დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ბს-977-937(კ-07) 12 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ, შემდეგი
შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი),მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ც. ა.-ის, გ. ა.-ის, მ. ა.-ს, ნ. ბ.-ის, ხ. ბ.-ის, მ. გ.-ს, ნ. გ.-ის, ნ. მ.-ის, ნ. ტ.-ის, ლ. ფ.-ის, მ. შ.-ს, თ. ჩ.-ის, ნ. ჭ.-ის, ც. ბ.-ის საკასაციო საჩივრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.07წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ა.-მ, გ. ა.-მ, მ. ა.-მ, ზ. ბ.-მ, ნ. ბ.-მ, ხ. ბ.-მ, მ. გ.-მ, ნ. გ.-მ, ნ. მ.-მ, ნ. ტ.-მ, ლ. ფ.-მ, მ. შ.-მ, თ. ჩ.-მ, ნ. ჭ.-მ, ც. ბ.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და ადმინისტრაციული აქტების, კერძოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 19.12.05წ. ¹100/კს ბრძანების, 30.12.05წ. ¹106/კს ბრძანების და 03.01.06წ. ¹1/კს ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 2005 წლის 19 დეკემბრამდე მუშაობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 19.12.05წ. ¹100/კს ბრძანებით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მიერ უღირსი საქციელის ჩადენად, რაც საფუძვლად დაედო გათავისუფლების ბრძანებას, მიჩნეულ იქნა მათ მიერ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სახელზე მიმართვის გაგზავნა, რომელშიც საუბარი იყო შრომისა და დასაქმების სფეროს სახელმწიფო რეგულირებისათვის შესაბამისი სტრუქტურის არსებობის აუცილებლობაზე, სამინისტროში მოსალოდნელ ცვლილებებსა და მათ უარყოფით შედეგებზე. აღნიშნული მომართვის გაგზავნა, მოსარჩელეთა აზრით არ იყო მიმართული დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ და შესაბამისად არ წარმადგენდა უღირს საქციელს, ამასთან გათავისუფლების ბრძანების გამოცემის დროისათვის ერთი მოსარჩელე ბიულეტენზე იყო, ხოლო 3 კუთვნილ შვებულებაში. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული ბრძანების გამოცემით შეილახა მათი პატივი და ღირსება, რადგან შრომის წიგნაკში მითითებული გათავისუფლების საფუძველი მათ შემდგომ დასაქმებაზე უარყოფითად იმოქმედებდა. გათავისუფლების საფუძველი შრომის წიგნაკში შეტანილ იქნა მათი მოთხოვნის გარეშე, რაც დაუშვებელია მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 30.12.05წ. ¹106/კს ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 19.12.05წ. ¹100/კს ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული ბრძანება არ აკმყოფილებს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ მასში არ არის მითითებული აქტის გამოცემის საფუძველი და იგი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, რაც ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 03.01.06წ. ¹1/კს ბრძანებით მოსარჩელეები კვლავ გათავისუფლდნენ სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის საფუძველზე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. მოსარჩელეთა მოსაზრებით მათი გათავისუფლება ამჯერადაც უკანონო იყო, რადაგან დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. მოპასუხე ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს მოსარჩელეები აღადგინოს სხვა მონათესავე პროფილის მქონე სტრუქტურულ ერთეულებში. რეორგენიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ “შრომისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის” შრომის სამმართველოში დაინიშნენ პირები, რომლებსაც კონსკურსი არ გაუვლიათ, მაშინ როდესაც მოსარჩელეებმა წარმატებით გაიარეს 2005 წლის ღია კონკურსი. აღნიშნულით, მათი განმარტებით დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.
მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული აქტების (მინისტრის ბრძანებების) ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვეს იძულებითი განაცდურისა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.04.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 19.12.05წ. ¹100/კს ბრძანების §1, §3, §4, §5, §6, §7, §8, §9, §10, §11, §12, §14, §15, §16 მოსარჩელეების ც. ა.-ის, გ. ა.-ის, მ. ა.-ს, ზ. ბ.-ის, ნ. ბ.-ის, ხ. ბ.-ის, მ. გ.-ს, ნ. გ.-ის, ნ. მ.-ის, ნ. ტ.-ის, ლ. ფ.-ის, მ. შ.-ს, თ. ჩ.-ის, ნ. ჭ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 30.12.05წ. ¹106/კს ბრძანების §3 იმავე სამინისტროს 19.12.05წ. ¹100/კს ბრძანების §1, §3, §4, §5, §6, §7, §8, §9, §10, §11, §12, §14, §15, §16, §17 ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 03.01.06წ. ¹1/კს ბრძანების §18, §193, §194, §195, §196, §197, §198, §199, §200, §201, §202, §203, §204 ბათილად ცნობაზე, მოსარჩელე ც. ბ.-ს უარი ეთქვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 23.01.06წ. ¹12/კს ბრძანების §3 ბათილად ცნობაზე. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სამუშაოზე აღდგენაზე, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მინისტრის 19.12.05წ. ¹100/კს ბრძანება მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ უკანონო იყო, რადგან მოპასუხის მიერ არაწორად იქნა მიჩნეული უღირს საქციელად მოსარჩელეთა მიერ სათანადო უწყებებისადმი მიმართვის გაგზავნა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ წერილში გამოთქმული იყო კრიტიკული შენიშვნები სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციისა და საკადრო პოლიტიკის მიმართ, იგი არ შეიცავდა ზოგადზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო შინაარსს და არ იყო მიმართული უწყების დისკრედიტაციისაკენ. ამასთან, მოსარჩელეებს ჰქონდათ ინტერესი ბათილად ცნობილი აქტის სასამართლო წესით ბათილად ცნობისადმი.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონსაწინააღმდეგო იყო მინისტრის 30.12.05წ. ¹106/კს ბრძანებაც, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 19.12.05წ. ¹100/კს ბრძანება. სასამართლოს აზრით, ბრძანება არ შეიცავდა მითითებას გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლების შესახებ, კერძოდ, ბათილად ცნობილი ბრძანება ეწინააღმდეგებოდა კანონს თუ დარღვეული იყო მისი გამოცემის პროცედურა.
მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის 03.01.06წ. ¹1/კს ბრძანების ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენაზე, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლების ბრძანების გამოცემა მოხდა საქართველოს მთავრობის 31.12.05წ. ¹ 249-ე დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობს და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი დებულებისა და მინისტრის 01.01.06 წ. ¹1 ბრძანების საფუძველზე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებისა და საშტატო ერთეულის შემცირების გამო. ბრძანებით საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვრა 205, რამაც გამოიწვია მანამდე არსებული 353 საშტატო ერთეულის 148 ერთეულით შემცირება. სასამართლოს აზრით, აღნიშნულ პირობებში მოპასუხე უფლებამოსილი იყო მოეხდინა მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლება. სასამართლოს ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე – ნ. ბ.-ე სამუშაოდან გათავისუფლდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა სანაცვლო სამსახურის შეთავაზების ვალდებულება, რადგან გათავისუფლების ბრძანების გამოცემის დროისათვის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი ძალადაკარგული იყო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება მათი პატივის და ღირსების შელახვის დასადასტურებლად, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლო იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.04.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. ა.-მ, გ. ა.-მ, და სხვებმა, ხოლო მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.07წ. განჩინებით სააპელაციო და შეგებებული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.04.06წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.07წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ც. ა.-მ, გ. ა.-მ, მ. ა.-მ, ნ. ბ.-მ, ხ. ბ.-მ, მ. გ.-მ, ნ. გ.-მ, ნ. მ.-მ, ნ. ტ.-მ, ლ. ფ.-მ, მ. შ.-მ, თ. ჩ.-მ, ნ. ჭ.-მ, ც. ბ.-მ, და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა საკასაციო პალატას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფიებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ც. ა.-მ, გ. ა.-მ და სხვებმა საკასაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, რაც მისი გაუქმების საფუძველია. კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს სამსახურიდან შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამეტის 17 თანამშრომელი, ანუ ერთ დეპარტამენტზე მოვიდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემცირებული კონტიგენტის თითქმის 1/3. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ 17-ვე თანამშრომელი ის პირია, რომელთაც ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობისადმი 19.12.05წ. გაგზავნილ წერილს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მათი გათავისუფლების შესახებ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე არის გამოცემული. აქტის გამოცემისას მოპასუხეს მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუსლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეები სარგებლობდნენ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე და შრომის ნაყოფიერებით გამორჩეული მუშაკები, ამის სანაცვლოდ რეორგანიზირებულ დეპარტამენტში დაინიშნენ არასათანადო კველიფიკაციის მქონე მუშაკები, რომელთაც დადგენილი წესით არ ჰქონდათ გავლილი კონკურსი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება, რაც უკავშირდება რეორგანოზაციის საფუძვლით შტატების შემცირების გამო საჯარო მოხელეთა გათავისუფლებას, არ ნიშნავს უფლებას დაუსაბუთებლად, საქმის არსებით გარემოებათა (ამ შემთხვევაში მოხელეთა პროფესიული მონაცემებისა და უნარების) შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე გადაწყვიტოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები, მით უფრო, რომ რეორგანიზაციის მიღმა უკანონო დევნა იფარება. კასატორები თვლიან, რომ უკანონოდ ეთქვათ უარი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მათ არ ჩაუდენიათ უღისრი ან დაწესებულების მადესკრიდიტირებელი საქციელი, ხოლო აღნიშნული საფუძვლით გათავისუფლების გამო შეელახათ პატივი და ღირსება, შეექმნათ არსებითი პრობლემები შემდგომი დასაქმებისას, ზოგიერთ მათგანს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეგებებული საკასაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე ცნობს ადმინისტრაციული ორგანო აქტს ბათილად, მოცემულ შემთხვევაში კი 19.12.05წ. ბრძანების ბათილად ცნობა მოხდა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე. ამასთან, გაურკვეველია თუ რა კანონიერი ინტერესი გააჩნდათ მოსარჩელეებს სასამართლოს მიერ აქტის ბათილად ცნობისადმი. გაურკვეველია თუ რა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესს მინისტრის 30.12.05 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 19.12.05წ. ბრძანება, რადგან ამ ბრძანებით ფაქტობრივად აღდგა მოსარჩელეთა სამსახურეობრივი უფლებამოსილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ა.-ის, ც. ა.-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 28.10.07 წ. და 21.11.07 წ. განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ა.-ის, ც. ა.-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 14 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვალდებულებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ც. ა.-ის, გ. ა-ის და სხვათა, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სრულყოფილად ვერ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და შესაბამისად ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები არ შეიცავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების მოტივაციას, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 03.01.06 წ. ¹1-კს სადავო ბრძანება კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის გამოცემული და მინისტრმა გაათავისუფლა სამსახურიდან მხოლოდ ის 17 თანამშრომელი, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობისადმი 19.12.05წ. გაგზავნილ წერილს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომუშავეთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 353 ერთეულით, ხოლო “2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვრა 205 შტატით. ამდენად, 2006 წლისათვის მომუშავეთა რიცხოვნობა შემცირდა 148 ერთეულით. საქართველოს მთავრობის 31.12.05 წ. ¹249 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებით გაუქმდა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტებით განხორციელდა დაწესებულების შტატების შემცირება. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 97-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას სამსახურიდან მოხელის გათავისუფლების შესაძლებლობას, ამასთან შტატების შემცირებისას სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებას “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს 2006 წლის 1 იანვრიდან. ამავე კანონის 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილია შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეთა გაფრთხილების ვალდებულება. საქმეში არსებული მოსარჩელეთა გაფრთხილების ბარათებით დგინდება, რომ ისინი გაფრთხილდნენ მოსალოდნელი შემცირების შესახებ 28.11.05 წ. ამდენად, მოსარჩელეებს სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ეცნობათ მათ მიერ 19.12.05 წ. წერილის შედგენამდე 20 დღით ადრე. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განთავისუფლებაზე უარის თქმა, თუ მოხელე გაფრთხილებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეიძლება მხოლოდ მოხელის წერილობითი თანხმობით.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ერთ-ერთი კასატორი – ნ. ბ.-ე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა 2005 წლის 10 აგვისტოს ¹536 ხელშეკრულების საფუძველზე.Eაღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2005 წლის 10 აგვისტოდან 2005 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, ნ. ბ.-ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2005 წლის 31 დეკემბერს, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. ამდენად, მისი სასარჩელო მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. ამდენად, ხსენებული ნორმა გამორიცხავს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონით არ არის დადგენილი. კანონმდებლობა ითვალისწინებს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების სხვადასხვა შემთხვევებს, მაგრამ არა თანამდებობიდან გათავისუფლების გამო.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივრში მითითებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მხოლოდ მაშინ, თუ მათი ბათილად ცნობა მოხდა სარჩელის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო და შეგებებულ საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გ. ა.-ის, ც. ა.-ის და სხვათა საკასაციო საჩივრის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ა.-ის, ც. ა.-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ა.-ის, ც. ა.-ის, მ. ა.-ს, ც. ბ.-ის, ნ. ბ.-ის, ხ. ბ.-ის, მ. გ.-ს, ნ. გ.-ს, ნ. მ.-ის, ნ. ტ.-ის, ლ. ფ.-ის, მ. შ.-ს, თ. ჩ.-ის და ნ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.