დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 22.12.2010
საქმის ნომერი
ბს-1812-1767(კს-10)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.12.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1812-1767(კს-10) 22 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა დ. გ-იას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში), მოწინააღმდეგე მხარეების _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მოსარჩელე _ ლ. ლ-ოვა.

2010 წლის 21 მაისს ლ. ლ-ოვამ და დ. გ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოპასუხეებისათვის მოსარჩელეთათვის მიყენებული მატერიალური ზიანის _ 759 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის _ 1000 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე სასამართლოში გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ოვასა და დ. გ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ლ-ოვამ და დ. გ-იამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დ. გ-იას მოთხოვნის ნაწილში განუხილველი დარჩა ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ხოლო სააპელაციო საჩივარი ლ. ლ-ოვას მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, დ. გ-იამ კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც განჩინების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო დ. გ-იას კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მის მიერ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო დ. გ-იას კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. გ-იას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების ასლი გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებით ჩაბარდა _ 2010 წლის 18 ნოემბერს (ს.ფ. 253), კერძო საჩივარი კი დ. გ-იამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 1 დეკემბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული 12-დღიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის 2010 წლის 30 ნოემბერს (სამშაბათს), ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-იამ დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, რის გამოც მოცემული კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველი უნდა დარჩეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 416-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს დ. გ-იას კერძო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.