ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1423აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1423აპ 28 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. გ-სა და მსჯავრდებულ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენით ნ. მ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქარველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით, 118-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, 151-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ნ. მ-ლს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით მას მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

ნ. მ-ლი 1989 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ. უ-თან. მათ ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები. ოჯახი ცხოვრობდა მ. უ-ის დედის _ ე. კ-ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, ---ის ქუჩა ¹10-ში. უკანასკნელი წლების განმავლობაში ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც გამოიხატებოდა ნ. მ-ის მხრიდან მ. უ-სა და ე. კ-ის მიმართ სისტემატური ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის მიყენებაში, კერძოდ:

2006 წლის ნოემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ნ. მ-ლი ნასვამი მივიდა სახლში და სრულიად უმიზეზოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლე მ. უდ-ლს და სიდედრ ე. კ-ლს, დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით და შეეცადა ეზოში მოძიებული რკინის ნაჭერი დაერტყა მათთვის, რისი საშუალებაც მას არ მისცა მისმა ვაჟმა _ გ. მ-მა.

2006 წლის 22 დეკემბერს ნ. მ-ლი კვლავ ნასვამი მივიდა სახლში, სადაც სრულიად უმიზეზოდ, ფეხის დარტყმით ჩაამტვრია სამზარეულოს კარის მინა, იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და მეუღლეს _ მ. უ-ლს დაუწყო ცემა, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით სიდედრს – ე. კ-ლს, ცდილობდა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის, რისი საშუალებაც მას არ მისცა ძმამ – მ. მ-მა.

2006 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ნ. მ-ლი კვლავ ნასვამი დაბრუნდა სახლში და უმიზეზოდ ცემა სიდედრს _ ე. კ-ლს, დაუზიანა მას მარჯვენა ხელი და მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, იმავდროულად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს _ მ. უ-ლს, რომელმაც აღნიშნულის შემდეგ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ამასთან, დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით, რაც ე. კ-მა და მ. უ-მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. მ-მა და მოითხოვა მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება. აღნიშნული განაჩენი ასევე გაასაჩივრა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ნ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შესაბამისად სასჯელის გამკაცრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. პროკურორმა ითხოვა განაჩენის გაუქმება ლმობიერების მოტივით, საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად მსჯავრდებულის ქმედების სსკ-ის 118-ე მუხლის III ნაწილით დაკვალიფიცირების მიზნით.

განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე მსჯავრდებულმა ნ. მ-მა, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება, საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად ან სასჯელად ჯარიმის შეფარდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას საქმის ხელახლა განსახილველად სასამართლოში დაბრუნების შესახებ მსჯავრდებულის ქმედების სსკ-ის 118-ე მუხლის III ნაწილით დაკვალიფიცირების მიზნით, უსაფუძვლობის გამო. პალატა თვლის, რომ ქმედების სსკ-ის 118-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის უნდა არსებობდეს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, ხოლო აღნიშნულ გარემოებებს საქმის მასალების მიხედვით ადგილი არ ჰქონია.

პალატა ასევე არ ეთანხმება მსჯავრდებულ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდების თაობაზე, რადგან სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის ყველა შემამსუბუქებელი გარემოება.

განაჩენით მსჯავრდებულ ნ. მ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული და არ არსებობს განაჩენის გაუქმების საფუძველი.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ნ. მ-ლი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა, „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ნ. მ-ლი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ნ. მ-ლს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.