შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 27.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1104აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1104აპ 27 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. უ-ას დამცველის, ადვოკატ ა. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენით გ. უ-ვა, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილებითა და იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილების საფუძველზე _ თავისუფელების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. უ-ას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 23 სექტემბრიდან.

განაჩენის მიხედვით, გ. უ-ას მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, აგრეთვე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

გ. უ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

2005 წლის 19 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, განაწყენებული გ. უ-ვა, შურისძიების მიზნით, ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღით მიუვარდა თავის სიძეს – ჯ. კ-ას მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მან აღნიშნული იარაღის ერთი გასროლით იგი დაჭრა მარცხენა ფეხის წვივის ქვედა არეში, რის შედეგადაც ჯ. კ-ას მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. უ-ამ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ა. ჯ-ამ, რომლებიც თავიანთი საჩივრით ითხოვდნენ წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასიკეთოდ ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. უ-ას გამართლებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში, ასევე, საქართვლოს სსკ-ის 69-ე მუხლის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან მის განთავისუფლებას, დაზარალებულთან მისი შერიგების გამო.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, აგრეთვე, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ. ფ-ამ, რომელიც საჩივრით ითხოვდა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენის მსჯავრდებულ გ. უ-სთვის საუარესოდ შებრუნებას, კერძოდ, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, რაშიც იგი გამართლდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ასევე, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილებითა და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, ხოლო მისთვის სასჯელის ზომად 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ გ. უ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. უ-ას ადვოკატმა ა. ჯ-ამ, რომელიც საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განაჩენის გაუქმებასა და გ. უ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით შერაცხული ბრალდების ნაწილში _ იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული ბრალდების ნაწილში _ საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტის საფუძველზე დაზარალებულთან მისი შერიგების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. უ-ას მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. უ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით, თვით გ. უ-ას მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებით, რომლის მიხედვით, მან დაზარალებული ჯ. კ-ია დაჭრა გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც ისროდა ავტომატის ტყვიებს. აღნიშნული ჩვენება, რომელიც გამოქვეყნდა და გამოკვლეულ იქნა სასამართლოში საქმის განხილვისას, გ. უ-ამ მისცა ნებაყოფლობით, საპროცესო ნორმების დაცვით, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი ვერსია იმის თაობაზე, რომ დანაშაულის ჩასადენად მან გამოიყენა სანადირო თოფი. ასეთი ვერსია წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენებითაც არ დასტურდება და არც სხვა რაიმე მტკიცებულება მოიპოვება აღნიშნული ვერსიის სარწმუნოდ მიჩნევისათვის. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულია დაზარალებულ ჯ. კ-სათვის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის აღწერილობა, რომელიც თავისი ხასიათით შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს სანადირო თოფის გასროლით გამოწვეულ დაზიანებად. საყურადღებოა, რომ დაზიანება მიყენებულია სხეულის მხოლოდ ერთ ადგილზე _ ქვედა კიდურზე.

საკასაციო პალატას აღნიშნული დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. უ-ას მიმართ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით _ მიაჩნია სამართლიანად და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

ამასთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. უ-ას ნამდვილად აქვს ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამასთან გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარემოება, რომ დაზარალებული ჯ. კ-ია შეურიგდა გ. უ-ას და სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომლის მიხედვით, იგი პატიობს მსჯავრდებულს მის მიმართ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს გ. უ-ას პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას. ამის შესახებ პირდაპირ არის აღნიშნული გასაჩივრებულ განაჩენში. ამავე დროს, აღსანიშნავია ისიც, რომ გ. უ-ამ პირველად ჩაიდინა დანაშაული, ხოლო ამ დანაშაულისათვის სასჯელის მაქსიმალურ ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე. ამრიგად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა. ასეთ ვითარებაში საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს უარი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების ნაწილში მსჯავრდებულ გ. უ-ას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების თაობაზე, ვინაიდან ზემოაღნიშნული პირობების არსებობისას საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლით გათვალისწინებული ინსტიტუტის გამოყენების შემზღუდავ პირობებს კანონი არ აწესებს.

მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული გ. უ-ვა უნდა გათავისუფლდეს მის მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობისგან და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტისა, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. უ-ას სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. უ-ას დამცველის, ადვოკატ ა. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. უ-ას მიმართ, რომელიც დაზარალებულთან მისი შერიგების გამო საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობისაგან, ბრალდების ამ ნაწილში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

მსჯავრდებულ გ. უ-ას მოსახდელად დარჩეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.