შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 30.04.2007
საქმის ნომერი
2კ-116აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹116აპ ქ. თბილისი

30 აპრილი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის განაჩენით ბ. გ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ბ. გ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 18 დეკემბრიდან.

განაჩენით ბ. გ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ბ. გ-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 6,4 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,---”, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში შეხვეულს ქურთუკის გარეთა, მარჯვენა ჯიბეში, რაც 2005 წლის 30 ნოემბერს ამოიღეს შს ზუგდიდის სამმართველოს დარჩელის ქვეგანყოფილების მუშაკებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად;

მანვე 2005 წელს, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, დაუდგენელ გარემოებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,---”, რომლის ნაწილი მიიღო პირადად ინიექციის გზით, ხოლო დანარჩენი ოთხი ე.წ. ,,ჩეკად” დაფასოებული, 0,580 გრამის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,---” უკანონოდ შეინახა შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბეში. ბ. გ-ას 2005 წლის 18 დეკემბერს შს ზუგდიდის სამმართველოს ---ის ქვეგანყოფილების მუშაკებმა ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რომლის დროსაც მისგან ამოიღეს მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით _ 0,580 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,---”.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ბ. გ-ას განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა 2005 წლის 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე დაკავების დრო _ 3 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 6 წელი, 5 თვე და 27 დღე. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ბ. გ-ია და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ს-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ბ. გ-ას გამართლებას იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, განაჩენი გამოტანილია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევებით, კერძოდ: დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-10, 111-ე და 129-ე მუხლების მოთხოვნები, 145-ე მუხლის მოთხოვნა _ კომპეტენტური პირების მიერ დაუყოვნებლივ არ იქნა შედგენილი ბ. გ-ას დაკავების ოქმი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბ. გ-ია უსაფუძვლოდ არის მსჯავრდებული სასამართლოს მიერ, რადგან ასეთი დასკვნისთვის საქმის მასალებში საფუძველი არ მოიპოვება. საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით: მოწმეების _ თ. თ-ას, კ. ძ-ას ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულ ბ. გ-ას მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

2005 წლის -- ნოემბრის ოქმის შესაბამისად, ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ბ. გ-საგან ამოღებულ იქნა სპეციფიკური სუნის მქონე, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რაც დაილუქა ¹-- ბეჭდით.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, 2005 წლის -- ნოემბერს ბ. გ-საგან ამოღებული მცენარეული მასა, წონით 6,4 გრამი, წარმოადგენს ,,---ს” და მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა კატეგორიას.

2005 წლის 18 დეკემბრის ოქმის თანახმად, ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ბ. გ-საგან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის, გამჭვირვალე პარკში ჩადებული 4 ცალი ე.წ. ,,ჩეკი”, რომელშიც მოთავსებული იყო მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს ,,---ს” და მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა კატეგორიას. ჩხრეკის ოქმზე შენიშვნა ან რაიმე სახის პრეტენზია არ არის დაფიქსირებული ჩხრეკაში მონაწილე არც ერთი პირის მხრიდან.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ბ. გ-ას განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოერიცხოს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისად _ ამ მუხლით დანიშნული სასჯელი, როგორც ზედმეტად წარდგენილი, რადგან იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით, რაც თავისთავად მოიცავს ამავე მუხლის პირველ ნაწილს. აღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ბ. გ-ას სასჯელად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში მსჯავრდებულ ბ. გ-ას მიმართ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ბ. გ-ას ამოერიცხოს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც ზედმეტად წარდგენილი; მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.