გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 14.11.2006
საქმის ნომერი
ბს-166-156(კ-06)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-166-156 (კ-06) 14 ნოემბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 24 მაისს ქედის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს რ. და ხ. ბ-ებმა მოპასუხეების: ქედის რაიონის გამგეობის, ამავე რაიონის გამგეობის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების განყოფილების, დაბა ქედის საკრებულოს, მესამე პირის _ ს. შ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს:

ა. ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹62 დადგენილების ბათილად ცნობა;

ბ. საჯარო რეესტრის 2001წ. 6 სექტემბრის ¹59 ჩანაწერის გაუქმება;

გ. 1983 წელს გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მათ სახელზე ხელახალი რეგისტრაცია.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ქედის რაიონული საბჭოს 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა ოჯახის უფროს ა. ბ-ს გამოეყო 0,06 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დაბა ქედაში, ... ქ. ¹13-ში ა. პ-ს ყოფილი მიწის ნაკვეთიდან, სახლის მშენებლობისათვის. ამის შემდეგ ქედის სასოფლო საბჭოს ჩანაწერებით აღნიშნული მიწა ირიცხებოდა მათ სახელზე. შემდგომში ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹62 დადგენილებით აღნიშნული 0,06 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გამოეყო ს. შ-ს, რის თაობაზეც 2001წ. 6 სექტემბერს საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა ¹59 ჩანაწერი, ხოლო 1983წ. ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის ოდენობა _ 0,06 ჰა შესწორდა 0,03 ჰა მიწის ნაკვეთად.

ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით რ. და ხ. ბ-ების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹62 დადგენილება და საჯარო რეესტრის 2001წ. 6 სექტემბრის ¹59 ჩანაწერი, სარეგისტრაციო ბარათი და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹21/3-8. ქედის რაიონის გამგეობას, მიწის მართვის სამმართველოს და დაბა ქედის საკრებულოს დაევალა სადავო საკითხის მოგვარება კანონით დადგენილი წესით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა _ ს. შ-მ და მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით ხ. და რ. ბ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹26 დადგენილება, რომლითაც ს. შ-ს საკუთრებაში გამოეყო 0,06 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ბარათი და მიღება-ჩაბარების აქტი ¹21/3-8, საჯარო რეესტრის ¹59 ჩანაწერი და მხარეებს განემარტათ, რომ მიწის გამოყოფის თაობაზე მიემართათ ქედის რაიონის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და დაბა ქედის საკრებულოსათვის.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სადავო მიწის ნაკვეთი, მდებარე დაბა ქედაში, მდ. აჭარისწყლის პირას, წარმოადგენდა ა. პ-ს ყოფილი‚ 0,16 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული 0,16 ჰა-დან 0,09 ჰა 1975 წელს ზეპირი გარიგების საფუძველზე გადავიდა მოსარჩელეების ოჯახის _ ბ-ების მფლობელობაში. მითითებული 0,09 ჰა მიწის ნაკვეთიდან 1983 წელს ქედის რაიაღმასკომის 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. ბ-ის დედას, ა. ბ-ს, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გამოეყო 0,03 ჰა მიწის ფართობი, ამავე დროს მოსარჩელეთა ოჯახზე მიწების ზონარგაყრილ წიგნში 1983-1988 წლებში ირიცხებოდა 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი, 1990 წლიდან კი ჩანაწერის გადასწორების შედეგად ირიცხება 0,03 ჰა; 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის, სადავო 0,04 ჰა მიწა, ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹62 დადგენილებით საკარმიდამო ნაკვეთის სახით საკუთრებაში გადაეცა მესამე პირს _ ს. შ-ს. მიწის ნაკვეთი გადაცემულია 2001წ. 10 ივნისის ¹21/3-8 მიღება-ჩაბარების აქტით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2001წ. 6 სექტემბრის ¹59 ჩანაწერით, რაზედაც გაცემულია ¹21/3-8 სარეგისტრაციო მოწმობა.

რაიონული სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დავა გამომდინარეობდა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციული გარიგებიდან, რომელიც შეეხო მესამე პირების _ ბ-ების ინტერესებს. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოადგენდა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებით მოპოვებას, ამასთან, 156-ე მუხლის თანახმად მფლობელობა შეწყვეტილად ითვლებოდა, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობდა ნივთს ან სხვა გზით კარგავდა ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. სადავო მიწის ნაკვეთი ბ-ების მართლზომიერ მფლობელობაში იყო, ხოლო სკ-ის 162-ე მუხლის ძალით დაუშვებელი იყო მართლზომიერ მფლობელისათვის ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა. შესაბამისად, როდესაც ბ-ების სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა ს. შ-ს, მოსარჩელე ბ-ების უფლებები უკანონოდ შეიზღუდა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც ზღუდავდა მესამე პირის უფლებებს, ძალაში შედიოდა მხოლოდ მესამე პირის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული გარიგების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ამის შესახებ ეცნობებინა მესამე პირისათვის, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეხებოდა იგი.

«საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას მიწის გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო მიწის სარეფორმო კომისიის დასკვნისა და სოფლის კრების შუამდგომლობის საფუძველზე. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გაცემული იყო ქედის რაიონის გამგეობის მიერ, მაშინ როდესაც მას მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარებოდა ბათილად გამოცხადებას, თუ იგი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება კი ნიშნავდა მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული გარიგება ბათილი იყო იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც დაიდო გარიგება.

სასამართლოს მითითებით, რამდენადაც მოცემული დავა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ გარიგებასთან იყო დაკავშირებული, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა 6 წელს შეადგენდა, ბ-ების მიერ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში იყო აღძრული: ს. შ-ეს მიწის ნაკვეთი გამოეყო 2001წ. 5 ივნისს, ხოლო სარჩელი აღიძრა 2004წ. 24 მაისს.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. შ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მითითებით, ქედის რაიონის გამგეობამ სადავო მიწის ნაკვეთი მას კანონიერად გამოუყო და არავითარი დავა ამაზე 2004 წლამდე არ ყოფილა, 2004წ. მაისის თვეში მოსარჩელეებმა დაიწყეს დავა, რომ, თითქოს, მიწის ნაკვეთი მათ მფლობელობაში იყო და მასზე უკანონოდ იყო მოზომილი. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მოსარჩელე ბ-ებს მართლაც ჰქონდათ მოზომილი მიწის ნაკვეთი სულ სხვა ადგილას _ ფერდობზე, რომელსაც არავითარი შეხება არ ჰქონდა სადავო 0,06 ჰა მიწის ნაკვეთთან და ვერც ექნებოდა. ეს ადგილი კომუნალური მეურნეობის საკუთრება იყო და მისი ვინმეს საკუთრებაში გადაცემის უფლება არ ჰქონდათ. 10 წლის წინ მოსარჩელეები თვითნებურად ცდილობდნენ სადავო მიწის ნაკვეთის დაკავებას და შემოღობეს კიდეც, მაგრამ გამგეობის და პოლიციის მეშვეობით თვითნებობა აღკვეთილ იქნა და ღობე მოშალეს, სადავო მიწის ნაკვეთი იყო დაჭაობებული, გამოუსადეგარი და ამიტომ 2001 წელს მას მოეზომა.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ აქცენტირება გააკეთა იმაზე, რომ ქედის რაიონის გამგეობას მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება არ ჰქონდა და ეს საკრებულოს უნდა გაეკეთებინა. მრავალი წელია მას განცხადება შეტანილი ჰქონდა ქედის რაიონის გამგეობაში მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ და სადავო რომ ყოფილიყო, საკუთრებაში არავინ მიუზომავდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩა ქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სადავო მიწის ნაკვეთი, მდებარე დაბა ...ში, აჭარისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ე.წ. «...») ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერების მიხედვით განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, რასაც საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობაც ადასტურებდა. აღნიშნული ნაკვეთი თავდაპირველად ვინმე ა. პ-ს ყოფილი 0,16 ჰა საკარმიდამო მიწის შემადგენელ ნაკვეთს წარმოადგენდა. აღნიშნული საკარმიდამო მიწის ნაწილი _ 0,09 ჰა დაახლოებით 1975 წლიდან ბ-ების ოჯახის სარგებლობასა და მფლობელობაში გადავიდა ზეპირი გარიგების საფუძველზე;

სადავო მიწის ნაკვეთიდან ქედის რაიაღმასკომის 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებით რ. ბ-ის დედას ა. ბ-ს საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მითითებული 0,09 ჰა-დან გამოეყო 0,03 ჰა მიწის ნაკვეთი. ამავე დროს მოსარჩელეთა ოჯახზე მიწების ზონარგაყრილ წიგნში 1983-1988 წლებში ირიცხებოდა 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო 1990 წლიდან დაუდგენელი პირის მიერ გადაწყვეტილებაში გადასწორების შედეგად 0,03 ჰა მიწის ნაკვეთი ირიცხება;

0,06 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის, მხარეთა შორის სადავო 0,04 ჰა მიწის ნაკვეთი ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹62 დადგენილებით და 2001წ. 10 ივნისის ¹21/3-8 მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადაეცა ს. შ-ეს და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რაზედაც გაცემულია ¹21/3-8 სარეგისტრაციო მოწმობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის დავა წარმოშობილი იყო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციული გარიგებით, რომელიც დაიდო, ერთი მხრივ, ქედის რაიონის გამგეობასა და მეორე მხრივ, ს. შ-ს შორის და შეეხო მესამე პირების _ ხ. და რ. ბ-ების ინტერესებს.

სკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის, 156-ე და 162-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, რამდენადაც სადავო მიწის ნაკვეთი ხ. და რ. ბ-ების მართლზომიერ მფლობელობას წარმოადგენდა, დაუშვებელი იყო მათთვის, როგორც მართლზომიერი მფლობელთათვის, ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა. შესაბამისად, როდესაც მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული სადავო მიწა საკუთრებაში გადაეცა ს. შ-ს, ამით მოსარჩელთა უფლებები უკანონოდ შეიზღუდა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც ზღუდავდა მესამე პირის უფლებებს, ძალაში შედიოდა მესამე პირის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული გარიგების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ეცნობებინა ამის შესახებ მესამე პირისათვის, რომლის ინტერესსაც იგი შეეხებოდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად‚ შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში მიწის გაცემას ახდენდენ სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანოები მიწის სარეფორმო კომისიის დასკვნის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი მიწის ნაკვეთი გაცემული იყო საკუთრებაში ქედის რაიონის გამგეობის მიერ, რომელსაც ეს უფლება არ გააჩნდა, ამასთან, სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავის მოთხოვნათა დარღვევით და ამიტომ ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ექვემდებარებოდა ბათილად გამოცხადებას, ანუ მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც მოცემული დავა უძრავი ნივთის _ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას შეეხებოდა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 6 წელს შეადგენდა, სარჩელი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში იყო აღძრული.

აპელანტის მითითებას, რომ მოსარჩელე ბ-ს სადავო მიწის ნაკვეთთან არავითარი შეხება არ ჰქონდა, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა, რადგან 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებით ბ-ებს გამოეყოთ 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, რაც დადასტურებული იყო საქმეში წარმოდგენილი ცნობით _ სახლის მშენებლობისათვის 1987წ. 28 აგვისტოს გაცემული ნებართვით, ასევე‚ სახლის მშენებლობისათვის ბანკიდან კრედიტის გამოტანისათვის შეგროვებული მასალებით, რომელიც გაცემული იყო 1988 წელს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სადავო ნაკვეთი არ შედიოდა იმ მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქედის რაიაღმასკომის 1983წ. 16 მარტის ¹16 გადაწყვეტილებით ბ-ებს გამოეყოთ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლო სადავო ადგილის დასაზუსტებლად გავიდა სადავო მიწის დასათვალიერებლად, ამასთან დაკავშირებით გადაღებულ იქნა ფოტოსურათი და გამოიკვეთა ის ადგილი, რომელიც დავის საგანს წარმოადგენდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ აღნიშნული ნაკვეთი იყო ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მხარეები პრეტენზიას აცხადებდნენ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. შ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მითითებით, 2001წ. 10 ივნისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹21/3-8 აქტით მან 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ჩაიბარა, რაზედაც აქვს აჭარის ა/რ-ის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული მიწის პასპორტი და შეტანილია საჯარო რეესტრში 2001წ. 6 სექტემბერს ¹59 ჩანაწერი. ა. ბ-ს 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებით გაფორმებული ჰქონდა 0,03 ჰა ყოფილ საცხოვრებელ სახლთან. რ. და ხ. ბ-ებმა მოინდომეს მისი მიწის ნაკვეთის მითვისება და ქედის რაიონული სასამართლოსა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ უკანონოდ ბათილად ცნო ის ადმინისტრაციული აქტები, რომლებითაც მას მიწა კანონიერად მიეკუთვნა.

კასატორმა აღნიშნა, რომ არც ქედის რაიონული სასამართლო და არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო არ გარკვეულა სადავო საკითხის რეალობაში, რაც აუცილებელი იყო კანონიერი გადაწყვეტილების გამოსატანად. კერძოდ, მოსარჩელეებმა წარმოადგინეს ყალბი ცნობები, რითაც, ვითომდა, დასტურდებოდა მათ მფლობელობაში არა 0,03 ჰა, არამედ 0,06 ჰა მიწის ნაკვეთის არსებობა. დადგენილი იყო, რომ ეს მონაცემები ყოფილი ქედის სადაბო საბჭოს ზონარგაყრილ წიგნში ვიღაც დაინტერესებული პირის მიერ გადასწორებული იქნა 0,06 ჰა-დ, ხოლო ქედის რაიაღმასკომის მონაცემებით მათ აწერიათ 0,03 ჰა. ამასთან, მოსარჩელე ბ-ებმა შეისყიდეს საკუთრებაში 0,04 ჰა მიწის ნაკვეთი, მაგრამ ფერდობზე, სულ სხვა ადგილას, რაც კიდევ ერთხელ დასტურდებოდა ქედის რაიონის გამგეობის აღმასკომის საარქოვო მონაცემებით. კასატორზე მოზომილი იყო 0,04 ჰა მინდორში და ბ-ები ყველა ხერხს ხმარობდნენ მის დასასაკუთრებლად.

კასატორის აზრით, ასევე გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარადგინეს მიწის პასპორტი და სხვა მტკიცებულებები, დაეყრდნენ ზეპირ გარიგებებს, რაც გაითვალისწინა სასამართლომ. ქედის სასამართლო ადგილზე შემოწმებით დარწმუნდა, თუ სად იყიდეს ბ-ებმა ფიცრული სახლი თავისი მიმდებარე ტერიტორიით _ ფერდობზე და არა იქ, სადაც მას ჰქონდა _ მინდორში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 19 სექტემბრის განჩინებით ს. შ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის განჩინება, საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია და არ შეიცავს გამოტანილი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის დამასაბუთებელ არგუმენტებს, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია, არ ემყარება საქმის მასალებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას.

მოსარჩელე რ. და ხ. ბ-ები სადავოდ ხდიან ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹62 დადგენილებით ს. შ-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის კანონიერებას. მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველია ის გარემოება, რომ ქედის რაიონის გამგეობამ სადავო დადგენილების გამოცემით განკარგა მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ კომლს ჯერ კიდევ ქედის რაიაღმასკომის 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებით გამოეყო. ამდენად, მოცემულ საქმეზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების სწორად გამორკვევას: ა. ქედის რაიაღმასკომის 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა კომლისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობისა და ადგილმდებარეობის დადგენას; ბ. ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹62 დადგენილებით ს. შ-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობისა და ადგილმდებარეობის დადგენას; გ. ქედის რაიაღმასკომის 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებითა და ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹62 დადგენილებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხის გარკვევას. მხოლოდ აღნიშნული გარემოებების გამორკვევის შედეგად არის შესაძლებელი საქმის სწორად გადაწყვეტა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქედის რაიაღმასკომის 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებით რ. ბ-ის დედას ა. ბ-ს საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გამოეყო 0,03 ჰა მიწის ფართობი. მეორე შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქედის რაიაღმასკომის 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებით ა. ბ-ისათვის საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გამოყოფილი მიწის ფართობია 0,06 ჰა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 1983წ. გადაწყვეტილებით გადაცემული ნაკვეთის ოდენობის ფაქტობრივი გარემოების დადგენის თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არა მარტო დაუსაბუთებელი, არამედ, ასევე, წინააღმდეგობრივია.

სააპელაციო სასამართლო იმავდროულად დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა ოჯახზე მიწების ზონარგაყრილ წიგნში 1983-1988 წლებში ირიცხებოდა 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო 1990 წლიდან დაუდგენელი პირის მიერ ქედის რაიაღმასკომის 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებაში გადასწორების შედეგად 0,03 ჰა მიწის ნაკვეთი ირიცხება. სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს, თუ რის საფუძველზე დაადგინა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება. საქმეში არსებული ქედის რაიაღმასკომის 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილების ასლიდან თვალსაჩინოა, რომ გადაწყვეტილებაში საუბარია ა. ბ-ის მიერ 0,06 ჰა ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნაზე, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის 1 პუნქტში საუბარია მხოლოდ 0,03 ჰა-ს გამოყოფაზე, ხოლო ამავე დადგენილებითი ნაწილის მე-2 პუნქტში გამოყოფილი მიწის ფართობის ოდენობა _ «0,03» _ ჩასწორებულია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, თუ, რეალურად, აღნიშნული გადაწყვეტილებით ა. ბ-ის კომლს რამდენი მიწის ნაკვეთი გადაეცა და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე რამდენი ფართობი მიწა აღირიცხა ა. ბ-ის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, დადგენილად მიიჩნია აღნიშნულ გადაწყვეტილებაში 0,03 ჰა-ის გადასწორება 0,03 ჰა-დ, მაგრამ არ გამოურკვევია აღნიშნული გადასწორება იურიდიული საფუძვლით განხორციელდა და თუ არა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, არის თუ არა იურიდიული ძალის მქონე აღნიშნული გადასწორება. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოურკვევია, მოსარჩელეთა ოჯახზე მიწების ზონარგაყრილ წიგნში 1983-1988 წლებში რიცხული 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი იყო თუ არა სწორედ ის ნაკვეთი, რომელიც 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებით ა. ბ-ს გამოეყო და მთლიანად მოიცავდა თუ არა განსახილველ საქმეზე სადავო, ს. შ-ისათვის გადაცემულ 0,06 ჰა-ს.

სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ზემოაღნიშნული გარემოებები, ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიკვლიოს ქედის სასოფლო საბჭოს საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, 1983-1988წ. ჩათვლით ა. ბ-ის კომლს მიწა აწერია სულ 0,06 ჰა, ხოლო 1990 წელში მიწა აწერია სულ 0,03 ჰა და იგრძნობა შესწორება. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს 1990 წლიდან ა. ბ-ის კომლისათვის მიწის ნაკვეთის 0,03 ჰა-მდე შემცირების სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, დაადგინოს, აღნიშნული შემცირება არის თუ არა იურიდიული ძალის მქონე. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს 1983წ. დადგენილების დედანი, ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერები როგორც 1983წ., ასევე შემდგომი მდგომარეობით და დაადგინოს, რეალურად, რამდენი მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა იურიდიულად ბ-ების კომლს ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹62 სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹62 დადგენილებით და 2001წ. 10 ივნისის ¹21/3-8 მიღება ჩაბარების აქტით ს. შ-ს საკუთრებაში გადაეცა 0,06 ჰა მიწა, მათ შორის, მხარეთა შორის სადავო 0,04 ჰა მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც არ არის გამორკვეული, ს. შ-ისათვის გადაცემული 0,06 ჰა-დან ა. ბ-ისათვის 1983 წელს გადაცემული მიწის ნაკვეთი მოიცავს თუ არა მხოლოდ 0,04 ჰა-ს, ხოლო დანარჩენი 0,02 ჰა ასეთს არ განეკუთვნება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება თავად გადაწყვეტილებასაც _ რატომ გააუქმა სასამართლომ ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივნისის ¹62 დადგენილება ს. შ-ისათვის მთლიანად 0,06 ჰა-ს გადაცემის და არა მხოლოდ 0,04 ჰა-ს გადაცემის ნაწილში, თუკი სადავო ფართს განეკუთვნებოდა მხოლოდ 0,04 ჰა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება აღნიშნულ საკითხზე მის მიერვე გამოტანილ სხვა დასკვნებს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შედის იმ ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქედის რაიაღმასკომის 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილებით ა. ბ-ს საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გამოეყო. აღნიშნული დასკვნის საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს მითითებული აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადგილის დათვალიერება. საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას საქმის მასალების საფუძველზე სარწმუნოდ დადგენილად, რამდენადაც საქმეში არ არსებობს სადავო ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმი. საქმეში არსებული ნახაზი, რომელზეც მიუთითებს სააპელაციო სასამართლო, არ შეესაბამება ს. შ-ისათვის გადაცემული მიწის გეგმას. ამ უკანასკნელი გეგმის მიხედვით, 0,02 ჰა სრულიად გამიჯნულია და ტერიტორიულადაც გამოყოფილია 0,04 ჰა მიწის ნაკვეთისაგან, ხოლო საქმეში მოთავსებული ნახაზის მიხედვით, 0,04 ჰა და 0,02 ჰა მიწის ნაკვეთები ერთმანეთის თანმიმდევრული ნაკვეთებია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებულ ნახაზებს შორის აღნიშნული განსხვავებები და არ დაასაბუთა, ქედის რაიონის გამგეობის სადავო 2001წ. 5 ივნისის ¹62 დადგენილებით ს. შ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსარჩელეთა კომლს 1983წ. 16 მარტის ¹76 გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცა, რატომ არის ერთი და იგივე. სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწა მოსარჩელეების მართლზომიერ მფლობელობაშია დაახლოებით 1975 წლიდან ა. პ-სთან ზეპირი გარიგების საფუძველზე. აღნიშნული ზეპირი გარიგება სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია მიწის ნაკვეთის მოსარჩელეთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებობისა და აღნიშნული მიწის განკარგვის დამაბრკოლებელ საფუძვლად, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უფლებების შეძენა მკაცრად არის რეგლამენტირებული მოქმედი კანონმდებლობით და მხოლოდ ზეპირი გარიგების საფუძველზე აღნიშნული დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტისა და 412-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხალახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას სწორად უნდა დაადგინოს საკასაციო სასამართლოს მიერ ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათი საქმის დანარჩენ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების გზით უნდა გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის განჩინება;

3. საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

4. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.