შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1311აპ ქ. თბილისი
19 ივნისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. წ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე გ. წ-ის, ლ. შ-სა და მ. ლ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის განაჩენით: 1. გ. წ-რი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით, მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმედგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე _ ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკურთების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობის მუქარით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;
2. ლ. შ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმედგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე _ ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკურთების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობის მუქარით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;
3. მ. ლ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", „გ”, „დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკურთების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობის მუქარით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
გ. წ-ის, ლ. შ-სა და მ. ლ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ლ. შ-ლი გაასამართლა გარდაბნის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 23 აპრილს და საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით, 91-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (1961 წლის რედაქცია) განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელის მოხდის ადგილიდან გათავისუფლდა პირობით ვადამდე 2005 წლის 25 იანვარს.
მ. ლ-ლი 2004 წლის 30 მარტს გაასამართლა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით განუსაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
გ. წ-რი 2000 წლის ივნისში მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შეეფარდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, საქმე კი საბრალდებო დასკვნით წარიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოში. გ. წ-მა თავი აარიდა სასამართლოს და მასზე გამოცხადდა ძებნა.
მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულები არ დაადგნენ გამოსწორების გზას და ჩაიდინეს ახალი დანაშაული. კერძოდ, 2006 წლის თებერვლის დასაწყისში გ. წ-რს დაუკავშირდა ლ. შ-ლი და გაანდო თავისი განზრახვა, რომ სურდა სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. გ. წ-მა და ლ. შ-მა შექმნეს ჯგუფი და თავიანთი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად წავიდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნახეს მ. მ-ის კუთვნილი, მინდორში უმეთვალყურეოდ დატოვებული სამი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და მართლსაწინააღმდეგოდ, არაერთგზის, ფარულად დაეუფლნენ მათ, რითიც დაზარალებულს მიაყენეს 1 600 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. გატაცებული პირუტყვი მათ იმავე დღეს ჩაიყვანეს თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში. ლ. შ-მა ვ. მ-ლს შესთავაზა საქონლის ყიდვა ისე, რომ არ უთქვამს, საქონელი მოპარული რომ იყო. მათ მოილაპარაკეს, რომ ვ. მ-ლი იყიდდა საქონელს 700 ლარად, მაგრამ ფულის ნაწილს იმ შემთხვევაში გადაუხდიდა, თუ მიუტანდნენ პირადობის მოწმობას და ცნობას საქონლის საკუთრების შესახებ. ვ. მ-მა მათ გადაუხადა ფულის ნაწილი _ 300 ლარი, ხოლო მეორე ნაწილი შეთანხმებისამებრ შემდეგ უნდა გადაეხადა. ლ. შ-მა და გ. წ-მა ფული გაინაწილეს.
2006 წლის 10 თებერვალს გ. წ-რს დაუკავშირდა ლ. შ-ლი, გაანდო თავისი განზრახვა, რომ სურდა, მართლსაწინააღმდეგოდ, აშკარად დაუფლებოდა ---ის ხევში მობალახე პირუტყვს. მათ თავიანთი განზრახვა ასევე გაანდეს მ. ლ-ლს და ისიც დაითანხმეს. შექმნეს ჯგუფი და დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ლ. შ-მა ისინი იმავე დღეს, 13 საათზე, მიიყვანა გარდაბნის რაიონის სოფელ ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ---ის ხევში, სადაც ა. ბ-ლი აბალახებდა თავის კუთვნილ მსხვილფეხა პირუტყვს. ლ. შ-მა, გ. წ-მა და მ. ლ-მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის ჯანმრთელობისათვის, გაიტაცეს პირუტყვი. ა. ბ-ლი მათ გამოეკიდა, რის გამოც ბოროტმოქმედები იძულებული გახდნენ, მიეტოვებინათ გატაცებული პირუტყვი და გაქცეულიყვნენ, მაგრამ დაზარალებული დაედევნა მათ თანასოფლელ ნ. ქ-თან ერთად და შეეცადა დაკავებას. ლ. შ-მა და მისმა თანამზრახველებმა მათ გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
აღნიშნული დანაშაულისათვის ლ. შ-ლს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით; გ. წ-რს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მ. ლ-ლს _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2006 წლის 10 თებერვლიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. შ-მა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული გ. წ-რი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დედა ადრე გარდაეცვალა; 14 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოზე; ბოლო 2 თვის განმავლობაში დარჩა უმუშევარი, რის გამოც შეცდომა მოუვიდა და მოხვდა ციხეში, სადაც თავის თავზე გამოსცადა მისი საშინელება; სურს შექმნას ოჯახი და იყოს ბედნიერი, ამიტომ ითხოვს პატიებას და სასჯელის შემსუბუქებას.
გარდა ამისა, საქმეშია მსჯავრდებულ ლ. შ-ის საკასაციო საჩივარიც, რომელსაც პალატა ვერ განიხილავს, რადგან იგი შეტანილია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, მათ შორის _ ლ. შ-სა და მ. ლ-ის მიმართაც და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის _ დაზარალებულების _ ა. ბ-სა და მ. მ-ის, თავად მსჯავრდებულთა ჩვენებებით, ამოღების ოქმით, რომელთა ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ლ. შ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტებითა და მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); გ. წ-მა ჩაიდინა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,გ" ქვეპუნქტებითა და მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,გ", ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); მ. ლ-მა ჩაიდინა სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,გ", ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
ამასთან, მსჯავრდებულების _ ლ. შ-სა და გ. წ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებს დანიშნული აქვთ მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელები და ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ გ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს: ლ. შ-სა და გ. წ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების მიმართ სასჯელთა დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.