განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
708აპ. 13 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ის დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ო-ლი, კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ისეთი დანაშაულისათვის, როგორიცაა _ ქურდობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
აღნიშნულ საქმეზე, იგივე ბრალდების საფუძველზე, მსჯავრდებულ იქნა აგრეთვე მ. ბ-ლი, რომელსაც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, მ. ბ-სა და გ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
მ. ბ-მა და გ. ო-მა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფებმა, სხვისი მოძრავი ნივთის _ ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2005 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 23.00 საათზე, ჭიშკრიდან უკანონოდ შეაღწიეს გ. ბ-ის ბინის ეზოში, სადაც ფარულად დაეუფლნენ და ქუჩაში გამოიყვანეს მისი კუთვნილი “ვაზ-2105” მარკის ავტომანქანა, სახ. ¹--, რომელიც აამუშავეს ელსადენებით, რის შემდეგაც აღნიშნული ავტომანქანით ჩავიდნენ ქ. გორში, სადაც ისინი დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების _ გ. ო-სა და მ. ბ-ის დამცველმა, ადვოკატმა ლ. ტ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა გ. ო-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება იქიდან გამომდინარე, რომ მან არ იცოდა, მ. ბ-ლს ავტომანქანა პატრონის ნებართვის გარეშე თუ ჰყავდა წამოყვანილი. იმავე საჩივრით დამცველი ითხოვდა მ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ქურდობის ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას, ვინაიდან, აპელანტის აზრით, მ. ბ-ის მიერ ჩადენილია ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი კასპის რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ო-ლს შეუმცირდა სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი და დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. ასევე, იმავე განაჩენით მსჯავრდებულ მ. ბ-ლს შეუმცირდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. ო-ის დამცველმა, ადვოკატმა ა. ჭ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, რადგან მან არ იცოდა, რომ მის მეგობარს _ მ. ბ-ლს ავტომანქანა წამოყვანილი ჰყავდა პატრონის ნებართვის გარეშე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებითაც საწინააღმდეგო იქნებოდა უტყუარად დადასტურებული და გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ ფაქტობრივად ეყრდნობა მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდს მისი ბრალეულობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ გ. ო-სა და მ. ბ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატამ საქმე შეამოწმა სრული მოცულობით, მათ შორის მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართაც, რომელსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანია. საკასაციო პალატის აზრით, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოში მ. ბ-სა და გ. ო-ის ბრალდების საქმის განხილვა ჩატარდა მსჯავრდებულთა დაცვის უფლების დარღვევით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შედგენილია არსებითი ხარვეზებით და იგი ობიექტურად არ ასახავს ჩატარებული სასამართლო პროცესის შინაარსს. საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს შემდეგი:
მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და გ. ო-ის მიმართ კასპის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თაობაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ტ-მა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ. ც-ემ, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, მოხსნა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი, რის შემდეგაც პროცესზე განხილულ იქნა მხოლოდ დაცვის მხარის მიერ შეტანილი საჩივარი.
სასამართლო სხდომის ოქმში აღნიშნულია: მსჯავრდებულთა დამცველმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს თავის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას, ვინაიდან მსჯავრდებულთა მიერ იმ ქმედების ჩადენას, რაც მათ ბრალდების სახით წარედგინათ, კერძოდ, ავტომანქანის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადგილი არ ჰქონია.
ამის შემდეგ, ოქმის იმავე ჩანაწერის მიხედვით, ადვოკატი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულები აღიარებენ და ინანიებენ თავიანთ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას და ითხოვს მათ მიმართ სასჯელის შემსუბუქებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომის ოქმში მითითებულია, რომ არც მხარეებს და არც მოსამართლეებს აპელანტთან შეკითხვები არა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის პოზიცია აშკარად წინააღმდეგობრივი იყო მის მიერვე შეტანილი საჩივრის მოთხოვნასთან, რომელსაც მხარი დაუჭირა, და აქედან გამომდინარე, ისე დასრულდა სასამართლო გამოძიება, რომ სრულიად გაუგებარი დარჩა, თუ რა დანაშაულის ჩადენას აღიარებდნენ მსჯავრდებულები და რა დანაშაულისათვის ითხოვდნენ სასჯელის შემსუბუქებას, ანდა საერთოდ ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ რაიმეში. ამ საკითხების თაობაზე სასამართლოს არც მათთვის უკითხავს რამე ვითარების გასარკვევად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ საქმის განხილვისას აპელანტებმა შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები და მათ ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება. სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით კი სასამართლო კამათისას პროცესში მონაწილე პროკურორმა მოითხოვა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და მსჯავრდებულთათვის შესაბამისი სასჯელების დანიშვნა. მსჯავრდებულთა დამცველი არ დაეთანხმა პროკურორის მოთხოვნას მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ვინაიდან მიიჩნია ზედმეტად მკაცრად, და მიუთითა, რომ ითხოვს მსჯავრდებულების დანაშაულებრივი ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის შეფარდებას, მიუხედავად იმისა, რომ არ აღუნიშნავს, ცვლის თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ან მსჯავრდებულთა რა დანაშაულებრივ ქმედებაზეა საუბარი.
მართალია, თავის საბოლოო სიტყვაში მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ ეთანხმებიან თავიანთი დამცველის მოთხოვნას და ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას, მაგრამ გაურკვეველია, ცნობენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ მათთვის შერაცხულ ბრალდებაში და, სახელდობრ, რა დანაშაულებრივ ქმედებაში მიაჩნიათ თავი ბრალეულად. ეს მომენტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ მ. ბ-ლი აღიარებს და ინანიებს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რის თაობაზეც სასამართლო სხდომის ოქმში არაფერია აღნიშნული. ასევე, განაჩენიდან აშკარად ჩანს, რომ გ. ო-ლი დანაშაულს არ აღიარებს და თავს არ ცნობს დამნაშავედ, რის გამოც სასამართლოს სხდომის ოქმში გაკეთებული ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ მან ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, აბსოლუტურად გაურკვეველსა და წინააღმდეგობრივს ხდის მის პოზიციას, ამასთან, სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება _ პროცესში მონაწილე ადვოკატი ადეკვატურად გამოხატავდა თუ არა მსჯავრდებულთა ნამდვილ მოთხოვნასა და პოზიციას. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ გ. ო-სა და მისი დამცველის პოზიციების ურთიერთშეუსაბამობაზე აშკარად მიუთითებს მსჯავრდებულის თანხმობით განაჩენზე საჩივრის შეტანა საკასაციო ინსტანციაში, რომელშიც მთლიანად უარყოფილია მის მიერ დანაშაულის ჩადენა. ამ მიმართებით საყურადღებოა შემდეგი გარემოებაც: სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც ლოგიკურად გაუგებარია, რადგან სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი იყო გ. ო-ის გამართლება, ხოლო თუკი სასამართლოს მხედველობაში აქვს, როგორც განაჩენშია აღნიშნული, შეცვლილი მოთხოვნა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, მაშინ საჩივრის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე საუბარიც ასევე გაუგებარია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულებს შეუმსუბუქდათ სასჯელები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი შეიცავს სხვა შეუსაბამობასაც, კერძოდ, მის სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებს შორის, რაც გამოიხატება შემდეგში: განაჩენის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის ნორმებში, რის გამოც ახალი მდგომარეობით მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელები ზედმეტად მკაცრია და უნდა შემსუბუქდეს.
მიუხედავად ამისა, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში სასამართლომ მსჯავრდებულებს ისე შეუმსუბუქა სასჯელები, რომ არ შეცვალა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების ის კვალიფიკაცია, რაც მოცემული იყო რაიონული სასამართლოს განაჩენში და აღარ შეესაბამებოდა ახალ კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებდა მსჯავრდებულების მიმართ შერაცხული ქმედებისათვის და რის გამოც მას გააჩნდა უკუძალა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და გ. ო-ის მიმართ საქმის განხილვისას არ იყო დაცული საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის, უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის შესახებ ყველა განცხადებისა და საჩივრის გულდასმით შემოწმების თაობაზე, აგრეთვე, იმავე კოდექსის 496-ე მუხლის მოთხოვნა განაჩენის დასაბუთებულობის თაობაზე. ამასთან, საქმის განხილვისას დაირღვა მსჯავრდებულთა დაცვის უფლება იმ თვალსაზრისით, რომ ადვოკატის პოზიცია, რომელსაც მათი ინტერესები უნდა დაეცვა, რეალურად არ გამოხატავდა მათ ნამდვილ პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობის თაობაზე და ისე ითხოვდა მათთვის სასჯელების შემსუბუქებას. ყოველივე აღნიშნულმა ნეგატიური გავლენა მოახდინა საქმის საბოლოო შედეგზე, კანონიერი და დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით.
საბოლოოდ საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენი მ. ბ-სა და გ. ო-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ ახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. აღნიშნული საქმის ხელახლა განხილვა უნდა ჩატარდეს საპროცესო ნორმებით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით, რა დროსაც ყოველმხრივ უნდა შემოწმდეს როგორც მსჯავრდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდების, ასევე სააპელაციო საჩივარში მოცემული დაცვის პოზიციის საფუძვლიანობა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურად დადგენისა და მათი სწორი სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 567-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ო-ის დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენი მ. ბ-სა და გ. ო-ის მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.
მსჯავრდებულებს _ მ. ბ-სა და გ. ო-ლს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოთ დაპატიმრება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.