შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 14.02.2007
საქმის ნომერი
2კ-1189აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1189აპ. ქ. თბილისი

14 თებერვალი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით გ. თ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (ახალი რედაქცია) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ახალი რედაქცია) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაზარალებულების _ ზ. ს-ის, ვ. ქ-ის, გ. პ-ისა და ი. ზ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. თ-ლს დაეკისრა: ზ. ს-ის სასარგებლოდ _ 1000 ლარის გადახდა; ვ. ქ-ის სასარგებლოდ _ 1650 ლარის გადახდა; გ. პ-ის სასარგებლოდ _ 1200 ლარის გადახდა; ი. ზ-ის სასარგებლოდ _ 400 ლარის გადახდა.

განაჩენის მიხედვით, გ. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

გ. თ-მა 1995 წელს ქ. გროზნოში გამოძიებით დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა “იჟ ---” მოდელის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა _ -- მმ კალიბრიანი ვაზნები, რომლებიც დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გადმოიტანა საზღვარზე და აღნიშნული --- პისტოლეტიდან კუსტარულად დაამზადა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

2005 წლის იანვრის ბოლოს გ. თ-ლი იმყოფებოდა რა მდინარე ალაზნის მხარეს, გადაწყვიტა გურჯაანის რაიონის სოფ. ---ში, სოფლის განაპირას მცხოვრებ ვ. ქ-ის კუთვნილი მსხვილფეხა საქონლის ქურდობა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. თ-მა უკანონოდ შეაღწია ვ. ქ-ის საცხოვრებელი ბინის ეზოში არსებულ ბოსელში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 800 ლარად ღირებულ ძროხას, 700 ლარად ღირებულ მაკე ძროხას და 150 ლარად ღირებულ ხბოს, რომლებიც ლაგოდეხის რაიონის სოფ. ---ის ბაზარზე 800 ლარად მიჰყიდა აზერბაიჯანელი ეროვნების უცნობ მამაკაცს, რითაც ვ. ქ-ლს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2005 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე, გ. თ-ლი იმყოფებოდა რა გურჯაანის რაიონის სოფ. ---ში, ერთ-ერთი ბოსტნიდან შემოესმა ძროხების ხმა, ისარგებლა იმით, რომ ეზო შემოღობილი არ იყო, უკანონოდ შეაღწია გ. პ-ის საცხოვრებელი ბინის --- სართულზე არსებულ ოთახში, საიდანაც გამოიტანა 400 ლარად ღირებული შეშის ელ. საჭრელი ე.წ. “დრუჟბა”, იქვე -- სართულიდან აიღო ორი ცალი _ 30 ლარად ღირებული ალუმინის ბალონები და გადამალა, შემდეგ შებრუნდა უკან და გ. პ-ის ბოსტნიდან გამოიყვანა 500 ლარად ღირებული ძროხა და 300 ლარად ღირებული დეკეული, რომლებიც გაიყვანა სოფ. ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზარზე, სადაც მოპარული ორი სული ძროხა გაყიდა 500 ლარად, ხოლო “დრუჟბა” _ 150 ლარად. მან აღნიშნული ქმედებით გ. პ-ლს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2005 წლის 3 მარტს გ. თ-ლი იმყოფებოდა რა გურჯაანის რაიონის სოფ. ---ში, დაახლოებით 24 საათზე შევიდა ი. ზ-ის ეზოში და იქ არსებული სათავსოდან გამოიყვანა 400 ლარად ღირებული ძროხა, რომელიც ლაგოდეხის რაიონის სოფ. ---ის ბაზარზე 300 ლარად მიჰყიდა უცნობ პიროვნებას. აღნიშნული ქმედებით მან ი. ზ-ლს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2005 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 13 საათზე, გ. თ-ლი ავტობუსით ჩავიდა სოფ. ---ში, რათა დაუფლებოდა რომელიმე მოქალაქის ცხენს. სოფლის ბოლოს, ვენახებში, ნახა თოკით დაბმული თ. ჩ-ის 400 ლარად ღირებული ცხენი, რომელსაც ფარულად დაეუფლა და წავიდა მდ. ---ის მიმართულებით. აღნიშნული ქმედებით მან თ. ჩ-ლს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

იმავე დღეს, დაახლოებით 13.20 საათზე, გ. თ-ლი ყაჩაღურად თავს დაესხა გურჯაანის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებ ზ. და ბ. ს-ებს. იარაღის მუქარით გაუკრა მათ ხელ-ფეხი, ჩაკეტა საფუტკრეში და გაიტაცა ზ. ს-ის 400 ლარად ღირებული ცხენი.

იმავე დღეს, დაახლოებით 14 საათზე, გ. თ-ლი მივიდა სოფ. ---კის ბოლოს არსებულ ვენახებში, ერთ-ერთ ქოხში, სადაც ო. და ვ. მ-ები სადილობდნენ, ხოლო ცხენები გაშვებული ჰყავდათ საბალახოდ. გ. თ-მა მათთან ერთად დალია სასმელი, შემდეგ ჯიბიდან ამოიღო იარაღი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით მოსთხოვა მათ ცხენები, რაზეც ო. და ვ. მ-ბმა გაუწიეს წინააღმდეგობა, მიაყენეს სხეულის დაზიანება, წაართვეს იარაღი და გამოიძახეს პოლიცია.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. თ-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდებები მტკიცებულებათა არარსებობის გამო და იგი ამ ნაწილში გამართლდა. გ. თ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ახალი რედაქცია) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. თ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვასა და მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

მსჯავრდებულმა გ. თ-მა როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე I-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: დ. ჩ-ის ცხენის ქურდობასა და უ. მ-ის, ო. ს-ის, ზ. ს-ის მიმართ ყაჩაღობის ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებაში; მან თავი დამნაშავედ არ ცნო ვ. ქ-ის, ი. ზ-ისა და გ. პ-ის კუთვნილი საქონლის ქურდობაში, ხოლო საქმის სააპელაციო წესით სასამართლო განხილვისას მსჯავრდებულმა გ. თ-მა თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ ცხენის ქურდობასა და იარაღის უკანონო ტარების ეპიზოდში. უ. მ-ის ყაჩაღობის ეპიზოდში მან თავი არ ცნო დამნაშავედ ყაჩაღობის ჩადენაში და ითხოვა ამ ეპიზოდში მისი ქმედების დაკვალიფიცირება ხულიგნობით, რადგან მას დაზარალებულებთან მოუხდა შელაპარაკება. მან ბრალდების დანარჩენ ეპიზოდებში თავი არ ცნო დამნაშავედ, წინასწარ გამოძიებაში მიცემული ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებების მიცემა ახსნა იმით, რომ მასზე ხორციელდებოდა მორალური და ფიზიკური ზეწოლა.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ გ. თ-ის აღნიშნული ჩვენება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან.

მსჯავრდებულ გ. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია დაზარალებულების _ ზ. ს-ის, ვ. მ-ის, ო. მ-ის, დ. ჩ-ის, ვ. ქ-ის, ი. ზ-ისა და გ. პ-ის ჩვენებებით; ნივთმტკიცების წარმოდგენის, ჩვენების ადგილზე შემოწმებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

მსჯავრდებულ გ. თ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებანი იმის შესახებ, რომ თითქოს მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. თ-ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათი და ხარისხი, მისი პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ყველა გარემოება, მას შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. თ-ის სასიკეთოდ, კერძოდ:

განაჩენით გ. თ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია), 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ახალი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.

1-ლი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა გ. თ-ის მიერ ქურდობის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაცია შესაბამისობაში მოიყვანეს ამჟამად მოქმედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან და ამის შემდეგ ძველი და ახალი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით დაუნიშნეს სასჯელები ცალ-ცალკე. პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. თ-სათვის ქურდობის ეპიზოდებში სსკ-ის 177-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით ცალ-ცალკე სასჯელების დანიშვნა არ არის სწორი, ვინაიდან სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი მოიცავს ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს, რის გამოც მას უნდა დაენიშნოს მხოლოდ ერთი სასჯელი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. თ-სათვის სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად; მას უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა (ძვ.რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) დანიშნული სასჯელები _ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ერთი სასჯელის დანიშვნა არასწორია, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს დანაშაულთა რეალურ ერთობლიობას, რა დროსაც სასჯელები ინიშნება შესაბამისი ნაწილების მიხედვით, რაც საკასაციო პალატის მიერ ვერ გამოსწორდება, ვინაიდან ბრალდების მხარეს საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულ გ. თ-ის საქმის სამართალწარმოებისას, წინასწარ გამოძიებასა და 1-ლი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო მოსარჩელედ არ არიან ცნობილი _ ზ. ს-ლი და ვ. ქ-ლი.

I-ლი ინსტანციის სასამართლომ კი განაჩენით მსჯავრდებულ გ. თ-ლს დააკისრა დაზარალებულების _ ზ. ს-ისა და ვ. ქ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა. აღნიშნული განაჩენი თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არ იყო დაწყებული სამოქალაქო სამართალწარმოება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლო არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულისათვის დაეკისრებინათ დაზარალებულად ცნობილი პირების _ ზ. ს-ის სასარგებლოდ _ 1000 ლარის, ხოლო ვ. ქ-ის სასარგებლოდ _ 1650 ლარის გადახდა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი მსჯავრდებულ გ. თ-სათვის დაზარალებულების _ ზ. ს-ისა და ვ. ქ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ გ. თ-ლს ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა (ძვ.რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) დანიშნული სასჯელები _ 5-5 (ხუთ-ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ქურდობის ეპიზოდებში საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. თ-სათვის დაზარალებულების _ ზ. ს-ისა და ვ. ქ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულ გ. თ-სათვის განაჩენით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი _ 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.