შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
76აპ ქ. თბილისი
17 ივლისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ზ. ს-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, “ბ”, „გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონული საასმართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის განაჩენით ზ. ს-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით.
განაჩენით მას მსჯავრი დაედო შემდეგისათვის: 2005 წლის იანვარის თვეში, ზ. ს-მა გამოძიებით დაუდგენელ ოთხ პირთან ერთად განიზრახა მცხეთის რაიონის სოფელ ---ში მდებარე ფ. დ-ის სააგარაკე სახლიდან საოჯახო ნივთების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ზ. ს-ის მამის ტ. ს-ის ავტომანქანით იგი და მისი თანამზრახველები მივიდნენ ფ. დ-ის სააგარაკე სახლთან, სადაც მოხსნეს და დაეუფლნენ ეზოს ჭიშკარს, ოც ცალ ღობის ლითონის ბოძს, სახლში შესასვლელ კარებს და რკინის საწოლს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 570 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ნივთები დატვირთეს ავტომანქანაზე, წაიღეს და ჩააბარეს მცხეთის რაიონის სოფელ ---ის ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,---”-ს შავი ლითონის მიმღებ პუნქტში. იგი, გამოძიებით დაუდგენელ ოთხ პირთან ერთად, მცხეთის რაიონის სოფელ ---ში, მოქალაქე ვ. მ-ის სააგარაკე სახლის ეზოში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ცალ ლითონის ბოძს, სამ ცალ ლითონის კუთხოვანში ჩასმულ მწვანე ლითონის მავთულებს, რაც ასევე დატვირთეს ზ. ს-ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაზე და 2005 წლის 27 იანვარს ჩააბარეს მცხეთის რაიონის სოფელ ---ის ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,---”-ს შავი ლითონის მიმღებ პუნქტში, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 2000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. მ-მა, რითაც ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ზ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი ზ. ს-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ს-მა, რომლითაც მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ამოღების ოქმით, ჟურნალის ამოღების და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ზ. ს-ზე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ ზ. ს-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას.
ამასთან საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის მაქსიმალური ზომა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ს-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, სსსკ-ის 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ მსჯავრდებულ ზ. ს-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.