შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
377აპ. 19 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების ბ. და ვ. მ-ების საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 11 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 იანვრის განაჩენით, გ. მ-ეს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის II ნაწილის “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის III ნაწილის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 22 მარტიდან.
განაჩენით გ. მ-ეს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ძარცვისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისათვის.
აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის დეკემბერში, ქ. ბათუმში, სასტუმრო ,,---ში’’, გ. მ-ძე, თანმხლებ ი. დ-ის ქურთუკის ჯიბიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ მობილურ ტელეფონ ,,ნოკიას”, ღირებულს _ 200 ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე 2005 წლის 21 მარტს, დაახლოებით 17 საათზე, ქ, ბათუმში, ---ის ქუჩა ¹38-ში, სასტუმრო ,,---ში”, ¹-- ოთახში, თანმხლებ ი. დ-ეს აშკარად, არაერთგზის, ძალადობის გამოყენებით გასტაცა მობილური ტელეფონი ,,ნოკია”, ღირებული _ 150 ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 102,14 გრამი ,,---”, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის მიერ დაქირავებულ სასტუმრო ,,---ში”, ¹-- ოთახში და, რომელიც მას ამოუღეს ჯიბიდან 2005 წლის 22 მარტს ჩატარებული ჩხრეკის დროს.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ბ. და ვ. მ-ებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, გამოტანილია დაუშვებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის თანახმად, გ. მ-ის გამართლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 11 აპრილის განაჩენით ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 იანვრის განაჩენში და გ. მ-ეს სასჯელად, ნაცვლად 9 (ცხრა) წლისა, განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ბ. და ვ. მ-ებმა, საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, სადაც აღნიშნეს, რომ საქმეში არ არსებობს იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომ გ. მ-ემ ჩაიდინა მისდამი ინკრიმინირებული დანაშაული. საპროცესო ნორმების უხეში დარღვევითაა შედგენილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, პირის ეჭვმიტანილად ცნობის, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები, ნივთის ღირებულების დასადგენად საქმეზე არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ. მ-ის გამართლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. გ. მ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულ ი. დ-ის, მოწმეების ე. ფ-ის, ო. დ-ის, ზ. ჯ-ის ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რის შესახებაც საკასაციო საჩივარშია მითითებული, კერძოდ, ის, რომ მსჯავრდებულს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, ზარალი ანაზღაურებულია და მას სასჯელი შეუმცირა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ განუსაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ე.ი. სააპელაციო სასამართლომ გ. მ-ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.
ამასთან, პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 11 აპრილის განაჩენში გ. მ-ის მიმართ შეტანილი უნდა იქნას ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ. მ-ეს ი. დ-ის მობილური ტელეფონის ძარცვის ეპიზოდში უნდა მოეხსნას სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან დაზარალებულს აღნიშნული ქმედების შედეგად მიადგა 150 ლარის ზიანი, რაც აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვანს.
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ბ. და ვ. მ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 11 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
გ. მ-ეს მოეხსნას სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
მსჯავრდებულ გ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის გ. მ-სათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.