განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹306აპ 19 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის განაჩენით მ. ა-ეს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 9 მარტიდან.
განაჩენით მ. ა-ეს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის იანვარში მ. ა-ემ, რომელიც დროებით ცხოვრობდა თავისი ძმის _ ვ. ა-ის ბინაში მდებარე თბილისში, ---ის ქუჩა, კორპ. ¹1, ბინა 10-ში, საქართველოს ეროვნული ---ის ოფისში (მდებარე ---ის ქუჩაზე), გაიცნო გ. ბ-ჩი, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა.
2004 წლის 5 მარტს ისინი ავიდნენ მ. ა-ის ძმის ბინაში, სადაც გ. ბ-ჩი დარჩა 7 მარტამდე. 7 მარტს, საღამოს მათ დალიეს ალკოჰოლური სასმელი და დათვრნენ. გ. ბ-მა შესთავაზა მ. ა-ეს ალუმინის ნაკეთობის მოპარვა _ ჩაბარების მიზნით, რაზედაც ამ უკანასკნელა უარი განუცხადა. ამაზე განაწყენებული გ. ბ-ჩი შეეკამათა მ. ა-ეს, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. დასაძინებლად დაწოლის შემდეგ, გვიან ღამით, დაახლოებით 4 საათზე მ. ა-ემ დაინახა ფანრით და დანით ხელში წამომდგარი გ. ბ-ჩი. ამის დანახვაზე მ. ა-ემ ორივე ფეხი მიარტყა მკერდზე გ. ბ-ჩს და გადააგდო საწოლზე, რის შემდეგაც წაართვა დანა და შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით დანა რამდენჯერმე გამოუსვა ყელში, რა დროსაც კისრის მიდამოში მიაყენა სამი ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა საძილე არტერიისა და კისრის ორგანოების დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას, რამაც მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა გამოიწვია და გ. ბ-ჩი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მ. ა-ემ მიატოვა შემთხვევის ადგილი და 2004 წლის 9 მარტს გამოცხადდა ბრალის აღიარებით ისანი-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოში.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ა-ემ და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. გ-ემ.
აპელანტმა - მსჯავრდებულმა მ. ა-ემ საჩივრით ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება თავის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. აპელანტი მიუთითებს დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობას, ითხოვს სათანადო შეფასება მიეცეს და ყურადღება მიექცეს მის ფიზიკურ ნაკლს, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
აპელანტმა _ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. გ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ლმობიერების მოტივით და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი სასამართლო განხილვისათვის. საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს დაზარალებულის უფლებამონაცვლემ უარი თქვა მიემართა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის მოთხოვნით და ითხოვა საქმის განხილვა გაგრძელებულიყო მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განაჩენით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის განაჩენი და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მ. ა-ძე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში. მ. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლთი და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ. ყ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელმაც ითხოვა უკანონო განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. გ-ძე შესაგებლით აღნიშნავს, რომ ძმის ოჯახის ამოხოცვით ა-ის შეშინება, იყო საკმარისი საფუძველი იმისა, რომ მას თავის თავზე აეღო დანაშაული. ა-ის მიერ მკვლელობის რეალურად ჩამდენი პირების ვინაობა გამოძიებას არ გადაუმოწმებია და არასწორად მიიჩნია ა-ის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების საფუძვლად. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მ. ა-ძე თავისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹--/-- თანახმად, მსჯავრდებულს ორივე ხელის მტევნის თითებზე მოძრაობა შეზღუდული და დაქვეითებული აქვს) ვერ შეძლებდა ზემოაღნინული დანაშულის ჩადენას. მ. ა-ის აღიარებითი ჩვენება არ გაითალისწინა არც სასამართლომ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. გ-ეს სააპელაციო სასამართლოს -
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ყ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განაჩენი მ. ა-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე გაიგზავნოს იმავე სასამართლოში ხელახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მ. ა-ის ქმედებას მისცა არასწორი შეფასება, როდესაც იგი გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ წინასწარ გამოძიებას ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება უპირობოდ არ გაუზიარებია და მისი ჩვენების გადამოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. მ. ა-ძე გაყვანილ იქნა შემთხვევის ადგილზე, სადაც დადასტურდა მის მიერ მიცემული ჩვენება, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ასევე სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუში, ფანარი, გ. ბ-ის ტანსაცმელი და საბუთები.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. ა-ეს შეუძლია დანის ხელში დაჭერა, თუმცა _ ნაწილობრივი გაძნელებით. ამასთან, გ. ბ-ის გვამზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაციის ხასიათის გათვალისწინებით, ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს შესაძლებლობას, მ. ა-ეს მიეყენებინა გ. ბ-სათვის ის დაზიანებები, რაზეც მითითებულია გ. ბ-ის გვამის გამოკვლევის აქტში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაიკითხნენ ექსპერტები _ ა. გ-ძე და პ. ჯ-ძე, რომლებმაც დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გ. ბ-ის გვამზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაციისა და ხასიათის გათვალისწინებით, მათ შესაძლებლად მიაჩნიათ, რომ მ. ა-ეს მიეყენებინა გ. ბ-სათვის ის დაზიანებები, რაც მითითებულია მისი გვამის გამოკვლევის აქტში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ, საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმისა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მ. ა-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით და ერთნაირი გულმოდგინებით გაარკვიოს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლო გამოძიებით მოპოვებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განაჩენი მ. ა-ის მიმართ და საქმე გაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.