დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 03.10.2007
საქმის ნომერი
ბს-594-566(კ-07)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ბს-594-566(კ-07) 3 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 26 დეკემბერს მარინა ბირიუკოვამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირის – გ. ბ-ის მიმართ 2005 წლის 28 ნოემბერს შედგენილი იძულებითი აუქციონის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 28 ნოემბერს მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარდა იძულებითი აუქციონი, რის შედეგადაც ქ. თბილისში, ..... ქ. ¹5-ში მდებარე ბინა შეიძინა გ. ბ-მა. სადავო ბინის გასხვისება განხორციელდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე გიორგი ხეცურიანს, რომელსაც ეკუთვნოდა სასამართლოში საკითხის განხილვის დროს ზემოაღნიშნული ბინა, დაეკისრა გ. გ-ის სასარგებლოდ 11 000 აშშ დოლარის გადახდა.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აუქციონზე ბინის გასხვისება განხორციელდა კანონსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან თბილისის ცენტრალური აღრიცხვის სამსახურში გ. ხ-ის სახელზე ბინა არასდროს არ ირიცხებოდა მთლიანად, არამედ .... ქ. ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 4/5 ნაწილიდან, მის სახელზე იყო აღრიცხული მხოლოდ 1/3 ნაწილი. ამასთან, აუქციონის ჩატარების დროისათვის მ. ბ-ა სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი იყო ... ¹5-ში მდებარე სახლის 4/5 ნაწილიდან 1/3 წილის კეთილსინდისიერ შემძენად და რეგისტრირებული იყო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში, მეტიც 2005 წლის 15 დეკემბერს მარინა ბირიუკოვა საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო ბინის მესაკუთრედ.

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ დაარღვია «სააღსრულებო წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც, იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ აღმასრულებელს შეუძლია გასცეს განკარგულება აუქციონის შესახებ თუ მოვალე რეგისტრირებულია უძრავი ქონების მესაკუთრედ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-13 მუხლი კი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საკუთრების დამადასტურებელ აუცილებელ საბუთს წარმოადგენს მესაკუთრის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებითი აუქციონის გამოცხადებისათვის კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის არსებობას. მოსარჩელის განმარტებით, აღმასრულებელმა ისე ჩაატარა იძულებითი აუქციონი, რომ არ მოუპოვებია გ. ხ-ის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

მოსარჩელის მოსაზრებით, აღმასრულებელმა აუქციონზე გაყიდა არა გ. ხ-ის, არამედ დაუდგენელი პირის ქონება, ანუ მ. ბ-ას საკუთრებაში არსებული ქონება, რაც ეწინააღმდეგებოდა «სააღსრულებო წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე და მე-17 მუხლებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა 2005 წლის 28 ნოემბრის აუქციონის ჩატარების ოქმის ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე ჩაბმულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

2006 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და პირვანდელ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღმასრულებლის 2004 წლის 9 ნოემბრისა და 2005 წლის 2 დეკემბრის განკარგულებების ბათილად ცნობა.

მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 2004 წლის 9 ნოემბრისა და 2005 წლის 2 დეკემბრის განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელზე წარმოება შეწყდა დაუშვებლობის მოტივით.

მესამე პირმა – გ. ბ-მა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით მ. ბ-ას სარჩელზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 9 ნოემბრისა და 2005 წლის 2 დეკემბრის განკარგულებების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი სააღსრულებო მოქმედების შესრულების შესახებ სასამართლო აღმასრულებელი ადგენს ოქმს, რომელიც შეიცავს გარკვეულ რეკვიზიტებს. აღნიშნულ ოქმზე ხელს აწერს სასამართლო აღმასრულებელი, კრედიტორი, მოვალე და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირები. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული სახის ოქმი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება გასაჩივრდეს როგორც, ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

სააღსრულებო მოქმედების შესრულების შესახებ სასამართლო აღმასრულებლის მიერ შედგენილი ოქმი, არ აკმაყოფილებს აქტის სავალდებულო მოთხოვნებს და შესაბამისად, არ წარმოშობს მხარეებისათვის სამართლებრივ შედეგებს. რაც არ შეიძლება ითქვას აღმასრულებლის მიერ გამოცემულ განკარგულებაზე აუქციონის შედეგად შეძენილ ქონების შესახებ. აღნიშნული აქტი არის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა გარკვეული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ და მხარისათვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ აუქციონის ოქმის გასაჩივრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე დაყრდნობით დაუშვებელია და აღნიშნული დოკუმენტის კანონიერების შემოწმებას სასამართლო ვერ მოახდენს, როგორც ადმინისტრაციული აქტის შემთხვევაში.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-18 მუხლის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში.

ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად, მესამე პირებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აღსრულების საგანზე გააჩნიათ უფლება, შეუძლიათ სარჩელი აღძრან სასამართლოში სასარჩელო წარმოების წესით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მხოლოდ აღმასრულებლის მიერ შედგენილი სააღსრულებო მოქმედების, ოქმის გასაჩივრება, რაც განხილულ უნდა იქნეს სასამართლო აღმასრულებლის მოქმედების კანონიერების განსაზღვრის კუთხით და გაირკვეს შესაბამისი ოქმი შედგენილ იქნა თუ არ კანონის მოთხოვნების დაცვით.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) შედგენის ადგილსა და დროს; ბ) სასამართლო აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი, აგრეთვე იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედების შესრულებას; გ) სააღსრულებო საბუთის დასახელებას, რომლის მიხედვითაც ხდება აღსრულება; დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას; ე) სააღსრულებო მოქმედების შესრულების საგანს.

გასაჩივრებული ოქმის გამოკვლევით ირკვევა, რომ 2005 წლის 28 ნოემბრის ოქმი ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ოქმს ხელს აწერს სასამართლო აღმასრულებელი, კრედიტორი და დამსწრე პირები, ოქმს ხელს არ აწერს მოვალე, მაგრამ დგინდება, რომ მოვალე არ ესწრებოდა სააღსრულებო მოქმედების ჩატარებას.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 27 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 11 ივლისს მარინა ბირიუკოვამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ვინაიდან იგი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, მ. ბ-ას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას მ. ბ-ას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.