ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 17.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1192აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1192აპ ქ. თბილისი

17 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ რ. და გ. კ-ების ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. კ-ას, მსჯავრდებულების _ რ. ჭ-სა და გ. ს-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ს-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენით:

გ. კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ» ,,დ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. კ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 5 ივლისიდან;

რ. კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. კ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 5, 6 ივლისი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 16 იანვრიდან. აღკვეთის ღონიძიება _ გირაო გაუქმდა და თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებული წესით;

გ. ს-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ს-ას სასჯელის მოხდა დაწეყო 2006 წლის 5 ივლისიდან;

რ. ჭ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ჭ-ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 5, 6 ივლისი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 16 იანვრიდან. აღკვეთის ღონიძიება _ გირაო გაუქმდა და თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებული წესით.

განაჩენით მსჯავრდებულების _ რ. და გ. კ-ების, რ. ჭ-სა და გ. ს-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 3 თებერვალს რ. კ-ძე, გ. კ-ძე, რ. ჭ-ია და გ. ს-ია სტუმრად იმყოფებოდნენ აბაშის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ზ. კ-ას ოჯახში. შეიტყვეს, რომ მათი ავტომანქანიდან მოპარული იყო მაგნიტოფონი. მათ ეჭვი მიიტანეს იქვე, ქუჩაში გაჩერებულ გ. თ-ას მართვის ქვეშ მყოფ, წითელი ფერის „ვაზ21011“ მარკის ავტომანქანაში მჯდომ გელა გუნიაზე. რ. კ-ემ, გ. კ-ემ, გ. ს-ამ და რ. ჭ-ამ, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, აბაშის რაიონის სოფელ ---ში, ---ის უბანში, გზა გადაუღობეს გ. თ-ას და არ მისცეს ავტომანქანით გადაადგილების საშუალება. ფიზიკური ძალის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენეს გ. თ-ას და გ. გ-ას, რის შედეგადაც მათ მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რა დროსაც გ. ს-ამ და გ. კ-ემ, გ. გ-ას წაართვეს 180 ლარად ღირებული ტყავის ქურთუკი და მასში არსებული 700 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ქურთუკი დახიეს და გამოუსადეგარი გახადეს. ამასთანავე, გ. ს-ამ გ. თ-ას ჟილეტის ჯიბიდან ამოაცალა 70 ლარი და მიითვისა. აღნიშნული ქმედების შემდეგ, გ. ს-ამ, გ. კ-ემ, რ. ჭ-ამ და რ. კ-ემ, გ. თ-სა და გ. გ-ას თავისუფალი გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რათა ისინი სურვილისამებრ არ წასულიყვნენ ქალაქ ფოთის მიმართულებით. იძულებით ჩასვეს რ. ჭ-ას მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში და წაიყვანეს საწინააღმდეგო მიმართულებით, აბაშის რაიონის სოფელ ---ში მდებარე ზ. კ-ას ოჯახში, სადაც წაუყენეს მოთხოვნა, თუ მაგნიტოფონს არ მოიტანდნენ, არ გაათავისუფლებდნენ.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულების _ რ. და გ. კ-ების ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. კ-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს რ. და გ. კ-ების გამართლებას მათი უდანაშაულობის მოტივით; კასატორი ალტერნატიული მოთხოვნის სახით ითხოვს რ. და გ. კ-ების დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით და მათთვის სასჯელის დანიშვნას მინიმუმთან მიახლოებული სანქციის ფარგლებში.

მსჯავრდებულების _ რ. ჭ-სა და გ. ს-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ს-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გათავისუფლებას; იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მათ გათავისუფლებას, კასატორი ალტერნატიული მოთხოვნის სახით ითხოვს რ. ჭ-სა და გ. ს-ას მიერ ჩადენილი ქმედების ზუსტ კვალიფიკაციასა და მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ მსჯავრდებულების _ რ. და გ. კ-ების, რ. ჭ-სა და გ. ს-ას მიერ მათთვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების _ გ. თ-ას, გ. გ-ას ჩვენებებით, მოწმე ზ. კ-ას ჩევენებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

რაც შეეხება მსჯავრდებულების _ გ. კ-სა და გ. ს-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, აღნიშნული დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივრები ხდის.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელები.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულები _ გ. კ-ძე და გ. ს-ია უნდა გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან. მსჯავრდებულებს _ გ. კ-სა და გ. ს-ას საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროთ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. კ-ძე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ გ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ს-ია გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებულ გ. ს-ას საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ რ. კ-სა და რ. ჭ-ას მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.