ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1286აპ ქ. თბილისი
17 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განაჩენით გ. ჩ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. ჩ-ლს ხარაგაულის სატყეო მეურნეობის სასარგებლოდ დაეკისრა 3615 ლარისა და 40 თეთრის გადახდა.
ხარაგაულის რაიონის სოფელ ---ში მდებარე ა. ჩ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლსა, ფართობით 400 კვ მეტრი და 0,8 ჰა მიწის ნაკვეთზე არსებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს მის მესაკუთრე ა. ჩ-ლს.
განაჩენით გ. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
გ. ჩ-მა 2004 წლის ნოემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ხარაგაულის რაიონის ---ის უბანში, 22-ე კვარტლის «---ის» უბანში, უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გაჩეხა 6,232მ3 3 ძირი ---ის ჯიშის ხე, რომელიც იქვე დაამუშავა, შემდეგ გაიტანა ტყიდან და მიიტანა თავის კუთვნილ სახეროხზე სოფელ ---ში. აღნიშნული ქმედებით მან ხარაგაულის სატყეო მეურნეობას მიაყენა 2056 ლარისა და 80 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი. იმავე თვეში გ. ჩ-მა კვლავ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა ხარაგაულის სატყეო მეურნეობის 322-ე კვარტალში, «---ის სერზე». მან ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოჭრა 13,29მ3 3 ძირი ---ის ჯიშის ხე, რითაც ხარაგაულის სატყეო მეურნეობას მიაყენა 1558 ლარისა და 60 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი. მან წიფლის სამი ცალი მორი გამოიტანა ტყიდან და ჩაიტანა სახერხზე, სადაც ცაცხვის მორებთან ერთად დახერხა და შემდეგ ფიცრები წაიღო ქ. თბილისში გასაყიდად. გ. ჩ-მა ხარაგაულის სატყეო მეურნეობას სულ მიყენა 3615 ლარისა და 40 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-სათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი, თავისი სახითა და ზომით იგი აშკარად შეუსაბამოა მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით სავსებით დადგენილია გ. ჩ-ის ბრალეულობა მასზე შერაცხულ დანაშაულში. გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.
რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ჩ-სათვის შეფარდებული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია, საკასაციო პალატა არ იზიარებს.
სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ გ. ჩ-ლი პირველადაა სამართალში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხასიათდება დადებითად, ,,--- ბანკის» 2007 წლის 27 მარტის გადახდის ქვითრის მიხედვით, გ. ჩ-ლს გადახდილი აქვს 1000 ლარი (ს.ფ.191). საკასაციო პალატა თვლის, რომ, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, გ. ჩ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს ზედმეტად ლმობიერად.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ჩ-ლი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან, რაც მას ჩათვლილი აქვს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ჩ-ლი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან, რაც მას ჩათვლილი აქვს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.