შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 27.03.2007
საქმის ნომერი
2კ-921აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹921აპ 27 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ნ. კვანტალიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 იანვრის განაჩენით, ი. კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 150-ე მუხლით და სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასაჯელად განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 29 ივნისიდან.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2003 წლის 28 აპრილს ი. კ-ემ და სხვა პირებმა მორგებული გასაღებით გააღეს ქ. თბილისში, ვარკეთილის -- მიკრორაიონში ¹--/49-ში მცხოვრები კ. ბ-ის ბინის კარი, უკანონოდ შეაღწიეს ბინაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ მოქალაქე ბ-ის კუთვნილ ნივთებს. აღნიშნული ნივთების საერთო ღირებულებამ შეადგინა 100 ლარი, რითიც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე სხვა პირებთან ერთად 2003 წლის 28 აპრილს მორგებული გასაღებით გააღო ქ. თბილისში, ვარკეთილის -- მიკრორაიონის ¹--/63_ში მცხოვრები თ. ხ-ის ბინის კარი, შეაღწიეს ბინაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ თ. ხ-ის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 935 ლარი, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს.

მანვე იმავე წლის 12 ივლისს, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად განიზრახა ყაჩაღურად თავს დასხმოდა ქ. ჭიათურაში, ---ის ქუჩის ¹ 13-ში მდებარე ოქროულობის მაღაზიას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი ჩავიდნენ ჭიათურაში, წინასწარ დაიქირავეს “ვაზ 2106” მარკის სახელმწიფო ნომერი “--” ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ჭიათურაში, ---ის ქუჩის ¹30-ში მცხოვრები ა. ს-დი. მათ ამ უკანასკნელს სთხოვეს სოფელ ---ში წაყვანა, რაზედაც იგი დათანხმდა. ა. ს-დს ავტომანქანა გააჩერებინეს ---ის ქუჩაზე და უთხრეს დაეცადა, რადგან მოსასვლელი იყო მესამე მეგობარი. ი. კ-ემ დააცდევინა მძღოლს, თვითონ კი წავიდნენ ---ის ქუჩის მიმართულებით. დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე, მათ უკანონოდ შეაღწიეს ---ის ქუჩის ¹13-ში მდებარე ოქროულობის მაღაზიაში, სადაც იმყოფებოდნენ გამყიდველი დ. ა-ძე და ნ. ბ-ლი, აგრეთვე მყიდველი – ნ. გ-ლი. მაღაზიის ყაჩაღობის მიზნით შესულმა ი. კ-ემ და მისმა თანმხლებმა პირმა დაიწყეს საგამოფენო დახლებზე ოქროს და ვერხცლის ნივთების დათვალიერება, თან ერთმანეთს ეკითხებოდნენ რომელი ოქროს ნივთი ეყიდათ. ამ დროს მათ უეცრად ამოიღეს მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცეს ოქროსა და ვერცხლის ნივთები. კერძოდ დ. ა-ის კუთვნილი 69 დასახელების სამკაულები, რომლის ღირებულებამ შეადგინა 9541 ლარი, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს, ხოლო ნ. ბ-ის კუთვნილი 41 დასახელების ძვირფასეულობა საერთო ღირებულებით 5073 ლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს. ეს სამკაულები თავდამსხმელებმა ჩააწყვეს შავი ფერის ჩანთაში და გაემართნენ მათ მიერ დაქირავებული ტაქსისაკენ. ყაჩაღობის ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა იმერეთის სამხარეო შ.ს. სამმართველოს ---ის სამსახურის უფროსი ---ის, გ. ს-სათვის და ---ის ქუჩაზე მდებარე ბანკის დაცვის თანამშრომლების მ. გ-ის და ბ. მ-სათვის, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ “ვოლტერის” სისტემის საფანტიანი პისტოლეტებით და დაედევნენ თავდასხმელებს დასაკავებლად. ბ. მ-ემ რამოდენიმეჯერ გაისროლა ჰაერში მათ გასაფრთხილებლად, თან ეძახდნენ, რომ იყვნენ პოლიციელები და დაეყარათ იარაღი. მიუხედავად ამისა თავდამსხმელებმა გაუწიეს წინააღმდეგობა და გაისროლეს პოლიციელების მიმართულებით, სწრაფად ჩასხდნენ ა. ს-ის მანქანაში და მუქარით უბრძანეს წაეყვანა ისინი სოფელ ---ს მიმართულებით. გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აიძულეს მძღოლი წასულიყო სოფელ ---ის მიმართულებით. ---ის სასოფლო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე თავდამსხმელები გადასხდნენ მოწითალო ფერის “ვაზ - 2109” მარკის უნომრო ავტომანქანაში, რომელშიც იჯდა გამოძიებით დაუდგენელი ორი პიროვნება. მანქანიდან ჩამოსვლისას მათ მძღოლი მუქარით გააფრთხილეს, რომ მათი წასვლიდან ნახევარი საათის შემდეგ წასულიყო, რის შემდეგადაც მიიმალნენ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. კ-ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. კ-ემ. აპელანტები თავიანთი საჩივრით ითხოვენ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა საჩხერის რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ: მსჯავრდებულ ი. კ-ეს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში იგი გამართლდა. მსჯავრდებულ ი. კ-ეს ასევე ამოერიცხა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი. მსჯავრდებულ ი. კ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ტ. ნ-ის მიერ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის, ვინაიდან მიაჩნია, რომ ი. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ი. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი.

პალატა თვლის, რომ დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებით, ამოღების ოქმით, პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია.

პალატას მიაჩნია, რომ ი. კ-სათვის სასჯელის დამძიმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან სააპელაციო სასამართლომ, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას და რაც არ არის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლო.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ი. კ-ეს კ. ბ-ის ბინის ქურდობის ეპიზოდში უნდა მოეხსნას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. რაც შეეხება თ. ხ-ის ბინის ქურდობის ეპიზოდს, დაზარალებულს მიადგა 935 ლარის ზიანი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვანს. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), ქურდობისათვის ბინაში უკანონო შეღწევით _ თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ" ქვეპუნქტი (ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულ ი. კ-ის დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის და ყაჩაღობისათვის საცავში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა 6-დან 15 წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” „ბ“ ქვეპუნქტები (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად და საცავში უკანონო შეღწევით) სასჯელის ზომად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ“ ქვეპუნქტებზე.

ი. კ-ეს ასევე უნდა მოეხსნას სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

დასავლეთ საქართველოს პროკურატურის განყოფილების პროკურორ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ი. კ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულ ი. კ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ“ ქვეპუნქტებზე.

ი. კ-ეს მოეხსნას სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.