დატოვებულია უცვლელად

ადმინისტრაციული 17.07.2003
საქმის ნომერი
3გ/ად-192-კ-03
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-192-კ-03 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),ნ. კლარჯეიშვილი,ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 21 აგვისტოს ¹01-1/80 ბრძანებით კასატორი ა. ა-ი დაინიშნა თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში მთავარი ...ის მოვალეობის შემსრულებლად, თანახმად “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მეორე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა.

2001წ. 11 მაისს გაზეთ “...ში” გამოქვეყნდა ცნობა საგადასახადო სისტემის ორგანოების რიგ თანამდებობებზე, მათ შორის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილების მთავარი საგადასახადო ...ის ორ საშტატო ერთეულზე კონკურსის გამოცხადების შესახებ. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ა. ა-მა განცხადებით მიმართა საკონკურსო კომისიას, გაიარა კონკურსის ფარგლებში მოწყობილი საკვალიფიკაციო გამოცდა და შესარჩევი კონკურსი, დააგროვა 64,5 ქულა, მაგრამ კონკურსის შედეგების შეჯამების შესახებ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო ორგანოების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის 2001წ. 15 ივნისის ¹5 ოქმის თანახმად, იგი არ წარადგინეს საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილების მთავარი საგადასახადო ...ის თანამდებობაზე დასანიშნად. კომისიის მიერ ორ ვაკანტურ ადგილზე დასანიშნად რეკომენდაცია გაეწია მესამე პირებს _ მ. ჯ-სა და ც. გ-ს, ხოლო ა. ა-ი ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001წ. 9 აგვისტიოს ¹01-1/14 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 94-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდა ისანი-სამგორის საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილების მთავარი ...ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.

ა. ა-მა 2001წ. 5 სექტემბრს სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოში და მოითხოვა საგადასახადო სისტემის ვაკანტურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის 15 ოქმის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილების მთავარი საგადასახადო ...ის თანამდებობაზე კანდიდატთა წარდგენას, მ. ჯ-სა და ც. გ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2001წ. 9 აგვისტოს, მისი (ა. ა-ის) გათავისუფლების შესახებ 2001წ. 9 აგვისტოს ბრძანებების ბათილად ცნობა, მისი აღდგენა მთავარი საგადასახადო ...ის მოვალეობის შემსრულებლად 2001წ. 6 აგვისტოს მდგომარეობით და იძულებით გაცდენილი დროისათვის ხელფასის ანაზღაურება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ჯ-ა და ც. გ-ი.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ოქტომბრის განჩინებით მოცემული საქმიდან ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებად გამოეყო ა. ა-ის მოთხოვნა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო ორგანოების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის ¹5 ოქმის ბითილად ცნობის ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ა. ა-ის გათავისუფლების, ც. გ-ისა და მ. ჯ-ს მთავარ ...ებად დანიშვნის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე მიჩნეული იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად და შეჩერებული იქნა ცალკე წარმოებად გამოყოფილი ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე.

2001წ. 2 ნოემბრის განცხადებით ა. ა-მა მოხსნა სასარჩელო მოთხოვნა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის ¹5 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში, რის შესაბამისად ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის განჩინებით, სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001წ. 9 აგვისტოს ¹01-1/14 ბრძანება, ა. ა-ი აღდგენილი იქნა ქ. თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში მთავარი ...ის მოვალეობის შემსრულებლად, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაეკისრა ა. ა-ის სასარგებლოდ 2001წ. 9 აგვისტოდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 38 ლარის ხელფასის ოდენობით სამუშაოზე აღდგენამდე, ა. ა-ს უარი ეთქვა დანამატის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდაზე, უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და ა. ა-ის მიერ.

ა.ა-მა მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა მთავარი საგადასახადო ...ის მოვალეობის შემსრულებლად აღდგენის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი აღდგენა ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილების მთავარ საგადასახადო ...ის თანამდებობაზე. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო-საკასაციო სასამართლოს მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 თებერვლის განჩინებით ა. ა-ისა და საგადასახადო შემოსავლდების სამინისტროს (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 21 აგვისტოს ბრძანებით ა. ა-ი დაინიშნა თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილების მთავარი ...ის მოვალეობის შემსრულებლად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის II პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრული ვადით – კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნამდე. ამავე ინსპექციის 2001წ. 9 აგვისტოს ბრძანებით ა. ა-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან იმავე წლის 6 აგვისტოდან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე მუხლის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე. ა. ა-მა გაიარა კონკურსი და მოაგროვა გამსვლელი ქულა. კონკურსის შედეგები გაფორმდა შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო ორგანოების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის სხდომის ¹5 ოქმით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დარღვეული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე, 31-ე, 33-ე და 34-ე მუხლები, რაც იმაში გამოიხატება, რომ სათანადო შეფასება არ მიეცა შემდეგ გარემოებებს: კონკურსი ცხადდება გარკვეული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, მოცემულ შემთხვევაში კი თანამდებობებზე დაინიშნენ პირები, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ მთავარი საგადასახადო ...ის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში. გარდა ამისა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დარღვეული იქნა ა. ა-ის უფლებები. კერძოდ, მას არ ეცნობა მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია უკანონოდ ა. ა-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მისი გაუქმებით აღადგინა საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილების მთავარი ...ის მოვალეობის შემსრულებლად. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ა. ა-ის განმარტებას, რომ იგი აღდგენილი უნდა იქნეს არა მოვალეობის შემსრულებლის, არამედ მთავარი ...ის თანამდებობაზე, რადგან ამის უფლება აქვს საგადასახადო ინსპექციის საკონკურსო კომისიას წარდგინებით, რომლის ¹5 ოქმიც ძალაშია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა და შემდეგი მოტივით მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი აღდგენა ისანი-სამგორის საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილების მთავარი საგადასახადო ...ის თანამდებობაზე:

კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიიჩნია იურიდიულად დაუსაბუთებლად და აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობაზე გარკვეული ვადით დანიშნული პირი არ თავისუფლდება სამსახურიდან, თუ იგი ახალი ვადით ინიშნება იმავე თანამდებობაზე. ამავე კანონის თანახმად, კანდიდატმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე თანამდებობის პირს უნდა წარუდგინოს საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, განცხადება და დანიშვნისათვის საჭირო საბუთები. კასატორი მუშაობდა მთავარი საგადასახადო ...ის მოვალეობის შემსრულებლად, დანიშვნისათვის საჭირო საბუთები იმყოფებოდა საგადასახადო ინსპექციაში და იგი კონკურსის შედეგების შესაბამისად ხელახლა უნდა ყოფილიყო დანიშნული იმავე თანამდებობაზე. ამდენად, კასატორის აზრით, მისი აღდგენა უნდა მომხდარიყო სწორედ მთავარი ...ის თანამდებობაზე.

ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ ცნო მესამე პირმა მ. ჯ-მ და მოითხოვა კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, უსაფუძვლობის მოტივით.

ა. ა-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, ასევე არ სცნო ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და შეპასუხებაში მიუთითა, რომ გაუქმებული უნდა იქნეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარი უნდა ეთქვას ა. ა-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის ¹5 ოქმის საფუძველზე, დაბალი მაჩვენებლების გამო იგი არ იქნა წარდგენილი თანამდებობაზე დასანიშნად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა პროცესუალურად უფლებამოსილია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება-განჩინების კანონიერება შეამოწმოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო ამავე კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული მითითებით, სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს სარჩელის ფარგლებს და მხარეს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს ის, რაც მას არ უთხოვა, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, რადგან სარჩელის დისპოზიციურობის პრინციდან გამომდინარე თავად მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანსა და მოთხოვნის ფარგლებს (ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი).

კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და უარი ეთქვა მის სააპელაციო საჩივარს ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში მისი მთავარ საგადასახადო ...ად დანიშვნის შესახებ. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კასატორის სარჩელი, გაუქმდა ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001წ. 9 აგვისტოს ¹01-1/14 ბრძანება კასატორის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და კასატორი აღდგენილ იქნა თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემათა დამუშავების განყოფილებაში მთავარი ...ის მოვალეობის შემსრულებლად. კასატორმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მთავარი ...ის მოვალეობის შემსრულებლად აღდგენის ნაწილში და საკასაციო საჩივარშიც ითხოვს ნაცვლად მოვალეობის შემსრულებლად აღდგენისა, მთავარ საგადასახადო ...ად აღდგენას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან:

ა) სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი ა. ა-ი ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 21 აგვისტოს ბრძანებით ¹01-1/80 საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების მთავარი ...ის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა განსაზღვრული ვადით – კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის დანიშვნამდე, თანახმად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა;

ბ) ა. ა-მა გაიარა საატესტაციო კონკურსი და დააგროვა 64,5 ქულა;

გ) კონკურსის შედეგები შეჯამდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო ორგანოების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის ¹5 ოქმით, რომლითაც ისანი-სამგორის რაიონში მთავარი საგადასახადო ...ის ვაკანტურ ადგილებზე, რაზეც პრეტენზიას აცხადებდა კასატორი, წარდგენილი იქნენ მესამე პირები _ მ. ჯ-ა და ც. გ-ი. საკონკურსო საატესტაციო კომისიის შედეგების შესაბამისად, 2001წ. 3 აგვისტოს ¹01-1/19 და ¹01-1/25 ბრძანებებით მესამე პირები დაინიშნენ ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში მთავარი ...ის თანამდებობაზე;

დ) ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001წ. 9 აგვისტოს ¹01-1/14 ბრძანებით კასატორი გათავისუფლდა ამავე საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში მთავარი ...ის მოვალეობის შემსრულებლობიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე მუხლის შესაბამისად, რაც გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით.

ამდენად, კასატორის სასარჩელო მოთხოვნებიდან დაუკმაყოფილებელი დარჩა მთავარი ...ის მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად, ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში მთავარ საგადასახადო ...ად მისი აღდგენა, რასაც საკასაციო პალატა, როგორც ითქვა ვერ დააკმაყოფილებს, რადგან მითითებულ თანამდებობაზე საგადასახადო ორგანოების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის ¹5 ოქმის შესაბამისად, უკვე დანიშნულნი არიან მესამე პირები _ მ. ჯ-ა და ც. გ-ი. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000წ. ¹103 ბრძანებით დამტკიცებული “საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესისა” და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 33-35-ე მუხლების მიხედვით, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შესაბამისობას აფასებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია და წარადგენს თანამდებობაზე. საგადასახადო ორგანოების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის შედეგების ოქმი ¹5 კანონიერ ძალაშია ისევე, როგორც მესამე პირების დანიშვნის შესახებ ბრძანებები. მართალია, კასატორმა თავდაპირველი სარჩელით სადავოდ გახადა მათი კანონიერება, მაგრამ მისივე 2001წ. 2 ნოემბრის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის განჩინებით, სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყდა საქმის წარმოება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის ¹5 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში. ამიტომ, რადგან ამჟამად ძალაშია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგების ოქმი ¹5 და მესამე პირთა დანიშვნის შესახებ ბრძანებები, კასატორის მოთხოვნა ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილებაში მთავარ საგადასახადო ...ად აღდგენის შესახებ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად, ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 თებერვლის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მართებული შეფასება-დადგენითა და კანონის სწორი გამოყენება – განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.