საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2026
საქმის ნომერი
2კ-6აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №6აპ-26 თბილისი

ა–ი ი., 6აპ-26 11 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ა–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განაჩენით ი. ა–ი (პირადი №........), დაბადებული ..... წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით, 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. ა–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 19 სექტემბრიდან.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ი. ა–მა ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც მისი ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის მიმართ). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 19 სექტემბერს, დღის საათებში, თ–ში, ... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ა–ი სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა დედას – ა. ა–ს, კერძოდ, შეასხა ბენზინი და უთხრა, რომ დაწვავდა და ცეცხლს წაუკიდებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 19 სექტემბერს, დღის საათებში, თ–ში, ... ქუჩის N..-ში, ი. ა–მა, დედას, ა. ა–ს, თავდაპირველად, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, დაახლოებით, ხუთჯერ ჩაარტა მუშტი სახისა და თავის არეში. კონფლიქტი გაგრძელდა საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ი. ა–მა ძირს დააგდო დედა და ფეხებს ურტყამდა ტანისა და ფეხების არეში, ასევე – ფეხი ჩაარტყა ყბისა და პირის არეში, აღნიშნულმა გამოიწვია სხეულის სხვადასხვა დაზიანება, მათ შორის, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, ორმხრივი ზედა ყბის ძვლის მოტეხილობები, ტრავმები ცხვირისა და ნიკაპის მიდამოში, სხვა დაზიანებები, რომლებმაც ა. ა–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, მისი ხანგრძლივი მოშლით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ფ–მა. დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. ა–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სასამართლო მიუთითებს, რომ, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და, საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, დაზარალებულ ა. ა–ის გამოქვეყნებული ჩვენება, მოწმეების: ი. ა–ს, ბ. ჯ–ს, ზ. ფ–ს, გ. ბ–ს, ქ. შ–ს, ნ. მ–სა და ქ. ქ–ს ჩვენებები, ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №......... და №....... დასკვნა, ამოღების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, აუდიოჩანაწერები, სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნა, სასამართლო სტაციონარული სასამართლო-ფსიქიაქტიური ექსპერტიზის №........ დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ი. ა–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

9. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა სრულებით საკმარისია ი. ა–ის ბრალეულობის დასადასტურებლად. სახეზეა არა მხოლოდ დანაშაულთა ფაქტობრივად განხორციელების დასტური, არამედ ის ობიექტური ნიშნები, რომლებიც თითოეულ განსახილველ დანაშაულს ახასიათებს, კერძოდ, შიშის განცდა (სსკ-ის 151-ე მუხლთან მიმართებით) და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები (სსკ-ის 118-ე მუხლთან მიმართებით). დაზარალებულმა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დეტალურად აღწერა ბრალდებულის მიერ მის მიმართ მუქარისა და ძალადობის ფაქტები, კერძოდ, მიუთითა, რომ ცხოვრობს თ–ში, ... ქუჩის N..-ში შვილთან – რ. ა–თან – ერთად. რ-ის გარდა, ჰყავს კიდევ ორი შვილი: ი. ა–ი, რომელიც დაოჯახებულია და ოჯახთან ერთად ცხოვრობს თ–ში, ქ–ს შესახვევის N..-ში, ი. ა–ი, რომელიც ცხოვრობს მის სახლთან არსებულ მეორე უბანში. 20 წელზე მეტია, ი. ა–ი ცხოვრობს განცალკევებით. მას აქვს ფსიქიკური პრობლემები, ვერ აცნობიერებს ქმედებებს, საქციელებს, არის ძალზედ აგრესიული. სწორედ ამ მიზეზით მან და მისმა შვილმა – რ. ა–მა – უყიდეს ცალკე საცხოვრებელი, რათა მათთან ნაკლებად ჰქონოდა შემხებლობა. წლების შემდეგ, როდესაც ი–ი ესტუმრა, წამოჭრა საკითხი მემკვიდრეობით მიღებაზე სახლის წილის, რომელშიც თვითონ და მისი შვილი .... ქუჩის №..-ში ცხოვრობენ. ი–ი ოჯახის წევრების მიმართ იყო აგრესიული, თუმცა დაპირისპირებას სერიოზული სახე არ მიუღია. 2024 წლის 19 სექტემბერს, დილიდან იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ-ში, .... ქუჩის №..-ში. რ. ა–ი სამსახურში იყო უკვე წასული. იქნებოდა შუადღის საათები, როდესაც დაზარალებული იმყოფებდა მისი კერძო სახლის ეზოშივე მდგარ, განცალკევებით განთავსებულ საცხოვრებელ ოთახში, სადაც მოწყობილი აქვს სამზარეულო და თავისივე მოსასვენებელი ადგილი. აღნიშნულ ადგილზე ყოფნისას, სახლში მივიდა ი. ა–ი, რომელსაც სიტყვიერი კონფლიქტი მოუხდა დედასთან – ა. ა–თან. ი–მა, დაახლოებით, ხუთჯერ მაინც ჩაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რა დროსაც, დაზარალებულმა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თვალთ დაუბნელდა, შემდეგ კი ი–მა თანნაქონი ბოთლიდან დაზარალებულს შეასხა ბენზინი. ამ დროს ი–ი ემუქრებოდა დედას, რომ დაწვავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად. ი–მა დაზარალებულს ხელები დარტყა სახეში, ასევე, წაქცეულს ფეხი დაარტყა სახის და კიდურების არეში. ა. ა–მა იგრძნო ტკივილი მარცხენა ფეხის და ბარძაყის არეში.

10. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს, ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად, მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე – მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) – დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. მოცემულ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოხდა მოწმე ა. ა–ის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, რის გამოც, მოხდა მისი ჩვენების საჯარო წაკითხვა, თუმცა სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე, მოწმე ა. ა–ის ჩვენების გარდა, შეკრებილია ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

11. დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოებები, ი. ა–ის მიერ მისთვის

მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე სრულად თანხვდენილია ბ. ჯ–ს, გ. ბ–ს, ნ. მ–სა და ქ. ქ–ს ჩვენებებთან, რომლებითაც დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 სექტემბერს თ–ში, ... N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ა–მა თავის დედას – ა. ა–ს – მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე – დაზარალებული იყო შეშინებული და მის ტანსაცმელს ასდიოდა ბენზინის სუნი. მოწმეები ადასტურებენ, რომ ი. ა–ი იმყოფებოდა ადგილზე, იყო გაღიზიანებული და ადასტურებდა დედის ფიზიკურ შეურაცხყოფას.

12. საყურადღებოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112-ის“ ადმინისტრაციული შენობიდან გამოთხოვილი, 2024 წლის 19 სექტემბერს თ-ში, .... ქუჩის №..-ში მომხდარ ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განხორციელებული სატელეფონო ჩანაწერები, რომლებითაც დადგინდა, რომ ი. ა–მა თავადვე დარეკა სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112-ში“ და განმარტა: „– დედა ვცემე და იმიტომაც ღირსი იყო, სახლი პარავდნენ, 14 წელი, მთელი თაღლითობა, მთელი ყაჩაღობა, მთელი ისა, მოდით ნახავთ ადგილზე რა, ს–ი იცის, ხისთავიანი არის რა. გასაგებია და ეხლა სად არის დედათქვენი, ადგილზეა? აქ არის ხო. სასწრაფო საჭიროა? ბენზინი დავასხი, რომ ცოტა ჭკუაზე მოვიდეს. სახელი, გვარი? – ი. ა–ი.“

13. პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერის მიერ დაფიქსირებულის ვიდეო-აუდიო ჩანაწერით დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს საცხოვრებელი სახლის ეზოში ასევე დახვდათ ი. ა–ი: „პატრულ-ინსპექტორი მიემართება მისკენ, პატრულ-ინსპექტორები მას ეკითხებიან, აქვს თუ არა რაიმე თან, რასაც ი. ა–ი პასუხობს, რომ მას არაფერი არ აქვს; პატრულ-ინსპექტორი კითხულობს, თუ რა მოუვიდა მას, ი. ა–ი კი პასუხობს: „– რა მომივიდა? იმათ შეეკითხეთ, მოტივი რა არის, რომ მე მოვედი აქ, რა მოხდა, რომ 13-14 წლის წინათ მამაჩემის სახლი გააფორმეს მეზობელზე, ჩაწერეთ, ყველაფერი ჩაწერეთ“. პატრულ-ინსპექტორი ამის შემდგომ კვლავ ბრუნდება ერთოთახიანი, მცირე ზომის სახლისკენ, გზად კი იგი კითხულობს ეზოში მყოფ ადამიანებთან, თუ რა მოხდა, რაზედაც მოწმე ნ. მ–ი მას პასუხობს, რომ იგი შეესწრო მომხდარს და განმარტა ი. ა–ზე, რომ სცემდა დედას, რის შემდგომაც იგი შედის მცირე ოთახში, სადაც იმყოფება დაზარალებული ა. ა–ი, იგი ზის საწოლზე, რ. ა–ი პატრულ-ინსპექტორს უმარტავს, რომ ბენზინი გადაასხა ი. ა–მა დედას და უნდოდა მისი დაწვა; ადგილზე ასევე მყოფი მოწმე ქ. ქ–ი პატრულ-ინსპექტორს უმარტავს, რომ დაზარალებულის შვილია ეზოში მყოფი მამაკაცი, რომელმაც სცემა დედა, რომ დაზარალებული განწირული კიოდა. შემდგომ ამისა პატრულ-ინსპექტორი ეკითხება ი. ა–ს, თუ რატომ სცემა დედას და რატომ გადაასხა ბენზინი, რასაც ი. ა–ი პასუხობს: „რომ ჭკუაზე მოვიდეს“, მეთქი, სახლის საბუთები სად არის? პატრულ-ინსპექტორი მას ეკითხება, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით სცემა თუ არა დედას, ი. ა–ი პასუხობს: „– ესენი უნდა დავჩანგლო“.

14. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც, რომლითაც ბრალდებულმა ფაქტობრივად დაადასტურა დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის დაზიანებისა და მუქარის ფაქტები, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული საკითხის მოსაგვარებლად მისული იყო დედის საცხოვრებელ მისამართზე, თბილისში, .... ქუჩის №..-ში. თავდაპირველად იგი სიტყვიერად დაუპირისპირდა დედას, ხოლო შემდეგ მის შესაშინებლად ბენზინი მიასხა ტანსაცმელზე და უთხრა, რომ, თუ ჭკუას არ ისწავლიდა, დაწვავდა. ბრალდებულმა დაადასტურა ის გარემოებაც, რომ, დედის მხრიდან წამოსული შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო, მიწაზე წაქცეულ ა. ა–ს ერთხელ ფეხი მიაფარა პირზე და ტუჩებიდან წამოუვიდა სისხლი.

15. დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული გარემოებები შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლითაც დადასტურდა რომ 2024 წლის 19 სექტემბერს დათვალიერდა თ-ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი: სახლში შესასვლელი არის მომწვანო, რკინის, ორფრთიანი კარი, შესასვლელი კარიდან მარჯვნივ განთავსებულია საძინებელი ოთახი, რომლის შესასვლელში არის თეთრი მეტალოპლასმასის, ორფრთიანი კარი. შესასვლელი კარის ხელმარცხნივ განთავსებულია საწოლი სხვადასხვა სახეობის ტანსაცმლით. აღნიშნული საწოლის შუა ნაწილში არის ერთი ცალი ჭრელი ხალათი. ი. ა–ის განმარტებით, აღნიშნული ხალათი ეცვა ა. ა–ს სწორედ მაშინ, როდესაც შვილთან მოუვიდა კონფლიქტი და ბენზინი შეასხა. აღნიშნულ ხალათს აქვს მოწითალო ფერის ლაქები. ერთი ცალი ჭრელი ხალათი მოწითალო ფერის ლაქებით და დაზიანებით, რომელსაც გააჩნია სპეციფიკური სუნი, ამოღებულ იქნა. ოთახში განთავსებული კარადის დაბლა, მეტლახის იატაკიდან ასევე ამოიღეს ერთი ცალი პოლიეთილენის ბოთლი.

16. ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2024 წლის 20 სექტემბრის N.......... და ....... დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტებზე (კაბასა და ბოთლის შიდა კედლებზე) აღინიშნება ბენიზინის კვალი, რომელიც მიეკუთვნება აალებად ნივთიერებას. გამოკვლევაზე წარდგენილი კაბის ზედაპირზე არსებული დაზიანება, გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

17. დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაციით და სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნის მიხედვით, ა. ა–ს დაუდგინდა მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტებზე გამავალი მოტეხილობა ცდომით, ორმხრივ, ზედა ყბის ძვლის წიაღის კედლების მოტეხილობები, სახეზე აღენიშნებოდა ექსკორიაციები ცხვირისა და ნიკაპის მიდამოში, სისხლნაჟღენთი ცხვირის მარცხენა გასავალში და ცხვირ-ტუჩის მიდამოში წარმოდგენილი ერთეული, მცირე ზომის სისხლჩაქცევები. CD დისკების შესწავლის შედეგად დადასტურდა ჰაიმორის წიაღების წინა კედლების (ზედა ყბის ძვლის) ჰემოსინუსიტი და მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტებზე გამავალი მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით. მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 19.09.2024 წელს. სახეზე არსებული დაზიანებები (ორმხრივ ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა, სისხლნაჟღენთით – ცხვირის მარცხენა გასავალში და მცირე ზომის სისხლჩაქცევებით – ცხვირ-ტუჩის მიდამოში) ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 19.09.24 წელს.

18. დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული გარემოება, ი. ა–ის ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, დადასტურებულია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2025 წლის 24 იანვრის №......... დასკვნითაც, რომლის თანახმად, „ი. ა–ს აღენიშნება პარანოიდული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი – F60.0, დაავადებათა საერთაშორისო მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი. ა–ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა პარანოიდული პერსონოლოგიური აშლილობა, დეკომპენსაციის მდგომარეობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი. ა–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ი. ა–ი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ი. ა–ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ი. ა–ი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ან ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. ი. ა–ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც არ გამორიცხავს მის შეზღუდულ შერაცხადობას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი. ა–ს შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. ი. ა–ის ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა… ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი. ა–ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში“. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას ექსპერტმა ქ. შ–მ.

19. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება – პირდაპირი თუ ირიბი, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ი. ა–ის მიერ ა. ა–ისათვის ფიზიკური ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტს. ქმედების საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზიანებათა ხარისხს, რომელიც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებით, კერძოდ, დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაციითა და ექსპერტიზის დასკვნებით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მიყენებული დაზიანებები, მათი ლოკალიზაცია, ექსპერტიზის დასკვნები და სამედიცინო დოკუმენტაცია ამ საკითხის ობიექტურად შეფასების საკმარის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ჩვენებაში დაზარალებული მკაფიოდ აფიქსირებდა პოზიციას, რომ მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. შესაბამისად, არსებობს დაზარალებულის შეფასება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის სუბიექტურ განცდასთან მიმართებითაც. ასევე, თვითმხილველი მოწმეები ადასტურებენ, რომ დაზარალებული შეშინებული იყო. იმავდროულად, საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით ადასტურებს დაზარალებულის მიმართ დამუქრებას და მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს. აღნიშნული დასტურდება მსჯავრდებულის მოქმედებით, კერძოდ, მის მიერ დაზარალებულისთვის ნავთის გადასხმის ფაქტს, რაც დადგენილია არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ ამოღებული ტანსაცმლით, ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N......... და ......... დასკვნითაც.

20. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეძლო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობის წარმოდგენა, რომელთა ანალიზით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, დასტურდება ი. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და, ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

22. სააპელაციო სასამართლომ ი. ა–ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.

23. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე: Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

25. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ი. ა–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე