ჭ–ას მანქანის გადაადგილების ვიზუალურ კონტროლს. ბ. ჭ–ა აღიჭურვა კამერით და შეხვდა კ. ჭ–ას. შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა. ბ. ჭ–ას მანქანას მიჰყვებოდა უკან. 2-3 საათში ბ. ჭ–ამ იგივე მარშრუტი გაიარა, როცა კ. ჭ–ამ გადასცა ნარკოტიკული საშუალება. ბ. ჭ–ა უკან დაბრუნდა და მისგან ამოიღეს ნარკოტიკი. კ. ჭ–ასთან შეხვედრამდე შემოწმდა ბ. ჭ–ას ავტომობილი და იქ ნარკოტიკი არ იდო. ბ. ჭ–ა საკონტროლო შესყიდვის შემდეგ, გამომძიებელთან მისვლამდე არავის შეხვედრია.
12.4. მოწმე მ. შ–ამ მიუთითა, რომ 2025 წლის 4 თებერვალს აღჭურვილი ბ. ჭ–ა, შეხვდა კ. ჭ–ას, რომლისგანაც 140 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება (ვერცხლისფერ ფოლგაში გახვეული), რაც მიიტანა მასთან. 2 თებერვალს ბ. ჭ–ას გადასცა 140 ლარი. საკონტროლო შესყიდვის ჩატარებამდე ბ. ჭ–ასა და მის ავტომობილს ჩაუტარა ვიზუალური დათვალიერება. ასევე ხორციელდებოდა ბ. ჭ–ას ავტომობილის ვიზუალური კონტროლი.
12.5. 2025 წლის 4 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების თანახმად,10:50-10:35 საათის შუალედში მამაკაცი ავტომობილში ხვდება კ. ჭ–ას, რომლის სახეც ჩანაწერში კარგად ჩანს. მანქანაში დამხვედრ პირს ხელში უჭირავს 140 ლარი, რომელსაც უთვლის კ. ჭ–ას, თან სთხოვს, უფრო მეტი მოუტანოს, ვიდრე წინა ჯერზე, რადგან სტუმრისთვისაც უნდა. კ. ჭ–ა ეუბნება, რომ ვერ შეძლებს, თუმცა ბოლოს აიმედებს, შეიძლება ნახევრის დამატება შეძლოს და თანხმდებიან მეორე შეხვედრის დროზე.
14:29-15:16 საათის შუალედში ავტომობილში შეხვედრისას კ. ჭ–ა, რომლის სახეც კარგად ჩანს, გადასცემს ბ. ჭ–ას, რომლის სახეც შეხვედრის ბოლოს ასევე კარგად ჩანს, ფოლგის ქაღალდში გახვეულ მცირე ზომის ნივთს, რომელსაც ადგილზე ხსნის თავადვე და ეუბნება, რომ დღეს ეს აქვს, ნახევარი ხვალ ექნება კიდევ, თუ აწყობს, ბ. ჭ–ა თანხმდება და ეკითხება ისევ ისეთია თუ არა? კ. ჭ–ას განმარტებით ზუსტად ისეთი არ არის წინათ რომ მისცა, ნახევარი არ არის, თუმცა ის პარტიაა, მეოთხედზე მეტია, ხვალ ერთის ნახევარი ექნება მთლიანად. სთავაზობს, რომ თუ მისაღები არ არის მისთვის, შეუძლია თანხა უკან დაუბრუნოს. კ. ჭ–ა გადასცემს ბ. ჭ–ას ფოლგაში გახვეულ მცირე ზომის შენაფუთს.
12.6. ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის №.......... დასკვნის (რომელიც მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 15:47:17-15:48:16)) თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ფონოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე წარდგენილ 2025 წლის 4 თებერვლის კ. ჭ–ასა და ბ. ჭ–ას შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე (№3 დისკზე არსებულ ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: “..........”) დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტურია კ. ჭ–ას იერსახის გამოსახულების (იხ.: ტ.2, ს.ფ. 60-85).
12.7. 2025 წლის 4 თებერვლის (15:45-16:15 საათი) ამოღების ოქმის თანახმად, ბ. ჭ–ამ ნებაყოფლობით წარადგინა მის მიერ კ. ჭ–ასაგან 140 ლარად შეძენილი ერთ ცალ ქაღალდის ფოლგაში შეხვეული თეთრი ფერის ორი ცალი აბის ნატეხი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა ერთ პაკეტად, პაკეტის ნომრით .......... (იხ. ტ.1, ს.ფ. 136-142).
12.8. ქიმიური ექსპერტიზის №........... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ............ პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერში მოთავსებული – თეთრი ფერის ტაბლეტის ორი ცალი ნატეხი (ერთი ნატეხის ზედაპირზე ლოგოს ფრაგმენტით „B”), რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის რაოდენობა შეადგენს - 0,00674 გრამს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 152-156).
12.8.1. ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვიზუალური დათვალიერებით პაკეტის შეფუთვა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ არის (იხ.: ტ.1, ს.ფ. 153).
12.8.2. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ე. ფ–ამ, დაკითხვისას.
13. კ. ჭ–ასათვის საქართველოს სსკ-სი 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილ დანაშაულთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის:
13.1. მოწმე ბ. ჭ–ას ჩვენებით დგინდება, რომ 2025 წლის 10 თებერვალს შეხვდა კ. ჭ–ას. დილით, როდესაც მისცა ფული 140 ლარი, კ–მ გადასცა ნარკოტიკი.
13.2. მოწმე ა. გ–ას განმარტებით, 2025 წლის 10 თებერვალს ბ. ჭ–ა აღიჭურვა და თანხის სანაცვლოდ შეისყიდა ნარკოტიკი. ბ. ჭ–ა მიდიოდა კ. ჭ–ასთან და ბრუნდებოდა, რასაც ვიზუალურად აკონტროლებდა. საკონტროლო შესყიდვის შემდეგ, გამომძიებელთან მისვლამდე ბ. ჭ–ას სხვა პირთან კონტაქტი არ ჰქონია. გამომძიებელიც მასთან ერთად იყო მანქანაში ვიზუალური კონტროლისას.
13.3. მოწმე შ. მ–ემ მიუთითა, რომ ბ. ჭ–ას მანქანის გადაადგილების ვიზუალურ კონტროლს ახორციელდებდა. ბ. ჭ–ა აღიჭურვა კამერით და შეხვდა კ. ჭ–ას, რომელმაც გადასცა ნარკოტიკი. კ. ჭ–ასგან წამოსული ბ. ჭ–ა გამომძიებელთან მისვლამდე არავის შეხვედრია. გამომძიებელმა მისგან ამოიღო ნარკოტიკი. ბ. ჭ–ას ავტომობილი შემოწმდა კ. ჭ–ასთან შეხვედრამდე და იქ ნარკოტიკი არ იდო.
13.4. მოწმე მ. შ–ამ მიუთითა, რომ 10 თებერვალს აღიჭურვა ბ. ჭ–ა, რომელიც შეხვდა კ. ჭ–ას, წასვლამდე ბ. ჭ–ას და მის ავტომობილს ჩაუტარა ვიზუალური დათვალიერება. საკონტროლო შესყიდვის შემდეგ ბ. ჭ–ამ ვერცხლისფერ ფოლგაში გახვეული აბის ნატეხები წარმოადგინა.
13.5. 2025 წლის 10 თებერვალს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების თანახმად, 10:41-11:53 საათის დროის შუალედში ბ. ჭ–ა, რომლის სახეც კარგად ჩანს, ავტომობილში ხვდება კ. ჭ–ას, რომლის სახეც ასევე კარგად ჩანს. ბ. ჭ–ა კ. ჭ–ას მიმართავს მოფერებით "კ–ი". ბ. ჭ–ა 140 ლარს უთვლის კ. ჭ–ას და გადასცემს. კ. ჭ–ა კი აძლევს მცირე ზომის ქაღალდში გახვეულ ნივთს.
13.6. ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის №............ დასკვნის (რომელიც მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 15:47:17-15:48:16)) თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილ ფონოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე წარდგენილ 2025 წლის 10 თებერვლის სადავო ფონოგრამაში (..........) მეტყველი დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მეტყველი კ. ჭ–ას ხმა ერთმანეთის იდენტურია (იხ.: ტ.2, ს.ფ. 60-85).
13.7. 2025 წლის 10 თებერვლის (12:36-12:57 საათის) ამოღების ოქმის თანახმად, ბ. ჭ–ამ გამომძიებელს ნებაყოფლობით წარუდგინა კ. ჭ–ასაგან შეძენილი ქაღალდის ფოლგაში შეხვეული ორი ცალი თეთრი ფერის აბის ნატეხი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად, პაკეტის ნომრით ............ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 169-175).
13.8. ქიმიური ექსპერტიზის №........ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ............ პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერში მოთავსებული – თეთრი ფერის ტაბლეტის ორი ცალი ნატეხი (ერთი ნატეხის ზედაპირზე ლოგოს ფრაგმენტით „N”), რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის რაოდენობა შეადგენს – 0,00465 გრამს (იხ.: ტ.1, ს.ფ.189-193).
13.8.1. ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვიზუალური დათვალიერებით პაკეტის შეფუთვა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ არის (იხ.: ტ.1, ს.ფ. 190).
13.8.2. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტმა ე. ფ–ამ.
14. სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ ბ. ჭ–ამ სასამართლოში დაკითხვისას სამივე სადავო ეპიზოდთან მიმართებით დაადასტურა, რომ ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიდიოდა კ. ჭ–ასთან შესახვედრად, საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისათვის. ავტომანქანით გადაადგილებისას იხედებოდა უკანა ხედვის სარკეში, თუმცა არანაირი მანქანა არ მიჰყვებოდა.
14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი ინტერპრეტირებულად წარმოაჩენს ბ. ჭ–ას სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, ვინაიდან ბ. ჭ–ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ საკონტროლო შესყიდვების დროს ის ვერ ხედავდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, თუმცა ისინი მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ (12:07:25-12:08:30). საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისას ა. გ–ა ალბათ უყურებდა, თვითონ ვერ ხედავდა, მაგრამ გადაადგილების დროსაც აკონტროლებდნენ და იცავდნენ შორი ახლოდან (11:53:35-11:57:10). ა. გ–ა უკან მოჰყვებოდა თუ არა თქმა არ შეუძლია, რადგან უკანა ხედვის სარკე ჩამტვრეული ჰქონდა (11:57:18-12:03:10).
14.2. 2025 წლის 2, 4 და 10 თებერვალს, საკონტროლო შესყიდვისას ბ. ჭ–ას ვიზუალური კონტროლის ფაქტს ადასტურებენ გამომძიებლები: ა. გ–ა და შ. მ–ე. დაცვის მხარეს კი არ მიუთითებია რაიმე არგუმენტირებული საფუძველი, რომელიც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენებების სანდოობას დააყენებდა ეჭვქვეშ. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც – საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.
15. სისხლის სამართლის საქმეში უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამისი შემოწმების ოქმები (როგორც საკონტროლო შემსყიდველის, ისე მოცემულ შემთხვევაში მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებს (ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას), მოწმეთა: ბ. ჭ–ას, გამომძიებლების: ა. გ–ას, შ. მ–ის და მ. შ–ას ჩვენებებს, ვინც დაადასტურეს, რომ საკოტროლო შესყიდვის სამივე ეპიზოდამდე (2,4 და 10 თებერვალი) შემოწმდა/გაიჩხრიკა როგორც ბ. ჭ–ა, ასევე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა ბ. ჭ–ა კ. ჭ–ასთან საკონტროლო შესყიდვაზე, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში ხორციელდებოდა მისი ვიზუალური კონტროლი, კ. ჭ–ასთან შეხვედრის შემდეგ 2 თებერვალს, 4 თებერვალსა და 10 თებერვალს ბ. ჭ–ა წავიდა გამომძიებელთან შესახვედრად, რომელსაც წარუდგინა კ. ჭ–ასაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები.
16. კასატორის მითითებაზე, რომ ბ. ჭ–ამ ჩვენების მიცემისას დაადასტურა, კ. ჭ–ასაგან ფხვნილისმაგვარი ნივთიერების შეძენა, სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს ბ. ჭ–ას ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ კ. ჭ–ას მიერ გადაცემული ფოლგაში შეხვეული ნივთიერება ფხვნილივით გამოიყურებოდა. კ. ჭ–ამ ფოლგის ნაჭერში შეხვეული რომ მისცა გარედან მყარი იყო, აღიქვა ფხვნილად, თუმცა დიდი დრო არის გასული და არ ახსოვს ზუსტად როგორი იყო (12:22:44-12:25:40). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, 2025 წლის 4 თებერვალს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებს, რომელშიც კ. ჭ–ა თავად ეუბნება ბ. ჭ–ას, რომ დღეს ის აქვს, რასაც აძლევს, „ნახევარი ხვალ გექნება კიდევ... ნახევარი არ არის.. მეოთხედზე მეტია... ერთის ნახევარი გექნება მთლიანად...“ (იხ.: ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად 2025 წლის 4 თებერვალს მოპოვებული ვიდეოჩანაწერის კრებსები ტ.1, ს.ფ. 161). ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ამოღების ოქმებით დასტურდება, რომ ბ. ჭ–ამ გამომძიებელს წარუდგინა ყველა შემთხვევაში ქაღალდის ფოლგაში გახვეული აბის ნატეხები: 2025 წლის 2 თებერვალს – 3 ცალი, 4 თებერვალს – 2 ცალი, 10 თებერვალს – 2 ცალი.
17. უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვინაიდან ჩანაწერებში არ ჩანს ბ. ჭ–ა და არ არის წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა (რომელიც დაადასტურებდა, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებში მოსაუბრე მეორე პირი არის ბ. ჭ–ა) ჩნდება ეჭვი, საკონტროლო შესყიდვის განმახორციელებელი პირი ნამდვილად არის თუ არა ბ. ჭ–ა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც ბ. ჭ–ა, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე (მათ შორის: ა. გ–ა, შ. მ–ე, მ. შ–ა) ადასტურებს, რომ სწორედ ბ. ჭ–ა აღიჭურვა 2025 წლის 2,4 და 10 თებერვალს და განახორციელა საკონტროლო შესყიდვა კ. ჭ–ასთან. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ბ. ჭ–ას განცხადება, რომლითაც თანხმობას აცხადებს მონაწილეობა მიიღოს საქმეზე ჩასატარებელ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში (იხ.: ტ.1, ს.ფ. 16), 2025 წლის 29 იანვრის სპეციალური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების გეგმის თანახმად შესაბამისი ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტარდეს მოქალაქე ბ. ჭ–ას, რომელიც ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს როგორც მყიდველი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 24-28), 2025 წლის 2 თებერვლის ბ. ჭ–ას ხელწერილი ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გამომძიებლისაგან 100 ლარის მიღების შესახებ, 2025 წლის 4 თებერვლის ხელწერილი – 140 ლარის მიღების შესახებ, ხოლო 2025 წლის 10 თებერვლის ხელწერილი – 140 ლარის მიღების შესახებ. ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ 4 თებერვლისა და 10 თებერვლის ვიდეოჩანაწერებში ასევე ჩანს ბ. ჭ–ას სახე.
17.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი №669აპ-20, II-56, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2021 წლის 8 იანვრის №951აპ-20; 2021 წლის 4 იანვრის №925აპ-20; 2020 წლის 17 ივლისის №30აპ-20). მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).
17.1.1. დაცვის მხარეს გამოძიების ეტაპზე, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, გაეცვალა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ფონოსკოპიური/ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, თუ საეჭვოდ მიიჩნევდა ბ. ჭ–ას მონაწილეობას 2025 წლის 2, 4 და 10 თებერვლის საკონტროლო შესყიდვებში. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და არც კასატორი უთითებს, რომ აღნიშნული უფლება დაცვის მხარეს შეეზღუდა ბრალდების მხარის/სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში კასატორის მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, სასამართლო მოკლებულია კასატორის აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
18. კასატორი ასევე უთითებს, რომ მოწმეებმა არეულად ისაუბრეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს კონკრეტულად რომელ მოწმეთა ჩვენებები იყო წინააღმდეგობრივი და რაში გამოიხატა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა. რაც შეეხება კასატორის მითითებას, გამომძიებელ გ. ძ–ს ჩვენებაზე, რომელმაც კასატორის შეფასებით, დაადასტურა, რომ ბ. ჭ–ა საკონტროლო შესყიდვის შემდეგ ყოველგვარი კონტროლის გარეშე მივიდა გამომძიებელთან, სასამართლო ითვალისწინებს გამომძიებელ გ. ძ–ს ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ მონაწილეობდა 2025 წლის 10 თებერვალს ბ. ჭ–ასგან ნარკოტიკული საშუალების ამოღებაში, მხოლოდ ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად მივიდა და როგორც დასრულდა საგამოძიებო მოქმედება დაბრუნდა სამსახურში, მას არ უნახავს ბ. ჭ–ა როგორ მივიდა შემთხვევის ადგილზე (ფეხით თუ ავტომობილით) (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის სხდომის ოქმი 15:16:42 – 15:20:28). ამასთან, თავის მხრივ გამომძიებელმა ა. გ–ამ (რომელიც ახორციელებდა ბ. ჭ–ას ვიზუალურ კონტროლს საკონტროლო შესყიდვების დროს შ. მ–ესთან ერთად) მიუთითა, რომ თავად არ დასწრებია ბ. ჭ–ასგან ნარკოტიკული საშუალების ამოღებას (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი 11:25:15-11:28:28).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება კ. ჭ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
20. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017)
21. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 და მე-6 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ჭ–ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ნ–ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე