საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹60აპ ქ. თბილისი
30 აპრილი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განაჩენით თ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. კ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 5 თებერვლიდან.
განაჩენით თ. კ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თ. კ-ას 2005 წლის 3 აგვისტოს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი 10000 ლარის ოდენობით აფხაზეთის ტერიტორიიდან 1424 ლარის ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის _ თამბაქოს ნაწარმის უაქციზო სიგარეტების გადმოზიდვის ფაქტზე.
თ. კ-ია 2005 წლის 16 დეკემბერს ქ. ზუგდიდში, ---ს ქუჩაზე დააკავეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული აქციზური მარკის გარეშე საქონლის _ თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტზე. ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა პირადი ჩხრეკისას მისგან ამოიღეს 960 კოლოფი სიგარეტი ,,---ა” და 290 კოლოფი ,,---ი”, საერთო ღირებულებით 2273,5 ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ მიღებული შეტყობინების საფუძველზე 2006 წლის 5 თებერვალს ზუგდიდის რაიონის სოფელ ---ში კვლავ იქნა დაკავებული გალის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები თ. კ-ია, რომელიც ახდენდა მისი კუთვნილი, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული აქციზური მარკის გარეშე საქონლის _ თამბაქოს ნაწარმის _ 3710 კოლოფ სიგარეტ ,,---ას”, 3135 კოლოფ სიგარეტ ,,---ას”, 1570 კოლოფ ,,---”-ის, 500 კოლოფ ,,---ის” გადაზიდვას. ამოღებული სიგარეტის საერთო რაოდენობამ შეადგინა 9015 კოლოფი, ხოლო მისმა ღირებულებამ _ 15475,25 ლარი.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ: თ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული თ. კ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მიმართებით, რომ დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად. კასატორი მიუთითებს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს ინვალიდი დედა და ძმა, ფსიქიკურად დაავადებული მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით თ. კ-ას მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი იხდის.
ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ თ. კ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია მის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება. პალატა აღნიშნავს, რომ თუ პირს ჩადენილი აქვს განზრახ მძიმე დანაშაული, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი არ არის ჩათვალოს დანიშნული სასჯელი პირობითად. ამასთან, სასამართლო მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ პირი აღიარებს დანაშაულს, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მოცემულ შემთხვევაში, თ. კ-ამ, მიუხედავად იმისა, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, საქმის მასალებით არ დასტურდება მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან. სასამართლო ასევე არ არის უფლებამოსილი მსჯავრდებულ თ. კ-ას მიმართ გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლი და დაუნიშნოს შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, რადგან მხარეებს შორის არ არის დადებული საპროცესო შეთანხმება. ამდენად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თ. კ-ას მიმართ გამოიყენოს პირობითი მსჯავრი ან დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, თ. კ-ას დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თ. კ-ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათი და ხარისხი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება და შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. კ-ას განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოერიცხოს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და შესაბამისად _ ამ მუხლით დანიშნული სასჯელები, როგორც ზედმეტად წარდგენილი, რადგან იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისთავად მოიცავს ამავე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს. აღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ თ. კ-ას სასჯელად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ თ. კ-ას ამოერიცხოს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, როგორც ზედმეტად წარდგენილი; მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.