დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-825-789(კ-09) ბს-825-789(კ-09) 28 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. თ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2007 წლის 8 აგვისტოს ლ. თ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2007 წლის 30 ივლისის ¹00000106 დადგენილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 3-6).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 115-120).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-ძემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 128-137).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინებით ლ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 198-203).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 207-215).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ლ. თ-ძის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 228-229).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ლ. თ-ძემ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან საქმე მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის.
კასატორის მითითებით, «პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის» დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹660 ბრძანებულების საფუძველზე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 9 ივნისის ¹ლეგ-1771 ბრძანებით დაკანონდა კასატორის საცხოვრებელ ბინაზე მანსარდის დაშენება. აღნიშნული მოქმედება, რომელიც განხორციელდა ლეგალიზაციამდე, დაკვალიფიცირდა როგორც უკანონო მშენებლობა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – არქიტექურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2007 წლის 30 ივლისის ¹00000106 დადგენილებით ლ. თ-ძეს დაეკისრა ჯარიმის გადახდა უკანონოდ წარმოებული მშენებლობისათვის და დაევალა სახურავისა და სხვენზე ასასვლელი კიბის მარშის დემონტაჟი.
Aკასატორის მითითებით, საქართველოში, განსაკუთრებით კი ქ. თბილისში მრავალი მიშენებისა და დაშენებების (უკანონო მშენებლობების) ფაქტის არსებობის გამო, რომელთაგან უდიდესი უმრავლესობა წარმოებულია კანონდარღვევით და რომელთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებულია ჯარიმა, მათი ლეგალიზაციის შედეგად იმ მესაკუთრეთათვის, რომლებსაც ლეგალიზაციის მომენტისათვის ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადახდილი ჯარიმა, შეიქმნა არაერთგვაროვანი მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სამართლებრივი რეგულირებას, რაც გამოიწვევს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
კასატორის მოსაზრების მიხედვით აღნიშნულ ადმინისტრაციულ დავაში საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად კანონის უკუქცევითი ძალის გამოყენება, ამ სახის დავების რაოდენობრიობის გათვალისწინებით, იძენს გარკვეულ მნიშვნელობას სამართლის განვითარების თვალსაზრისით და ემსახურება ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას (იხ. ს.ფ. 236-237).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ ლ. თ-ძის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ლ. თ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ. თ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. თ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ლ. თ-ძეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (400 ლარის) 70%, _ 280 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. თ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს ლ. თ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 280 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.