დატოვებულია უცვლელად

ადმინისტრაციული 21.07.2009
საქმის ნომერი
ბს-192-186(კ-09)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-192-186(კ-09) 21 ივლისი, 2009 წელი ბს-192-186(კ-09) 21 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. და გ. ფ-შვილების კანონიერი წარმომადგენელი _ მ. წ-ელი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სარეგისტრაციო სამსახური წარმომადგენელი _ ნ. ჯ-შვილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელი _ ხ. გ-შვილი

მესამე პირი _ ლ. ფ-შვილი წარმომადგენელი _ მ. ც-ძე

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

არასრულწლოვან გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერმა წარმომადგენელმა მ. წ-ელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ლ. ფ-შვილის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა ლ. ფ-შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობა, სამოქალაქო რეესტრის გლდანის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 2 თებერვლის ¹18 დასკვნის ბათილად ცნობა და გარდაცვლილი გ. ბ. ძე ფ-შვილის სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანამდე არსებული მონაცემების აღდგენა /იხ.ს.ფ. 1-4; 20-23; 149-151/.

საქმის გარემოებები:

2006 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელემ, როგორც არასრულწლოვნების კანონიერმა წარმომადგენელმა, სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლო მისი სარჩელის საფუძველზე იხილავდა ადმინისტრაციულ საქმეს, სადაც მოპასუხე იყო გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა, ხოლო დავის საგანს წარმოადგენდა გლდანის ... მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის კანონიერება. აღნიშნულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. ფ-შვილი. ლ. ფ-შვილს გაცხადებული ჰქონდა ნოტარიულად დამოწმებული უარი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებაზე და შესაბამისად არ წარმოადგენდა მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეს. ლ. ფ-შვილმა შეიცვალა მისი გვარი ქორწინების მოწმობაში, ასევე შეცვალა გვარი გარდაცვლილი გ. ბ. ძე ფ-შვილის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობაში, რათა მიეღო სამკვიდრო მოწმობები და სადავო გაეხადა არასრულწლოვნების ნათესაური კავშირი მათ გარდაცვლილ მამასთან და ბაბუასთან. სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საჯარო მოხელე თ. გ-შვილმა, რომლის მიმართაც 2007 წლის 2 მარტიდან დაიწყო გამოძიება სსკ-ის 332.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ფაქტობრივად გააყალბა 2007 წლის 2 თებერვლის დასკვნა ¹18 და ხელი შეუწყო ლ. ფ-შვილს დასახული მიზნის მიღწევაში.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

2006 წლის 20 ივლისს ლ. ფ-შვილმა განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას და მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, განაცხადა, რომ გარდაცვლილი იყო ბინის დამქირავებელი და მისი ოჯახის ყველა წევრი, ცოცხალი იყო მხოლოდ თვითონ და მოითხოვა არაპრივატიზებული ბინის ერთპიროვნულად მის საკუთრებაში გადაცემა. მან გარდაცვლილად გამოაცხადა არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც იყვნენ გარდაცვლილი მამის და ბაბუის I რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები. ლ. ფ-შვილმა გლდანი-ნაძალადევის გამგეობაში წარადგინა ბავშვების მამის და ბაბუის 2006 წლის 11 ივლისს გაცემული გარდაცვალების მოწმობები. ასევე ლ. ფ-შვილმა მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუს მ. მ-შვილს და მოითხოვა, გარდაცვლილი გ. ბ. ძე ფ-შვილისა და ბ. გ. ძე ვ-ევის სამკვიდრო მოწმობების გაცემა, რაზეც უარი ეთქვა, ვინაიდან გარდაცვლილების დაბადებისა და ქორწინების მოწმობებიდან არ დასტურდებოდა კანონიერი საფუძვლის არსებობა.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე და 1312-ე მუხლებზე და მოითხოვა ლ. ფ-შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 22-ე-24-ე მუხლების შესაბამისად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურის განყოფილების 2007 წლის ¹18 დასკვნის ბათილად ცნობა, ასევე შესაბამისი სამსახურების დავალდებულება, აღადგინონ გარდაცვლილი გ. ბ. ძე ფ-შვილის სააქტო ჩანაწერებსა და ყველა შესაბამის დოკუმენტებში გაყალბებული ¹18 დასკვნის საფუძველზე შეტანილ ცვლილებებამდე, ანუ 2007 წლის 7 თებერვლამდე არსებული ჩანაწერები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით ლ. ფ-შვილი ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძელზე, საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად. ამავე სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის განჩინებით არასრულწლოვან გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერი წარმომადგენლის მ. წ-ლის სასარჩელო განცხადების მოთხოვნა - ლ. ფ-შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობის ნაწილში, გამოეყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას /იხ.ს.ფ./.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა ა. კ-ოვმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სარეგისტრაციო სამსახურში დაიწყო ლ. ფ-შვილის განცხადების საფუძველზე, რომლითაც მოითხოვა თავისი შვილის დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანა. «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის 107-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანა დაიშვებოდა მისი ახლო ნათესავის განცხადების საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹1398 ბრძანების მე-5 პუნქტის «კ» ქვეპუნქტის თანახმად, პირის მონაცემების უსწორობის შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება სააქტო ჩანაწერს. მოპასუხის განმარტებით, არც ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დარღვეულა მითითებული ნორმა. ასევე, დაბადების სააქტო ჩანაწერში რეგისტრაციისას ბავშვს ენიჭება გვარი მშობლების შეთანხმებით, დაბადებისას აწ გარდაცვლილს მიენიჭა მამის გვარი – ვ-ევი, რომელიც 1990 წელს გ. ვ-ევის განცხადების საფუძველზე შეიცვალა დედის გვარზე – ფ-შვილზე. ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი იყო გ. ვ-ევის დედის პირადობის მოწმობა. არქივიდან გამოთხოვილია დედის ქორწინების სააქტო ჩანაწერი. აღნიშნული დოკუმენტების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გ. ვ-ევის დედის გვარი იყო ფ-შვილი, შესაბამისად, გ. ფ-შვილის სააქტო ჩანაწერში მითითებულ გვარში იყო შეცდომა, რის გამოც ლ. ფ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა და მისი შვილის გვარი შეიცვალა ფ-შვილად /იხ სხდომის ოქმი/.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მესამე პირის ლ. ფ-შვილის წარმომადგენლებმა არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მოსარჩელის აპელირება ¹18 დასკვნის სიყალბესთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო. ასევე აღნიშნეს, რომ გარდაცვლილის გვარი იყო ვ-ევი, რომელიც მან მხოლოდ 1990 წელს პირადი სურვილით შეიცვალა და გადავიდა დედის გვარზე, ხოლო დედის გვარი იყო ფ-შვილი, რაც გახდა სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი. «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილი იყო გარდაცვლილის სააქტო ჩანაწერებში შეეტანა ცვლილებები /იხ სხდომის ოქმი/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ნ. და გ. ფ-შვილების კანონიერი წარმომადგენლის მ. წ-ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

დაბადების ¹1390 სააქტო ჩანაწერის თანახმად გ. ბ. ძე ვ-ევი დაიბადა ... წლის ... აპრილს ქ. თბილისში. მითითებული სააქტო ჩანაწერი რეგისტრირებული იყო ორჯონიკიძის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ 1963 წლის 31 მაისს. დაბადების სააქტო ჩანაწერით დგინდება, რომ მშობლების მონაცემების მითითების საფუძველი იყო - 1962 წლის ¹1211 სააქტო ჩანაწერი. ასევე დადგენილია, რომ სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემები იყო ვ-ევი ბ. გ. ძე, ხოლო დედის – ფ-შვილი ლ. ა. ასული. 1962 წლის 10 სექტემბრის ორჯონიკიძის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების განყოფილების მიერ ქორწინების ჩანაწერის ¹1111 აქტში საქმროს მონაცემები იყო – ვ-ევი ბ. გ. ძე, ხოლო საცოლის ფ-შვილი ლ. ა. ასული. სააქტო ჩანაწერის საფუძველზე გაცემულ ქორწინების მოწმობაში ¹390927 ქმრის მონაცემების ვ-ევი, ხოლო ცოლის ფ-შვილი. ასევე დადგენილია, რომ გ. ვ-ევმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანის რაიონის მმაჩის განყოფილებას გვარის შეცვლის თაობაზე და 1990 წლის 8 ივნისს ზემოაღნიშნულმა განყოფილებამ დაარეგისტრირა გ. ვ-ევის გვარის გამოცვლის ¹71 სააქტო ჩანაწერი, რის საფუძველზეც მოქალაქე გ. ვ-ევი გადავიდა დედის – ფ-შვილის გვარზე.

ასევე დადგენილია, რომ 2007 წლის 8 იანვარს გლდანის სამსახურის განყოფილებას განცხადებით მიმართა ლ. ფ-შვილმა და მოითხოვა მისი შვილის – გ. ფ-შვილის დაბადებისა და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერებში გვარის შესწორება. 2007 წლის 2 თებერვალს გლდანის სამსახურის განყოფილების უფროსის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის, «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის 106-ე და 107-ე მუხლების შესაბამისად, შედგენილი დასკვნის საფუძველზე, გ. ფ-შვილის დაბადების სააქტო ჩანაწერში დედის გრაფაში არასწორად ჩაწერილი გვარი ფ-შვილის ნაცვლად ჩაიწერა ფ-შვილი, შესაბამისად, გვარის შეცვლისა და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერებში გვარი ფ-შვილი შესწორდა ფ-შვილად.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლი და განმარტა, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლება-მოვალეობებს წარმოადგენდა დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია, ასევე სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა, გაუქმება. ამავე საკანონმდებლო აქტის 106.1 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ დასკვნას ადგენდა თუ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული იყო არასწორი ან არასრული მონაცემები, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომები. ამასთან, ამავე კანონის 109.1 მუხლი ადგენდა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ გამოთხოვილი საბუთების საფუძველზე შედგებოდა დასკვნა სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორებების და ცვლილებების შეტანის შესახებ ან მათ შეტანაზე უარის თქმის თაობაზე. ზემოაღნიშნული ცხადყოფდა, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სააქტო ჩანაწერებში შესწორების შეტანის უფლებამოსილება კანონმდებლის მიერ ჰქონდა მინიჭებული.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» ინსტრუქციის 5.2. «კ» მუხლის თანახმად, პირზე გაცემულ დოკუმენტებში შეუსაბამობის არსებობისას კანონიერ მონაცემებად მიიჩნეოდა დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ზემოაღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად, კანონიერ მონაცემებად მიჩნეული უნდა ყოფილიყო სააქტო ჩანაწერში მითითებული მონაცემები, მაგრამ, ამავე დროს, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერებში არსებული უსწორობის გასწორება, ასევე დაშვებული იყო კანონმდებლის მიერ. საქალაქო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ აწ გარდაცვლილი გ. ფ-შვილის დაბადების სააქტო ჩანაწერში ¹1390 დედის გრაფაში დედის გვარში დაშვებული იყო შეცდომა. ამდენად, «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილ ნორმათა საფუძველზე, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, შეესწორებინა სააქტო ჩანაწერში დაშვებული უსწორობა, რაც სასამართლოს მოსაზრებით, სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი რეგლამენტირებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის I ნაწილი ადგენდა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო დასკვნის გამოცემისას მოპასუხის მიერ არ დარღვეულა ზემოაღნიშნული ნორმები, რის გამოც არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი /იხ.ს.ფ. 394-399/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერმა წარმომადგენელმა მ. წ-ელმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საქმეზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული კოლეგიის განსახილველი იყო მოთხოვნა 2007 წლის 2 თებერვლის ¹18 დასკვნის ბათილად ცნობისა და მოპასუხის მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო არამართლზომიერი ქმედების - შედეგის გამოსწორება, კერძოდ, მოსარჩელეთა გარდაცვლილი მამის – გ. ფ-შვილის დაბადების სააქტო ¹1390 ჩანაწერში 1963 წლიდან არსებული პირველადი კანონიერი მონაცემების აღდგენა. აღნიშნული ჩანაწერი შესწორდა მოპასუხის მიერ 2007 წელს, რითაც ფაქტობრივად გარდაცვლილს შეუცვალეს გვარი და სადავო გახადეს გარდაცვლილ მამასა და მის შვილებს შორის ნათესაური კავშირი. აღნიშნული კანონსაწინააღდეგო ქმედებით არსებითი ზიანი მიადგათ მოსარჩელეებს, გარდაცვლილის არასრულწლოვან შვილებს - ნ. და გ. ფ-შვილებს /იხ.ს.ფ. 412/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერი წარმომადგენლის მ. წ-ლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად იქნა დატოვებული საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, განმარტა, რომ არასრულწლოვანი მოსარჩელეების გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერი წარმომადგენლის მ. წ-ლის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილეის გაუქმების სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ /იხ.ს.ფ. 71-78/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერმა წარმომადგენელმა მ. წ-ელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონი.

კასატორის მითითებით, სამოქალაქო რეესტრის გლდანის სამსახურის უფროსმა თ. გ-შვილმა კანონმდებლობის დარღვევით დააკმაყოფილა ლ. ფ-შვილის კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნა და მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ არქივებიდან გამოთხოვილი დედნებით დასტურდებოდა დედნების გაყალბების ფაქტი, კერძოდ, 2006 წლის 4 ივლისს გარდაცვლილი ბ. გ. ვ-ევის სააქტო ჩანაწერიდან, რომელიც მოპასუხის მიერ წარდგენილი იყო 2008 წლის 20 მაისს ადმინისტრაციულ კოლეგიაში სხდომაზე დედნის სახით, ვიზუალურად ეტყობა, რომ გადასწორებულია რეგისტრაციის თარიღი, სააქტო ჩანაწერის ნომერი და ამასთან, გრაფა ¹14-ში - განსაკუთრებული აღნიშვნები მითითებულია ვინმე გ-შვილი, რაც ამ დოკუმენტის ბათილობის სრული საფუძველია.

მოპასუხის მიერ სადავო ¹18 დასკვნაში გაყალბებულია და კვლავ დადგენილია არარსებული გარემოება და ფაქტი, რომ თითქოს გარდაცვლილი გ. ბ. ფ-შვილის დაბადების მოწმობაში დაშვებულ იქნა შეცდომა - დედის გრაფაში არასწორად იქნა გადმოტანილი დაბადების სააქტო ჩანაწერიდან დედის გვარი. აღნიშნული არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ ვითარებას, რისი მტკიცებულებაცაა 2008 წლის 20 მაისს მოპასუხის მიერ საქმის ადმინისტრაციულ კოლეგიაში განხილვისას წარდგენილი დაბადების ¹1390 სააქტო ჩანაწერის დედანი, რომლის შინაარსიდან აშკარაა, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერში პირველადი მონაცემებით გარდაცვლილ გ.ბ. ფ-შვილის დედის გვარი ნამდვილად ფ-შვილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ადასტურებს მოპასუხის მიერ 2007 წლის 2 თებერვლის ¹18 დასკვნის გაყალბებას. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ქორწინების მოწმობიდან ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში გადადის მხოლოდ მამის შესახებ მონაცემი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება. 1963 წლის ¹1390 გ.ბ. ფ-შვილის დაბადების მოწმობაში ისევე როგორც დაბადების სააქტო ჩანაწერში მისი მამის გვარი – ვ-ევი გადატანილია ბ.გ. ვ-ევის ქორწინების სააქტო ჩანაწერიდან საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად /იხ.ს.ფ. /.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განჩინებით გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერი წარმომადგენლის მ. წ-ელის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «გ» პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. /.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გლდანის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა არ ცნო საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. /.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მესამე პირის ლ. ფ-შვილის წარმომადგენელმა არ ცნო საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ./.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაანალიზების, მხარეთა გამოცხადებული წარმომადგენლების განმარტებების მოსმენისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. და გ. ფ-შვილების კანონიერი წარმომადგენლის მ. წ-ლის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 12 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დაბადების ¹1390 სააქტო ჩანაწერის თანახმად გ. ბ. ძე ვ-ევი დაიბადა ... წლის ... აპრილს ქ. თბილისში. მითითებული სააქტო ჩანაწერი რეგისტრირებული იყო ორჯონიკიძის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ 1963 წლის 31 მაისს. დაბადების სააქტო ჩანაწერით დგინდება, რომ მშობლების მონაცემების მითითების საფუძველი იყო - 1962 წლის ¹1211 სააქტო ჩანაწერი. სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემები იყო ვ-ევი ბ. გ. ძე, ხოლო დედის – ფ-შვილი ლ. ა. ასული. 1962 წლის 10 სექტემბრის ორჯონიკიძის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების განყოფილების მიერ ქორწინების ჩანაწერის ¹1111 აქტში საქმროს მონაცემები იყო – ვ-ევი ბ. გ. ძე, ხოლო საცოლის ფ-შვილი ლ. ა. ასული. სააქტო ჩანაწერის საფუძველზე გაცემულ ქორწინების მოწმობაში ¹390927 ქმრის მონაცემები ვ-ევი, ხოლო ცოლის ფ-შვილი. ასევე დადგენილია, რომ გ. ვ-ევმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანის რაიონის მმაჩის განყოფილებას გვარის შეცვლის თაობაზე და 1990 წლის 8 ივნისს ზემოაღნიშნულმა განყოფილებამ დაარეგისტრირა გ. ვ-ვის გვარის გამოცვლის ¹71 სააქტო ჩანაწერი, რის საფუძველზეც მოქალაქე გ. ვ-ევი გადავიდა დედის – ფ-შვილის გვარზე.

ასევე დადგენილია, რომ 2007 წლის 8 იანვარს გლდანის სამსახურის განყოფილებას განცხადებით მიმართა ლ. ფ-შვილმა და მოითხოვა მისი შვილის – გ. ფ-შვილის დაბადებისა და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერებში გვარის შესწორება. 2007 წლის 2 თებერვალს გლდანის სამსახურის განყოფილების უფროსის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის, «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის 106-ე და 107-ე მუხლების შესაბამისად, შედგენილი დასკვნის საფუძველზე, გ. ფ-შვილის დაბადების სააქტო ჩანაწერში დედის გრაფაში არასწორად ჩაწერილი გვარი ფ-შვილის ნაცვლად ჩაიწერა ფ-შვილი, შესაბამისად, გვარის შეცვლისა და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერებში გვარი ფ-შვილი შესწორდა ფ-შვილად.

საკასაციო სასამართლო «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» კანონის პირველი მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტების ჩანაწერის შეცვლის, აღდგენისა და გაუქმების, აგრეთვე სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნის შენახვის წესს, ასევე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა სისტემასა და სამართლებრივ სტატუსს. კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლება-მოვალეობებს წარმოადგენს დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია, ასევე სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა, გაუქმება.

ამავე კანონის 106.1 ა)-ბ)მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ დასკვნას ადგენს თუ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული იყო არასწორი ან არასრული მონაცემები, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომები. კანონის 109.2 მუხლის თანახმად კი განმცხადებლის მიერ წარდგენილი და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ გამოთხოვილი საბუთების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დგება დასკვნა სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორებების და ცვლილებების შეტანის შესახებ ან მათ შეტანაზე უარის თქმის თაობაზე, ანუ სააქტო ჩანაწერებში შესწორების შეტანის უფლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» ინსტრუქციის 5.2. «კ» მუხლის თანახმად, პირზე გაცემულ დოკუმენტებში შეუსაბამობის არსებობისას კანონიერ მონაცემებად მიიჩნევა დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამავე ინსტრუქციის თანახმად, კანონიერ მონაცემემად მიიჩნევა სააქტო ჩანაწერში მითითებული მონაცემები, თუმცა ამავე დროს დაბადების სააქტო ჩანაწერებში არსებული უსწორობის გასწორება, კანონმდებლობითაა დაშვებული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხდა გარდაცვლილი პირისათვის გვარის შეცვლა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა გარდაცვლილი პირის სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანა, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის 106-ე და 107-ე მუხლების საფუძველზე, გარდაცვლილის დედის _ ლ. ფ-შვილის მოთხოვნის საფუძველზე შეიტანა ტექნიკური შესწორება გ. ფ-შვილის სააქტო ჩანაწერში და არასწორად ჩაწერილი გვარი ფ-შვილის ნაცვლად ჩაიწერა ფ-შვილი _ გარდაცვლილის დედის რეალური გვარი, ანუ ტექნიკური ხასიათის უზუსტობა იქნა გამოსწორებული და ამდენად სახეზე არ არის გარდაცვლილი პირის სააქტო ჩანაწერის შეცვლა, რამდენადაც სადავო არ არის, რომ გარდაცვლილის დედის გვარი იყო ფ-შვილი; გ. ვ-ევმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანის რაიონის მმაჩის განყოფილებას გვარის შეცვლის თაობაზე და 1990 წლის 8 ივნისს ზემოაღნიშნულმა განყოფილებამ დაარეგისტრირა გ. ვ-ევის გვარის გამოცვლის ¹71 სააქტო ჩანაწერი, რის საფუძველზეც მოქალაქე გ. ვ-ევი გადავიდა დედის – ფ-შვილის გვარზე, თუმცა ვინაიდან დედის გრაფაში გვარი იყო არასწორად რეგისტრირებული ნაცვლად «ფ-შვილისა» «ფ-შვილად», ამდენად, შესაბამისად არასწორად მოხდა სააქტო ჩანაწერში გვარის გადატანა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, შეესწორებინა სააქტო ჩანაწერში დაშვებული უსწორობა, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ტექნიკური შესწორების შეტანა და სახეზე არ არის გარდცავლილის სააქტო ჩანაწერის შეცვლა, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას, კერძოდ ლ. ფ-შვილის განცხადების განხილვისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტარციული წარმოების პროცედურა, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.1. მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდბულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივრის მოტივს არ წარმოადგენს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩანაწერებში უსწორობის გასწორებისას დაშვებულია პროცედურული დარღვევა, კერძოდ, საქმის მასალების თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აცნობა და არ ჩააბა ადმინისტრაციულ წარმოებაში გარდაცვლილის შვილები, შესაბამისად მათ არ მიეცათ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის და შესაბამისად საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულის მიუხედავად სახეზე არ არის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, რამდენადაც მითითებული არ წარმოადგენს იმგვარი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის პირობებში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, კერძოდ, გარდაცვლილის შვილების ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისა და მათ მიერ შესწორების შეტანაზე უარის გაცხადების პირობებშიც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო კანონმდებლობის შესაბამისად შესწორება შეეტანა გარდაცვლილი პირის სააქტო ჩანაწერში. ამდენად, სამართლებრივი შედეგი სხვაგვარი არ დადგებოდა.

ასევე დაუსაბუთებლობის გამო საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანით სადავო გახდა არასრულწლოვნების ნათესაური კავშირი მათ გარდაცვლილ მამასთან და ბაბუასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანა მოქმედი კანონმდებლობით არ შეიძლება გახდეს ნათესაური კავშირისა და შესაბამისად მემკვიდრეობის უფლების გაუქმების წინაპირობა. შესაბამისად, კასაციის მითითებული მოტივი იურიდიული დაუსაბუთებლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ, რამდენადაც სადავო აქტით ამგვარი სამართლებრივი შედეგის გამოწვევა შეუძლებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა:

გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერი წარმომადგენლის მ. წ-ლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.