დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010142226702282739
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №9აგ-26 თბილისი
ს. ი., 9აგ-26 9 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ი. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
ი. ს-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2021 წლის 1 თებერვლიდან.
გაუქმდა ი. ს-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განაჩენით ქ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის ნათია თათიაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა 2022 წლის 16 მაისს ქ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროს პროკურორ ნათია თათიაშვილსა და მსჯავრდებულ ი. ს-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
ი. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი სასჯელი 3 (სამი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით.
ი. ს-ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, ი. ს-ს საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ი. ს-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2021 წლის 1 თებერვლიდან.
ი. ს-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა გაუქმებულია.
3. 2026 წლის 25 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ს-მ, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მისი მსჯავრდების ნაწილში და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგი საფუძვლებით: შუამდგომლობის ავტორის მითითებით, 2026 წლის 12 იანვარს შემთხვევით შეხვდა ლ. ფ-ს, რომელიც მისი მსჯავრდების საქმეზე წარმოადგენდა ბრალდების მხარის ერთ-ერთ მოწმეს. მათ ისაუბრეს სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ, რა დროსაც ლ. ფ-მ განუმარტა, რომ მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება არ მიუცია არც გამოძიებაში და არც სასამართლო განხილვისას; ი. ს-მ მოუსმინა შესაბამისი სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერს და თვითონაც დარწმუნდა ლ. ფ-ს ნათქვამში; მიუხედავად აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმე ლ. ფ-ს ჩვენება გამოიყენა ი. ს-ს ბრალდების მადასტურებელ მტკიცებულებად; შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული მისთვის არ იყო ცნობილი, რის გამოც, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას; მსჯავრდებულის განმარტებით, სააპელაციო განხილვისას საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა მძიმე ოჯახური გარემოებებისა და დანიშნული სასჯელის შემცირების მოლოდინის გამო, მიუხედავად იმისა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა; დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ ლ. ფ-ს ჩვენება, საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უნდა ჩაითვალოს დაუშვებელ მტკიცებულებად, რადგან მისი გამოკითხვის ოქმსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის არსებითი წინააღმდეგობაა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ს-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ს-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, მასში მითითებული არგუმენტებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვას მოითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, კერძოდ, მითითებული მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ხოლო ამავე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ი. ს-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობის ძირითადი არგუმენტი უკავშირდება არა ისეთ ახალ ფაქტს ან ახალ მტკიცებულებას, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს ობიექტურად არ არსებობდა ან მხარისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა, არამედ უკვე გამოკვლეული მტკიცებულების შინაარსის განსხვავებულად შეფასების მცდელობას. კერძოდ, მსჯავრდებული უთითებს, რომ 2026 წლის 12 იანვარს, შემთხვევით შეხვდა მოწმე ლ. ფ-ს, გაესაუბრა მას და ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ მას სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ი. ს-ს მამხილებელი ჩვენება არ მიუცია. ამასთან, მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერის მოსმენის შედეგად, თავადაც დარწმუნდა, რომ ლ. ფ-ს ჩვენება არ შეიცავდა მის საწინააღმდეგო ინფორმაციას.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არგუმენტი არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, შემდეგი საფუძვლით: საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ლ. ფ. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხა მოწმის სახით, მხარეებს ჰქონდათ მისი დაკითხვის, შეკითხვების დასმისა და ჩვენების სანდოობის/შინაარსის სადავოდ გახდის შესაძლებლობა (როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო განხილვის ეტაპებზე), რის შემდეგაც, სასამართლომ მისი ჩვენება შეაფასა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შემდგომში, სააპელაციო განხილვის ეტაპზე, ი. ს-სთან გაფორმდა და სასამართლოს მიერ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება (მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარებითა და სასჯელზე თანხმობით), რაც, თავისი სამართლებრივი ბუნებით, გულისხმობს ბრალდების ფაქტობრივი საფუძვლისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების მიღებასა და ცნობას. მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ ი. ს. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დასთანხმდა სასჯელის შემცირების, ოჯახური მდგომარეობისა თუ სხვა პირადი მოტივის გამო, თავისთავად არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას. ამავე დროს, საპროცესო შეთანხმებაზე იძულებით, მოტყუებით ან ნების თავისუფლების სხვაგვარი დარღვევით დათანხმების საკითხი, ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ცალკე სამართლებრივ შეფასებასა და შესაბამისი საპროცესო წესით დადგენას საჭიროებს. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში, არც ამ კუთხით არის წარმოდგენილი რაიმე ისეთი ახალი, ობიექტური გარემოება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო ი. ს-ს ნების თავისუფლების დარღვევით.
. აღნიშნულზე დაყრდნობით, ლ. ფ-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენება, არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გახდა ი. ს-სათვის ცნობილი. პირიქით, მისი ჩვენება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული და სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებაა. ამდენად, ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მოგვიანებით შეხვდა სასამართლოში უკვე დაკითხულ მოწმეს და მისგან მიიღო ზეპირი განმარტება იმის შესახებ, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება ი. ს-ს წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული, ვერ იქნება მიჩნეული ახლად გამოვლენილ გარემოებად. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში, არ ხდება სასამართლოს მიერ უკვე გამოკვლეული მტკიცებულებების ხელახალი შეფასება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა შემდგომში იმავე მოწმესთან პირადი საუბრის შედეგად, განსხვავებული განმარტება მიიღო ან თავად სხვაგვარად გაიაზრა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების შინაარსი. ამავე დროს, თუ დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ლ. ფ-ს ჩვენება არასწორად იყო გადმოცემული, არასრულად იყო შეფასებული ან სასამართლომ მას ისეთი მნიშვნელობა მიანიჭა, რომელიც რეალურად ჩვენებიდან არ გამომდინარეობდა, აღნიშნული საკითხი საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, უნდა გამხდარიყო სააპელაციო, ან შესაბამის შემთხვევაში, საკასაციო მსჯელობის საგანი.
7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას კანონმდებლობა კრძალავს იმ საკითხის ხელახლა და იმავე მტკიცებულებების საფუძველზე შეფასებისთვის, რაც უკვე იყო აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოებისას სასამართლოს/პროცესის მწარმოებელი ორგანოს შეფასების საგანი.
8. ამდენად, ლ. ფ-სთან შემდგომი შეხვედრისა და მისგან მიღებული ზეპირი განმარტების შესახებ მსჯავრდებულის მითითება ვერ ქმნის იმგვარ ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და რომელიც თავისთავად ან სხვა გარემოებებთან ერთად დაამტკიცებდა მსჯავრდებულის უდანაშაულობას.
9. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, თითქოს ლ. ფ-ს ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული არგუმენტიც არ არის თავსებადი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ ლ. ფ. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა კანონით დადგენილი საპროცესო წესით, ფიცის ქვეშ, მხარეთა მონაწილეობითა და შეჯიბრებითობის პირობებში. მის ჩვენებას გავლილი აქვს საქმის არსებითი განხილვისთვის სავალდებულო, მტკიცებულებების დასაშვებობისა და გამოკვლევის ეტაპები. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მოცემულ ეტაპზე, მოწმის ჩვენებას სხვაგვარად განმარტავს, ან უთითებს, რომ მოწმე მასთან კერძო საუბარში სასამართლოში მიცემული ჩვენების შინაარსს განსხვავებულად ხსნის, ვერ გადააქცევს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით მიცემულ ჩვენებას − დაუშვებელ მტკიცებულებად.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი