შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 12.03.2007
საქმის ნომერი
2კ-620აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹620აპ 12 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ.მურუსიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის განაჩენით, ჯ. ვ-ძე, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 14 ივლისიდან.

აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატება შემდეგში:

2005 წლის 1 აპრილს არასრულწლოვანი ჯ. ვ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა თანამზრახველ პირებს, შეთანხმდნენ, რომ მართლსაწინააღმდეგოდ, დროებითი გამოყენების მიზნით, დაუფლებოდნენ მაღლაკი-წყალტუბოს გზაზე მოძრავ ვისიმე მსუბუქ ავტომანქანას. ისინი გეგმავდნენ ამ მანქანის გამოყენებით ყაჩაღურ თავდასხმებს. იმავე დღეს 23 საათზე, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით წყალტუბოს რაიონის სოფელ ---ში, ---ის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდნენ საკუთარი ავტომობილით მოძრავ თ. ხ-ეს. ბოროტმოქმედებმა სიცოცხლის და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, აიძულეს იგი გადამჯდარიყო ავტომანქანის უკანა სავარძელზე, თ. ხ-ის მგზავრმა მ. გ-ემ მოახერხა გაქცევა. ჯ. ვ-ემ და მისმა თანამზრახველებმა დაზარალებული თ. ხ-ძე მანქანიდან ჩამოსვეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ---ის ტერიტორიაზე და გზა განაგრძეს. მეორე დღეს გატაცებული ავტომანქანა მიატოვეს ამბროლაურის რაიონის სოფელ ---ს ტერიტორიაზე და მიიმალნენ.

2005 წლის 2 აპრილს ჯ. ვ-ემ განიზრახა კვლავ არაერთგზის ჩაედინა დანაშაული. იგი თანამზრახველ პირებთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტომანქანით გადაადგილდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ---ში, დაახლოებით 1 საათზე უკანონოდ შეაღწია გ. ქ-ის საცხოვრებელ სახლში და ამ უკანასკნელს და მის მეუღლეს სიცოცხლის და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული და ოქრო, უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ, ისინი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მაგნიტოფონ “ვეგას” ორ ცალ დინამიკს, ღირებულს 20 ლარად და 12 ლარად ღირებულ ყავის სერვიზს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. იმავე ღამით მივიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ---ში და დაახლოებით 3 საათზე უკანონოდ შეაღწია ი. ბ-ის საცხოვრებელ სახლში და სიცოცხლის და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ოქრო, დაზარალებულ ი. ბ-ის მხრიდან ქმედითი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ ვაზ-2106, სახელმწიფო ნომრით ¹-- ავტომანქანით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. ვ-ემ და მოითხოვა გამართლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ჯ. ვ-ძე ითხოვს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ დაზარალებულების მ. ქ-ის, თ. ხ-ის, ი. ბ-ის ჩვენებებით, ჯ. ვ-ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ნივთმტკიცების ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ჯ. ვ-ის მიერ მასზედ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ ჯ. ვ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას.

ამასთან საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. ვ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

პალატას მიაჩნია, რომ ჯ. ვ-ეს უნდა მოეხსნას სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ვინაიდან მას ასევე მსჯავრი დაედო სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც მოიცავს აღნიშნული მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს, თუ ის ჩადენილია სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. აღნიშნულიდან გამომდინარე ჯ. ვ-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით და იგი სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დამატებით დაკვალიფიცირებას არ საჭიროებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

ჯ. ვ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე.

ჯ. ვ-ეს მოეხსნას სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

სხვა ნაწილში განაჩენი, მათ შორის, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.