შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
70კოლ ქ. თბილისი
17იანვარი, 2007 წელ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ ი. ბ-ის,ადვოკატების _ ლ. კ-ისა და ზ. გ-ის,დაზარალებულის უფლებამონაცვლე _ ვ. ი-ის,მსჯავრდებულ _ გ. ი-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ი-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 16 ივნისის განაჩენზე, რომლითაც გ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის „ა” პუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 16 ივნისის განაჩენით, გ. ი-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ იმაში, რომ ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, აგრეთვე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 20-21 საათზე, გორის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ გ. და ნ. (იგივე გ.) ი-ებს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც გ. ი-მა ნ. ი-ს მიმართა უცენზურო სიტყვებით და დაემუქრა მოკვლით.
ინციდენტის შემდეგ გ. ი-ი გაემართა სოფლის ცენტრისაკენ, სადაც შეხვდა ნ. ი-ის შვილს _ ა-ს რომელსაც დაუწყო საუბარი მამამისთან მომხდარი კონფლიქტის თაობაზე. რამდენიმე წუთში მათთან მივიდა ნ. ი-ი მეორე ვაჟ ს-თან და ჩაერთო საუბარში. ამ უკანასკნელს გ. ი-მა მიმართა უცენზურო სიტყვებით, ხოლო ა. ი-მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. განაწყენებული გ. ი-ი დაემუქრა მათ მოკვლით და გაემართა სახლისაკენ. თავიანთ სახლებში წავიდნენ ა. და ს. ი-ებიც, ხოლო ნ. დარჩა იმავე ადგილას.
გ. ი-ი მივიდა სახლში, აიღო მამამისზე _ ვ. ი-ზე გაპიროვნებული „საიგას” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა, და, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, წავიდა ნ. ი-ის სახლის მიმართულებით. პ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ „ზილის” მარკის სატვირთო ავტომანქანის მარჯვენა მხარეს მან დაინახა ნ. და ა. ი-ები, რომელსაც ხელში ეჭირა ორლულიანი სანადირო თოფი. გ. ი-მა შენიშნა რა ისინი, „საიგას” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, დამიზნებით გაისროლა ა. ი-ის მიმართულებით. გასროლილი ტყვია მოხვდა ავტომანქანას ავზის მარცხენა მხარეს, რის შემდეგაც ავტომანქანა „ზილი” სწრაფი სვლით წავიდა შემთხვევის ადგილიდან. იმავდროულად ა. ი-მაც გაისროლა სანადირო თოფიდან გ. ი-ის მიმართულებით, რის შემდეგაც თავდაცვის მიზნით გაიქცა ბაღების მიმართულებით. გ. ი-მა მოკვლის მიზნით, დამიზნებით კვლავ რამდენჯერმე გაისროლა ა. ი-ის მიმართულებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეთა, გვერდით ზედაპირზე, შემავალი მუცლის ღრუში და დავარდა მიწაზე. ნ. ი-მა, დაინახა რა აღნიშნული, იმის შიშით, რომ მასაც მოკლავდა, თავდაცვის მიზნით, გაიქცა თავისი შვილის _ ა. ი-ის საწინააღმდეგოდ, ე.ი. საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, პ. ნ-ის სახლისაკენ, რათა იქ შეეფარებინა თავი. გ. ი-მა დაინახა, რომ ა. ი-ს მოხვდა მის მიერ გასროლილი ტყვია და დავარდა მიწაზე, მიტრიალდა ნ. ი-ის მხარეს და, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მოკვლის მიზნით, მასაც რამდენჯერმე დამიზნებით ესროლა და მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანება მარცხენა წვივის ქვემო და შუა მესამედების საზღვარზე, რის შემდეგაც ნ. მოასწრო ეზოში თავის შეფარება. გ. ი-მა ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და ჰაერში გააგრძელა სროლა.
შემთხვევის ადგილზე თავისი ავტომანქანით მისულმა გ. ი-ის მამამ _ ვ. ი-მა შვილს წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ეს უკანასკნელი მამის კუთვნილი „გაზ-3110” მარკის ავტომანქანით მიიმალა.
მიღებული ცეცხლნასროლი დაზიანებისაგან ა. ი-ი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ნ. ი-მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
აღნიშნული დანაშაულისათვის გ. ი-ს საბოლოოდ მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 28 მაისიდან.
განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ი-მა და მისმა ადვოკატმა ა. ბ-მა. საკასაციო საჩივარში ისინი აღნიშნავენ, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 16 ივნისის განაჩენი არის უკანონო, ტენდენციური, დაუსაბუთებელი, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
არც წინასწარმა და არც სასამართლო გამოძიებამ სრულყოფილად არ გამოიძიეს გ. ა. ნ. და ს. ი-ებს შორის მომხდარი ინციდენტის დეტალები და სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს ისინი; არასწორად შეფასდა ა. და გ. ი-ებს შორის მომხდარი ურთიერთსროლის პროცესი; გ. ი-მა ა-ის მიმართულებით გაისროლა მხოლოდ ერთხელ, ისიც მას შემდეგ, რაც ასევე სანადირო თოფით შეიარაღებულმა ა. ი-მა დაიწყო მისკენ შემობრუნება და ცალ მუხლზე სწრაფი დაშვება სროლისათვის საუკეთესო პოზიციის მისაღებად; გ. ი-მა ის ერთადერთი გასროლა მოახდინა წელს ქვემოთ, სიცოცხლისათვის არამნიშვნელოვანი ორგანოების მიმართულებით, ანუ არა ა. ი-ის მოკვლის მიზნით; საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. და ს. ი-ებმა გ. ი-ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც პროვოცირებული იყო ნ. ი-ის მიერ; სამართლებრივი შეფასება არ მიეცა ა. ი-ის მოქმედებას, როდესაც იგი, შეიარაღებული ორლულიანი სანადირო თოფით, ცდილობდა გ. ი-ის მოკვლას; მსჯავრდებულს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, რომ მის მიერ ფეხებში ნასროლი ერთი ტყვია ა. ი-ის გახდებოდა საბედისწერო; არასწორია და დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ყველა მოწმის, გარდა ნ. ი-სა და თ. მ-ისა, ჩვენებით დგინდება, რომ ა. ი-ან მომდინარე საფრთხე იყო რეალური; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, ა. ნ. და ს. ი-ის მიეყენებინა დაზიანებები, მაგრამ მას არ უსვრია არც ერთი მათგანისათვის; გ. ი-მა ა. ი-სკენ გაისროლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, მას არც ნ. ი-ის მოკვლა სურდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები ითხოვენ გ. ი-ის საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „ა” პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების მოხსნას და ამ მუხლით შეფარდებული სასჯელისაგან განთავისუფლებას, ასევე _ გ. ი-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
დაზარალებულები _ ვ. და ნ. ი-ები საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვენ გ. ი-თის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 16 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და ეყრდნობა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. კ-ძემ კანონიერად მიიჩნია თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მსჯავრდება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამასთან, მან დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა გ. ი-ის ქმედების სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირება იმ მოტივით, რომ მან მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით.
ადვოკატ ლ. კ-ის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა გ. ი-მა.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ-მა საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მასალებით უდავოდ დასტურდება გ. ი-თის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ადვოკატმა მიუთითა, რომ ინციდენტის ინიციატორი ნ. ი-თი არ ყოფილა და ამ უკანასკნელსა და მის შვილებს მსჯავრდებული ფიზიკური განადგურებით დაემუქრა.
ადვოკატ ზ. გ-ის მოთხოვნას მხარი დაუჭირა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ. ი-მა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. ბ-ემ საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორთა მითითება იმის შესახებ, რომ გ. ი-მა მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, კერძოდ:
საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოწმე თ. მ-მა განმარტა, რომ 2002 წლის 5 აგვისტოს იმყოფებოდა ნ. ი-თან ერთად. მათთან მივიდა გ. ი-ი და უცენზურო სიტყვებით მიმართა, წასვლისას კი ნ-ს უთხრა: ,,შენ და ს. უნდა დაგხოცოთო". იმავე დღეს გ. ი-მა შეაგინა ა. ი-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა ხელი გაარტყა. იქვე იყვნენ ნ. და ს. ი-ები. მსჯავრდებულმა მათ უთხრა, რომ არსად წასულიყვნენ, დაემუქრა: „სამივე თუ არ დაგხოცოთ, ნახავთო“ და წავიდა (ტ. 1, ს.ფ. 119-121; 371-373; ტ. 3, ს.ფ. 68-72).
მოწმე გ. ნ-მა წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას განმარტა, რომ გ. ი-მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს. ი-თს, რის გამოც მსჯავრდებულს ხელი გაარტყა ა. ი-მა. გ-მა იქ მყოფებს უთხრა, რომ დალოდებოდნენ და წავიდა. ს. და ა. სახლში წავიდნენ, ხოლო ნ. ი-ი ადგილზე დარჩა. ა-მ სახლიდან გამოიტანა ორლულიანი სანადირო თოფი, რა დროსაც გამოიარა სატვირთო ავტომანქანამ, რომელიც გაჩერდა და ა. მივიდა მძღოლთან. ამ დროს ბაღის მხრიდან გამოვიდა გ. ი-ი, რომელსაც ავტომატი ეჭირა და ამოეფარა ბოძს. ა. გაშორდა ავტომანქანას, რა დროსაც მოესმა სროლის ხმა. სატვირთო ავტომანქანა სწრაფად დაიძრა ადგილიდან. ა-მ დაინახა ბოძთან მდგარი გ. ი-ი, აღნიშნული ბოძის მიმართულებით, მაღლა გაისროლა სანადირო თოფიდან და გაიქცა ბაღის მიმართულებით. მოწმის განცხადებით, სწორედ ამ დროს ესროლა გ-მა ა-ის, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაეცა. ა. დახმარებას ითხოვდა. გ. ნ-მა ვერ დაინახა, რა ვითარებაში ესროლა მსჯავრდებულმა ნ. ი-ს, თუმცა სროლების ხმა ესმოდა. ა. საავადმყოფოში გარდაიცვალა (ტ. 1, ს.ფ. 353-355).
აღნიშნული ჩვენება გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, მოწმე გ. ნ-ის საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო (ტ. 3, ს.ფ. 122).
მოწმე ა. ი-მა სასამართლოში განმარტა, რომ 2002 წლის 5 აგვისტოს დაინახა გ. ი-ი, რომელსაც ეჭირა ,,საიგას" კონსტრუქციის იარაღი, ხოლო წარბზე სისხლის კვალი ეტყობოდა. კითხვაზე, თუ რისთვის უნდოდა იარაღი, გ-მა უპასუხა: ,,სამი კაცი უნდა მოვკლაო". ა. ი-მა იქვე განაცხადა, რომ სულ გაიგო 5-6, მათგან ერთხელ _ თოფიდან გასროლის ხმა. პირველად გაისროლეს ,,საიგას" კონსტრუქციის იარაღიდან, რომლის ხმის გარჩევა შეუძლია (ტ. 3, ს.ფ. 26-31).
საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოწმე პ. ნ-მა განმარტა, რომ ა. გარბოდა, რა დროსაც ორჯერ გაისროლა. ამ უკანასკნელს სამჯერ ესროლა გ. ი-მა (ტ. 1, ს.ფ. 360-362; ტ. 3, ს.ფ. 45-51).
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ. ი-მა განმარტა, რომ გ-ი იარაღს დამიზნებით ისროდა. ა. ი-ი გაიქცა და მას მსჯავრდებულმა ესროლა. ამ უკანასკნელს ნ. ი-მა დაუყვირა, რომ არ ესროლა, მაგრამ გ. მისკენ მობრუნდა და უცენზურო სიტყვებით მიმართა. ნ. ი-ი გაიქცა, რა დროსაც მსჯავრდებულმა მისი მიმართულებითაც 3-4-ჯერ გაისროლა. დაზარალებულის განმარტებით, სიკვდილს იმიტომ გადაურჩა, რომ მეზობლის _ პ. ნ-ის სახლს შეაფარა თავი. გ-ი ამის შემდეგაც აგრძელებდა სროლას და ორი ტყვია დაზარალებულის სახლის ფანჯარასაც მოხვდა (ტ. 3, ს.ფ. 17-22).
საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოწმე ი. დ-მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მართავდა სატვირთო ავტომანქანას და შეშა მიჰქონდა. თან ახლდა მეზობლები _ თ. და გ. თ-ები. სოფელ ---ის გასასვლელთან შეხვდნენ ხანდაზმულ კაცსა და ახალგაზრდა ბიჭს. ამ უკანასკნელს თოფი ეჭირა. ი. დ-მა ავტომანქანა გააჩერა. თ. თ-ე ხანდაზმული ასაკის მამაკაცს ესაუბრებოდა, რა დროსაც ი. დ-მა მისგან ხელმარცხნივ, დაახლოებით 5 მეტრში შეამჩნია ძლიერ აღელვებული ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც სახიდან სისხლი სდიოდა და ,,კარაბინი" ეჭირა, პატარა მჭიდით. მან იარაღის მოქნევით ანიშნა, რომ იქაურობას გასცლოდა. ი. დ-მა მაშინვე დაძრა ავტომანქანა და მოესმა სროლების ხმა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ყოფნისას თოფიდან გასროლის ხმა არ გაუგია. მოგვიანებით შეამჩნია, რომ ავტომანქანის ავზი ტყვიით იყო გახვრეტილი. შემთხვევამდე ავზი დაზიანებული არ ყოფილა (ტ. 1, ს.ფ. 160-165; ტ. 2, ს.ფ. 66-68; ტ. 3, ს.ფ. 94-97).
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა _ გ. თ-მ და თ. თ-მ. ამ უკანასკნელმა ასევე მიუთითა, რომ როდესაც მძღოლის მხარეს გაიხედა, იქ მყოფ პირს ავტომატი მათკენ ჰქონდა მომართული (ტ. 3, ს.ფ. 97-101).
ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ი. დ-ის ავტომანქანის ავზს მოხვდა 7, 62 მმ კალიბრის ორი ტყვია (ტ. 1, ს.ფ. 287).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მასალებით, მათ შორის _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით, ბალისტიკური, ფიზიკო-ტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც სასამართლო კოლეგიამ სათანადოდ გამოიკვლია და სწორად შეაფასა, უტყუარადაა დადასტურებული, რომ გ. ი-მა ჩაიდინა საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ა" პუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მცდელობისთვის. რამდენადაც გ. ი-ს მსჯავრი დაედო დანაშაულის მცდელობისათვის, მას არ შეიძლება დაენიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა და, შესაბამისად, შეიძლება სასჯელად დაენიშნოს მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმის - 20 წლის სამი მეოთხედი _ თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ი-ის მიმართ სასჯელი უნდა შემცირდეს 15 წლამდე.
გასაჩივრებულ განაჩენში პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ი-ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს მსჯავრდებულის მცდელობას, მოეკლა ორი პირი და დამდგარ შედეგს, რაც არასწორია, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალიწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, სასამართლო კოლეგიის ეს მითითება გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 16 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. ი-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა შემცირდეს 1 (ერთი) წლით და განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. ი-ს საბოლოოდ განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენიდან ამოირიცხოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მითითება ორი პირის მკვლელობის მცდელობაზე, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.