შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1093აპ ქ. თბილისი
17 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დ. მ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 1 მარტს დ. მ-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ და მიენიჭა ---ის წოდება. კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, იგი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს --- ქვეითი ბრიგადის ---ის სამოსელით უზრუნველყოფის ---ად.
ხელშეკრულების გაფორმებისას დ. მ-ლი კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.6 პარაგრაფის თანახმად, გაფრთხილებული იყო სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებისა და დეზერტირობისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, რის მიუხედავად 2006 წლის 1 აგვისტოს, სამხედრო ნაწილის მეთაურის სათანადო ნებართვისა და ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე დროულად არ გამოცხადდა მოკლევადიანი შვებულებიდან სამსახურში ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით.
აღნიშნული ქმედებისათვის დ. მ-ლს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 28 სექტემბრიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; დ. მ-ლს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2262,50 ლარისა და 3,45 აშშ დოლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ტ-ამ. მან ითხოვა დ. მ-სათვის დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა და დამატებითი სასჯელის მთლიანად მოხსნა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის _ 2000 ლარის დაკისრების თაობაზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. გ-ნი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და უსამართლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
დ. მ-ლი კუთვნილი შვებულების გასვლის შემდეგ არ გამოცხადდა მძიმე ოჯახური პირობების გამო, კერძოდ, საქმეშია ცნობა, რომ მას დედა ჰყავდა ავთვისებიანი სიმსივნით ავად; სასამართლოს სასჯელის არჩევისას თავისუფლების აღკვეთა იმ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა, როდესაც ჩადენილი დანაშაული ან თვით დანაშაულის ჩამდენი პირი სერიოზული სოციალური საშიშროების მატარებელია; მოცემულ შემთხვევაში დ. მ-ლი ხასიათდება დადებითად; პირველადაა სამართალში; არის მშრომელი ახალგაზრდა; ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს; მზად არის, გააგრძელოს სამხედრო სამსახური; არ აქვს დამამძიმებელი გარემოებები; სასამართლოს შეუძლია, ისარგებლოს სსკ-ის 388-ე მუხლის შენიშვნით, გაითვალისწინოს ყველა გარემოება და დაადგინოს სამართლიანი განაჩენი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ხ. გ-ნი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და დ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა დ. მ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის ჩვენებები, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2006 წლის 1 აგვისტოდან იგი გაუშვეს მოკლევადიან შვებულებაში, საიდანაც არასაპატიო მიზეზით არ დაბრუნებულა. ამასთან, საქმეშია შეტყობინება და არაერთი გაფრთხილების ოქმი, რომელიც ჩაბარდა მსჯავრდებულის ძმას.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მსჯავრდებულისათვის თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასარჩელო განცხადება ეყრდნობა კონტრაქტის 7.3 მუხლს, რომლის მიხედვით თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში, მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ შეწყდეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, შემდეგი წესით: ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით და ა.შ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ითხოვდა იმ თანხას, რაც დაიხარჯა დ. მ-ზე კონტრაქტის დადების დღიდან მის თვითდათხოვნამდე, კერძოდ, გაცემულ ხელფასს და სანივთე ქონების დავალიანებას. მოსარჩელის განმარტებით, ესაა მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს.
პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლი არ გულისხმობს ხელფასის სახით გაცემული თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. ამ მუხლში ნათლადაა მითითებული, რომ თავდაცვის სამინისტროს ჯარიმის სახით უნდა აუნაზღაურდეს კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები და ისიც, სულ მცირე, ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამასთან, ხელშეკრულების 7.3 მუხლში მითითებული ჯარიმისა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანის გაიგივება დაუშვებელია.
რაც შეეხება სანივთე ქონების დავალიანებას, ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივების საფუძველზე სააპელაციო პალატის განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა გაუნახევრდეს სასჯელი და იმის გათვალისწინებით, რომ დ. მ-ლი სასჯელს იხდის 2006 წლის 28 სექტემბრიდან, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულ დ. მ-სათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 2262,50 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;
მსჯავრდებულ დ. მ-ლს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდეს და საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 3,45 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.